Thumbnail

მაილი საირუსი განმარტავს, რატომ აღარ არის ვეგანი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი ექვსი წლის განმავლობაში ვეგანი იყო, რის შემდეგაც გადაწყვიტა, კვების რაციონში ზღვის პროდუქტები დაემატებინა. ამის მიზეზი მან პლატფორმა Spotify-ს პოდკასტში The Joe Rogan Experience სტუმრობისას განმარტა.

მაილი საირუსმა და ბილი აიდოლმა Super Bowl-ის დაწყებამდე ორი სიმღერა შეასრულეს

ნახეთ: მაილი საირუსი გადაცემაში Tiny Desk Concert

მაილი საირუსი პასუხობს კითხვას, თუ როგორ უნდა, რომ ხალხს დაამახსოვრდეს

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ვეგანი და მომიხდა, ჩემს ცხოვრებაში თევზეული და ომეგას ტიპის ცხიმმჟავები შემომეტანა, რადგან ჩემი ტვინი ძველებურად აღარ ფუნქციონირებდა. ახლა გაცილებით სხარტი აზროვნება მაქვს, ვიდრე მანამდე. ვფიქრობ, კვების უკმარისობას განვიცდიდი. მახსოვს Glastonbury-ს გამოსვლა, მართალია, ჩემი ეს პერფორმანსი ძალიან მომეწონა, მაგრამ მაშინ საოცრად ძალაგამოცლილი ვიყავი", - აღნიშნა მაილიმ.

2020 წელს ახალზელანდიურ რადიოშოუში The Edge სტუმრობისას მუსიკოსმა განმარტა, რომ ვეგანური ცხოვრების არჩევისას მნიშვნელოვანია, ისეთ მიდგომას მივაგნოთ, რომელიც ჩვენზე ოპტიმალურად იმუშავებს. საირუსის თქმით, მან ეს ვერ შეძლო.

"ვფიქრობ, ცხოვრება სწორედ ესაა - მუდმივი მცდელობები, შეცდომების დაშვება და იმის მიგნება, რაც ჩვენ ყველაზე უკეთ შეგვეფერება. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სხვებისთვის იმის გაზიარება უყვარს, რაც საკუთარ თავზე წარმატებით გამოსცადა. მაგრამ, როდესაც რაღაცის მაგალითი ხდები, ეს გარკვეულწილად წნეხად გაწვება. როცა ვეგანი ვიყავი, სხვების კვებაზეც ვნერვიულობდი და მათ რაციონს კრიტიკულად ვაფასებდი. ნამდვილად ზედმეტი მომდიოდა, როცა ვცდილობდი, სხვა ადამიანებზე გავლენა მომეხდინა. ჩემი კვების შედეგები საკუთარ თავზე გამოვცადე, თავს კარგად ნამდვილად არ ვგრძნობდი. თუ ვეგანური ცხოვრების სტილში ისეთ მიდგომას მივაგნებ და დავეუფლები, რომელიც საშუალებას მომცემს, 110 პროცენტით დავიხარჯო, იდეალური იქნება, უბრალოდ, მე აქამდე ვერ მივედი", - აღნიშნა მაილიმ.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული