Thumbnail

2021 წლის ოქროს გლობუსის ნომინაციებიდან Sia-ს ფილმის მოხსნას მოითხოვენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ვებგვერდზე change.org პეტიცია გავრცელდა, რომლის ხელმომწერებიც ცნობილი ავსტრალიელი მუსიკოსის, Sia-ს რეჟისორობით გადაღებული ფილმის Music ოქროს გლობუსის ნომინაციიდან მოხსნას მოითხოვენ. მიმართვაში, რომელსაც უკვე 86 ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ნათქვამია, რომ ნამუშევარი არა მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს აღრმავებს, არამედ ფილმის ხილვა მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ნახეთ: Sia კომპოზიციაზე Hey Boy შექმნილ ანიმაციურ ვიდეოკლიპს ავრცელებს

"სიას სადებიუტო ფილმი Music უკიდურესად დისკრიმინაციულია და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების შესახებ მავნე სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს. სიას განაცხადებით, ეს ფილმი "სიყვარულით აღსავსე გზავნილია", თუმცა, მისი მუსიკალური მონაკვეთები სავსეა ციმციმა განათებებით, ფერებით, მაღალი ხმებითა და კამერის სწრაფი მოძრაობებით, რაც ზედმეტად მასტიმულირებელია. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთს ეპილეფსია აქვს, ასე რომ, ამ კადრების ხილვა შესაძლოა, შეტევის გამომწვევიც გახდეს. ის ასევე არაკომფორტული საყურებელია მათთვისაც, ვისაც ეპილეფსია არ აქვს. იმის მიუხედავად, რომ თითქოს ეს ფილმი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის არის გადაღებული, სიამ მას ისეთი სახე მისცა, რომ ჩვენს უმეტესობას მისი ნახვა არ შეუძლია", - წერს პეტიციის ავტორი, ნინა სკოვ ჯენსენი.

პეტიციაში ყურადღება ასევე მახვილდება სამსახიობო გუნდზე. უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს მედი ზიგლერი ასრულებს, რომელიც სიას მრავალი წლის პარტნიორია.

"სიამ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანის როლზე მედი ზიგლერი აირჩია, რაც იმით ახსნა, რომ "მის გარეშე მუშაობა ვერ წარმოუდგენია". ეს არ არის საკმარისი მიზეზი საიმისოდ, რომ აუტიზმის თემაზე გადაღებულ ფილმში ასეთი ადამიანები არ ათამაშო. მისი ნაბიჯი ხელს უწყობს მოსაზრების განმტკიცებას, რომ ისინი საკმარისად კარგები არ არიან. თუ ზიგლერის შესრულებას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა სტერეოტიპულ იმიტირებას ახდენს ზუსტად ისე, როგორც ამას მათი დაცინვისას აკეთებენ ხოლმე. როგორც ჩანს, მან იუთუბზე იმ ვიდეოებს უყურა, რომლებიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მძიმე მომენტებს ასახავს და მშობლებმა ისინი საკუთარი შვილების ნებართვის გარეშე ატვირთეს", - წერია მიმართვაში.

სიამ გასული წლის ნოემბერში ტვიტერზე დაწერა, რომ თავდაპირველად ამ როლზე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გოგონა შეარჩია, თუმცა, საბოლოოდ, მსახიობის შეცვლა მოუხდა.

"სინამდვილეში, ვეცადე აუტისტური სპექტრის მქონე ლამაზ, ჟესტურ ენაზე მოსაუბრე გოგონასთან მუშაობა, რაც მისთვის უკიდურესად არასასიამოვნო და სტრესული აღმოჩნდა. ამიტომ დავამტკიცეთ როლზე მედი", - წერდა ის.

რამდენიმე დღის წინ კი მუსიკოსმა ტვიტერზე ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ფილმიდან რამდენიმე სცენის ამოჭრას აპირებდა. ამის შემდეგ მან ტვიტერის გვერდი გააუქმა.

"ვწუხვარ, არასწორ ადამიანებს ვუსმენდი. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც ჩანს, საკმარისი ინფორმაცია არ მოვიძიე და ისე სიღრმისეულად არ გავეცანი საკითხს, როგორც საჭირო იყო".

სიას სადებიუტო ნამუშევარი ოქროს გლობუსზე საუკეთესო მიუზიკლის კატეგორიაშია წარდგენილი; მსახიობი ქეით ჰადსონი კი მიუზიკლში ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაასახელეს ნომიმანტთა შორის.

სიამ კარიერა ეისიდ ჯაზ ბენდ Crisp-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის ასევე ბრიტანული დუეტის, Zero 7-ის წევრი იყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება 2014 წელს გამოშვებულმა სინგლმა Chandelier მოუტანა, რომლის ვიდეოკლიპმაც იუთუბზე 2,3 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ამერიკელ პროდიუსერ Diplo-სა და ინგლისელ არტისტ Labrinth-თან ერთად სუპერჯგუფში LSD ერთიანდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული