Thumbnail

კრისტინა აგილერა: ამ სიმღერაში აღებულმა მაღალმა ნოტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, კრისტინა აგილერა პირველად ტელეეკრანებზე Disney Channel-ის სერიალში The Mickey Mouse Club გამოჩნდა, რომელშიც ასევე ბრიტნი სპირსი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და რაიან გოსლინგი მონაწილეობდნენ. თუმცა, კრისტინას ოცნება არა მსახიობობა, არამედ მომღერლობა იყო, რისკენაც ნაბიჯი 1997 წელს გადადგა, როცა ლეიბლთან RCA Records გააფორმა კონტრაქტი დემო ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, არავინ იცოდა, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, რომ არა სიმღერა, რომელიც მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ამის შესახებ თავად აგილერამ 1999 წელს ჟურნალ Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

კრისტინა აგილერა: არ მგონია, რომ მადონას კოცნით რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე

მუსიკოსის თქმით, მის პროდიუსერს მეგობარმა დაურეკა კომპანია "დისნეიდან" და უთხრა, რომ ახალგაზრდა შემსრულებელს ეძებდა, რომელიც მესამე ოქტავის მი ბემოლის აღებას შეძლებდა. იმ პერიოდში, კრისტინას უიტნი ჰიუსტონის სიმღერის Run To You ქავერი ჰქონდა ჩაწერილი, რომლის მელოდიაც ხსენებულ ნოტს მოიცავდა, შესაბამისად, გადაწყვიტა, ბედი ეცადა. აგილერა ანიმაციური ფილმის Mulan საუნდტრეკის Reflection პოპ ვერსიის შემსრულებლად აირჩიეს. სინგლი 1998 წელს გავრცელდა, როცა კრისტინა 17 წლის იყო და ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ არტისტმა ის მომავალ წელს გავრცელებულ სადებიუტო ალბომში Christina Aguilera შეიტანა.

"მესამე ოქტავის მი ბემოლი - ეს ის ნოტია, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა", - აღნიშნა Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში მუსიკოსმა, რომელსაც RCA Records-მა სწორედ ამის შემდეგ გაუფორმა სრულფასოვანი კონტრაქტი.

კრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ცნობილმა გამოცემამ Time მუსიკოსი 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 2018 წელს აგილერამ მსმენელებს რიგით მერვე სტუდიური ალბომი Liberation შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ის საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული