Thumbnail

კაცი თბილისიდან - Тhe Rolling Stones-ის თითქმის მენეჯერის ისტორია

დიმიტრი ლიპარტელიანი პროფილის ფოტო
დიმიტრი ლიპარტელიანი

ჯორჯ ჰარისონი ნიჭიერთა შოუს საპატიო ჟიურიში იჯდა და მოყვარულ შემსრულებლებს უსმენდა. მართალია, The Beatles-ის სადებიუტო ალბომი სულ რაღაც ორი თვის გამოსული იყო, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ლივერპულურ ოთხეულს ხელში ოქროს ბილეთი ეჭირა. ვინც ამ ამბის გამო საკუთარ თავზე გამწარებული თავბედს იწყევლიდა, ახლა ჰარისონის გვერდით იჯდა და გამომსვლელთა შორის მომავალი ვარსკვლავების გამოვლენით იყო დაკავებული. ერთი წლით ადრე "ბითლზს" კონტრაქტის გაფორმება სწორედ მის ლეიბლთან სურდა, სტუდიაში 15-სიმღერიანი დემო სესიაც კი ჰქონდათ, მაგრამ Decca Records-ის ხელმძღვანელს, დიკ როუს სამოციანების მუსიკალური მომავალი სხვაგვარად წარმოედგინა. ახლა კი აცნობიერებდა, რომ მწარედ შეცდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო - მას იმ ადამიანის იარლიყი ჰქონდა მიკრული, ვინც "ბითლზი" დაიწუნა. ამიტომ, სხვა აღარაფერი დარჩენოდა, იჯდა და ისეთი მუსიკოსების შერჩევას ცდილობდა, ყველაზე მეტად რომ ემსგავსებოდნენ ჯგუფს, რომელზეც უარი ცოტა ხნის წინ თავადვე თქვა.

რამდენიმე კონკურსანტის მოსმენის შემდეგ ჰარისონმა და როუმ მათი განხილვა დაიწყეს. ჯორჯი დიდად აღტაცებული არ ჩანდა და ეს საუბარშიც არ დამალა. მისი თქმით, ვერცერთი გამომსვლელი შეედრებოდა ლონდონურ ჯგუფს სახელწოდებით Тhe Rolling Stones, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მოუსმინა. დიკ როუსთვის ეს იმ მინიშნებას ჰგავდა, ბედი რომ ხელახლა უგზავნიდა. მან ჰარისონს დეტალურად გამოჰკითხა, სად შეეძლო ამ ახალგაზრდების ნახვა. ჯორჯმა ის Crawdaddy Club-ში გადაამისამართა. აჟიტირებული როუ ადგილიდან წამოხტა, პალტოს ხელი დასტაცა და კარში გავარდა. როგორც ჰარისონი იხსენებდა, რაღაც მომენტში მან ყურადღება სხვა მხარეს მიაპყრო და როდესაც საუბრის გასაგრძელებლად დიკს მიუბრუნდა, დაინახა, რომ მისი სკამი ტრიალებდა, თვითონ როუ კი აღარსად ჩანდა. ეს უკანასკნელი საღამოს უკვე ლონდონში იყო, ხალხით გადაჭედილ კლუბში წინა რიგში იდგა და "როლინგების" გამოსვლას უსმენდა.

Тhe Rolling Stones-ის კონცერტი Crawdaddy Club-ში. 1963 წელი

ხალხმრავლობა Crawdaddy Club-ისთვის უცხო აღარ იყო და ეს იმას მოასწავებდა, რომ ბრიტანული მუსიკის სამყაროში ძირეული ცვლილებები იწყებოდა. იქაური ბლუზის სცენა მსმენელის სიმრავლით განებივრებული არ იყო, რის გამოც ამ ჟანრის მოყვარულები კვირას ან სამშაბათს უნდა დალოდებოდნენ. კომერციულად ორივე დღე წამგებიანი იყო - ხელფასები პარასკევობით გაიცემოდა და ლონდონელები მას კლუბებსა თუ პაბებში იმავე, ან მომდევნო დღეს ხარჯავდნენ. კვირას ყველას მშვიდი დასვენება ერჩია და შესაბამისად, კლუბებიც ცარიელდებოდა, მათი მფლობელები კი სივრცეს ბლუზ შემსრულებლებს უთმობდნენ.

ადგილობრივი ბლუზ სცენა მის ამერიკულ ანალოგს კი ჩამოჰგავდა, მაგრამ ორგანულად მაინც ბრიტანული მოვლენა გახლდათ. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ბლუზი, როგორც ტრადიციული ამერიკული მუსიკა, აფროამერიკული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, ჟანრისთვის დამახასიათებელი სიღრმე და თავისუფლებისკენ ლტოლვა კი უცხო არც იმ ბრიტანელი ახალგაზრდებისთვის იყო, რომლებსაც ამერიკა უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანად მიაჩნდათ. მათ სამშობლოში წარმატებისკენ მიმავალი გზა ელიტურ განათლებაზე გადიოდა, რომლის გარეშეც კონსერვატიულ საზოგადოებაში წინსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამიტომ, ადრეული 1960-იანი წლების დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადმოსახედიდან შეერთებული შტატები გაცილებით თავისუფალი და ლაღი ჩანდა. ლონდონური ბლუზიც ამ მოცემულობის ერთგვარი ანარეკლი გახლდათ. თუმცა, ამერიკელი არტისტების მიერ შექმნილი კომპოზიციების შესრულებისას, ბრიტანელები ცდილობდნენ, ნაწარმოები ორიგინალთან მაქსიმალურად მიმსგავსებულად კი არ დაეკრათ, არამედ მხოლოდ მისი ხასიათი დაეჭირათ.

Тhe Rolling Stones-ის კონცერტი Crawdaddy Club-ში. 1963 წელი

ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით, რიჩმონდის რკინიგზის სადგურის სასტუმროს უკანა ოთახი ბლუზის საღამოებისთვის იდეალური სივრცე იყო. "როლინგ სთოუნზი" იქ 1963 წლის თებერვლიდან უკრავდა. მას შემდეგ, რაც ერთ კვირა საღამოს დიდთოვლობის გამო გზაში გაჭედილმა დეივ ჰანთის ბენდმა დაგეგმილ კონცერტზე მისვლა ვერ შეძლო, პოლინდრომული სახელით BRRB ცნობილი კლუბის მფლობელს, ჯორჯიო გომელსკის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა მოუხდა. სწორედ ასე აღმოჩნდენ სცენაზე მიკ ჯაგერი და მისი მეგობრები. ახალგაზრდა მუსიკოსების გამოსვლა უფრო ენერგიული და ხალასი გამოდგა. აშკარა იყო, რომ დამსწრეთა აცეკვებაც წინამორბედებზე გაცილებით უკეთ გამოსდიოდათ. ამიტომ, გომელსკიმ მათ თანამშრომლობა შესთავაზა. თავის კონცერტებს "როლინგები" ყოველთვის ბო დიდლის სიმღერით Doing the Crawdaddy ასრულებდნენ, რამაც ჯორჯიოს გადააწყვეტინა, საკუთარი დაწესებულებისთვის სახელი შეეცვალა. ასე დაიბადა Crawdaddy Club. ამ გათვლამ გაამართლა - კვირა და სამშაბათი კლუბში ხალხმრავალ დღეებად იქცა.

ჯორჯიო გომელსკის ბიოგრაფიას თავისებური იდუმალი ელფერი დაჰკრავდა. მისი მამა რუსი ებრაელი, დედა კი წარმოშობით მონაკოდან იყო. გარემოებათა უცნაური დამთხვევით, ეს ორი პიროვნება ერთმანეთს საქართველოში შეხვდა. მათი ოჯახიც აქ შეიქმნა. ჯორჯიო კი 1934 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. ამის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლებმა პატარას ჯორჯიო კი არა, შეიძლება, სულაც გიორგი დაარქვეს. სტალინურმა რეპრესიებმა გომელსკები იძულებული გახადა ქვეყანა დაეტოვებინათ. მათ წითელ ტერორს ჯერ ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ კი ევროპაში გაქცევით დააღწიეს თავი. მოგვიანებით, ეს ხანგრძლივი მოგზაურობა მისტიკურ შინაარსს შეიძენს და ბევრს ეს ისტორია რამდენადმე განსხვავებულად დაამახსოვრდება, თითქოს, გომელსკი ოდესიდან გენუისკენ მიმავალ გემზე დაიბადა, მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა.

ჯორჯიო გომელსკი კლუბში Marquee. 1964 წელი

საქართველოდან ემიგრირირებული გომელსკები ჯერ იტალიაში, ხოლო 1944 წლიდან შვეიცარიაში სახლდებიან. ჯორჯიოს მამა ექიმად მუშაობს, თავად ის კი განათლებას ჯერ ანკონაში, ბენედიქტელთა სკოლაში, შემდეგ კი ჰასლიბერგის სკოლა-ინტერნატში იღებს. მალე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდებიან. დედა სამუშაოდ ლონდონში გადადის, საიდანაც შვილს რეგულარულად მუსიკალურ ჟურნალებსა და ფირფიტებს უგზავნის. ომის შემდგომ ევროპაში ველოსიპედით მოგზაურობის, ჯაზ ტრიოში დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრისა და შვეიცარულ არმიაში სავალდებული სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, 1955 წელს ჯორჯიო საცხოვრებლად ლონდონში ჩადის და იქაურ მუსიკის სამყაროში მთელი ინტერესით ეშვება. იღებს ფილმებს დიდი ბრიტანეთის ჯაზის სცენაზე და მუშაობს ამ ჟანრის მიმომხილველად. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ბლუზი თავის პირველ ნაბიჯებს დგამს, გომელსკის არტისტულ წრეებში უკვე უამრავი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს. ის ყოველ ხუთშაბათს ბლუზის საღამოებს აწყობს, შემდეგ კი რკინიგზის სადგურის სასტუმროში სივრცეს ქირაობს და საკუთარ კლუბს ხსნის.

გომელსკი მიხვდა, რომ ყოველ უიქენდზე კლუბში დასაკრავად ახალი ჯგუფების დაქირავებაზე უფრო იაფი ერთი კოლექტივის აყვანა ჯდებოდა. ვინაიდან მაშინ მუსიკალური ბენდების მენეჯერს მხოლოდ საორგანიზაციო საქმეების მოგვარება ევალებოდა, ჯორჯიო თავს ავტომატურად The Rolling Stones-ის მენეჯერად მიიჩნევდა. თუმცა, ზეპირი შეთანხმების მიუხედავად, როდესაც მუსიკოსებთან ენდიუ ლუგ ოლდმენი მოვიდა, კონტრაქტი სწორედ მასთან გააფორმეს. მიკ ჯაგერი ფიქრობდა, რომ ისინი ზედმეტად კარგები იმისთვის, რომ ყველაფერი ჯორჯიო გომელსკის ხედვისთვის მიენდოთ. "როლინგების" აზრით, ის მეტისმეტად ვიწრო იყო, მათ კი უფრო ფართო ასპარეზი სჭირდებოდათ. ამიტომაც, ლივერპულიდან ლონდონში გამოქცეულმა დიკ როუმ მუსიკოსებს გომელსკის კლუბში კი მოუსმინა, მაგრამ ჩაწერაზე ხელშეკრულება სწორედ ენდრიუ ლუგ ოლდმენთან გააფორმა. კით რიჩარდსი ამბობდა, რომ ამ ამბავმა ჯორჯიოზე ძალიან იმოქმედა და შესაძლოა, მან დაშვებული შეცდომა საკუთარ თავს ვერასდროს აპატია.

Тhe Rolling Stones-ის ვოკალისტი, მიკ ჯაგერი და ჯორჯიო გომელსკი ჯგუფის დრამერის, ჩარლი უოტსის ფონზე. 1964 წელი

ახალ გარემოსა და სიტუაციაში ადაპტაცია გომელსკის კარგად გამოსდიოდა. "როლინგების" შემცვლელი მან სწრაფადვე იპოვნა და წარსულის მწარე გამოცდილებაც გაითვალისწინა - კონტრაქტი თავისი ხელით შეადგინა და ერიკ კლეპტონის ჯგუფის The Yardbirds პირველი მენეჯერი გახდა. ამჯერად ის უფრო აქტიურად იყო ჩართული კოლექტივის შემოქმედებით საქმიანობაში. იძლეოდა რჩვებს ჩაცმის სტილზე, იყო ემოციური მოტივატორი და მუსიკოსებს უფრო მეტი ექსპერიმენტისკენ უბიძგებდა. როგორც ირკვევა, სწორედ გომელსკიმ შეარქვა ერიკ კლეპტონს "სლოუჰენდ". კონცერტების დროს ეს უკანასკნელი გიტარის სიმებს ხშირად წყვეტდა და სიმღერებს შორის პაუზისას მათ შეცვლას იწყებდა. ამის შემყურე აუდიტორია კი ნელი, რითმული ტაშის კვრას იწყებდა. ჯორჯიო კლეპტონის სწრაფ ტექნიკას ყოველთვის ხაზს უსვამდა და უკვე რიტუალად ქცეულმა ტაშმა მას მეტსახელის იდეაც ჩააგონა. გომელსკის ხუმრობა ერიკმა თავისი მეხუთე სოლო ალბომის სახელწოდებად შეარჩია. 1977 წელს გამოცემული Slowhand მის დისკოგრაფიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს, როგორც მუსიკალური თვალსაზრისით, ასევე გაყიდვების მხრივ.

ჯორჯიო გომელსკი სტუდიურ მუშაობაშიც აქტიურად იყო ჩართული. სწორედ მან დაწერა "იარდბერდსის" სიმღერა Got To Hurry. ჩანაწერის გარეკანზე ავტორის გრაფაში ის ოსკარ რასპუტინის ფსევდონიმითაა მოხსენიებული. გომელსკი ასევე ჯგუფის სამი ალბომისა და მუსიკალური ჩარტების საუკეთესო ათეულში მოხვედრილი პირველი სინგლის For Your Love პროდიუსერია. კომპოზიციის, რომელიც კოლექტივისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა. მისი ჟღერადობა ბლუზისგან საკმაოდ შორს იდგა და მეინსტრიმული პოპ როკისკენ იხრებოდა. ამგვარი პოზიციონირება მიუღებელი აღმოჩნდა კლეპტონისთვის, რომლისთვისაც ცხოვრების იმ ეტაპზე კომერციული წარმატების დევნა და ბლუზმენობა შეუთავსებელი ცნებები იყო. ერიკის აზრით, ჯგუფი სხვა მიმართულებით მიდიოდა, თავად მას კი მუსიკაში სხვა ინტერესები ამოძრავებდა. შედეგად, სინგლის გამოსვლის დღეს ერიკ კლეპტონმა "იარდბერდსის" შემადგენლობა დატოვა და მალევე ჯონ მეიოლსა და მის Bluesbreakers-ს შეუერთდა.

ჯორჯიო გომელსკი და ჯგუფის The Yardbirds წევრები: პოლ სემუელ-სმიტი, კრის დრეია, ჯიმ მაკკარტი, ერიკ კლეპტონი და კით რელფი. 1965 წელი

თავის შემცვლელად კლეპტონმა რეკომენდაცია მეგობარს, ახალგაზრდა სესიურ გიტარისტს, ჯიმი პეიჯს გაუწია, თუმცა ამ უკანასკნელმა შემოთავაზებაზე უარი თქვა და ჯგუფის წევრებს მუსიკის კიდევ ერთი მომავალი ლეგენდის, ჯეფ ბეკის კანდიდატურა შესთავაზა. მოგვიანებით ის "იარდბერდსში" დაკვრას მაინც დათანხმდება და დიდი რეორგანიზაციაც დაიწყება. ხანგრძლივი, მტკივნეული პროცესის გავლით კოლექტივი Тhe New Yardbirds-ად ტრანსფორმირდება, მის შემადგენლობაში პეიჯთან ერთად რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი აღმოჩნდებიან და საბოლოოდ ყველაფერი Led Zeppelin-ის შექმნით დასრულდება. ჯგუფს საკუთარ კლუბში პირველი კონცერტების ორგანიზებაში სწორედ გომელსკი ეხმარება.

1960-იან წლების ბრიტანული მუსიკის სცენაზე ჯორჯიო გომელსკის ხელი თითქმის ყველგან იგრძნობოდა. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც "როლინგ სთოუნზის" შესახებ წერა დაიწყო. სწორედ მისმა პუბლიკაციებმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ჯგუფის ადრეულ წარმატებაში. გომელსკის დამსახურებაა, ასევე, რიჩმონდის ჯაზ ფესტივალის მუსიკალური თვალსაწიერის გაფართოვება, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ჯაზისა და ბლუზისადმი მიძღვნილ ღონისძიებად გადაკეთდა და საბოლოოდ, იქცა იმად, რასაც ახლა რედინგის ფესტივალს ვუწოდებთ. "ბითლზის" კარიერის დასაწყისში ჯორჯიო მათი ლონდონელი მასპინძელი გახლდათ. სწორედ მან გააცნო ლივერპულელებს "როლინგები". მისი დახმარებით აიდგა ფეხი ჯგუფმა Тhe Animals და მის მიერ დაარსებულ ლეიბლზე Marmalade Records გამოიცა ჯონ მაკლაფლინის სადებიუტო ალბომი Extrapolation, რომლის პროდიუსერადაც, რა თქმა უნდა, გომელსკი მოგვევლინა

ჯორჯიო გომელსკი, ერიკ კლეპტონი და ინგლისელი მწერალი, ლორდ ტედ უილისი. 1964 წელი

კარიერის დასაწყისში გომელსკის ხელში გაიარეს ისეთმა ჯგუფებმა, როგორიცაა Graham Bond ჯეკ ბრუსისა და ჯინჯერ ბეიკერის შემადგენლობით, რომლებიც მოგვიანებით ერიკ კლეპტონთან ერთად პირველ სუპერჯგუფს Cream, ჩამოაყალიბებენ, Steampacket როდ სტიუარტითა და ლონგ ჯონ ბოლდრით, Soft Machine და სხვა. ის აქტიურად იწერდა ამ კოლექტივების დემო სესიებსა თუ ლაივ პერფორმანსებს, რომლებიც მსმენელთა ყურამდე წლების შემდეგ აღწევდნენ. არტისტთა ნაწილს ეს გულზე დიდად არ ეხატებოდა, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით, ეს ჩანაწერები ფასდაუდებელია. მაგალითისთვის, "სოფთ მეშინის" 1967 წლის დემოებიდან ჩანს, რომ ჯგუფი ლირიკულ ტექსტებზე ორიენტირებულ ფსიქოდელიურ პოპს უკრავდა, რაც სრულიად განსხვავდება მათი 1968 წლის ავანგარდული დებიუტისგან. დღევანდელი გადმოსახედიდან ნათლად ჩანს, რომ ჯორჯიო გომელსკი ის ადამიანი იყო, ვინც ხვდებოდა, რომ მის თვალწინ მუსიკის ისტორია იქმნებოდა და ეს შესაბამისად უნდა ყოფილიყო დოკუმენტირებული.

1970 წელს გომელსკი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც ის პროგრესივ ჯაზ როკ ბენდების შემოქმედებამ გაიტაცა. თავდაპირველად ჯორჯიო "სოფთ მეშინის" ჩაწერისას გაცნობილი დევიდ ალენის ახალი ჯგუფის, Gong-ის ალბომების პროდიუსინგით დაკავდა, შემდეგ კი კრისტიან ვანდერისა და მისი Magma-ს მენეჯერი გახდა. კოლექტივის რთული, პოლირიტმული კომპოზიციები გამოგონილი პლანეტა კობაიას ენაზე სრულდებოდა. ასეთი მუსიკის გაყიდვა ძალზე რთული საქმე იყო, მაგრამ გომელსკის მეცადინეობით, ჯგუფმა ლეიბლთან A&M კონტრაქტი გააფორმა და თავისი საკულტო კონცეპტუალური ჩანაწერი Mëkanïk Dëstruktïẁ Kömmandöh გამოუშვა, რომლის პროდიუსერიც ასევე ჯორჯიო იყო.

გომელსკი მუშაობდა ფრედ ფრითისა და ტიმ ჰოჯკინსონის ჯგუფთან Henry Cow, რომელიც ლეგენდარული მუსიკალური მოძრაობის Rock in Opposition სათავეებთან იდგა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფრანგული ალტერნატიული სცენის ჩამოყალიბებაში, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ეძებდა სივრცეებს, სადაც პროგრესულ როკს მძლავრი ტრიბუნა მიეცემოდა. სწორედ მისი დამსახურებაა ქვეყანაში გერმანული კრაუტროკ კოლექტივების Can, Amon Duul II, Agitation Free და ბრიტანული კენტერბერული სცენის წამყვანი ჯგუფების Caravan და Hatfield and the North პოპულარიზება.

ჯორჯიო გომელსკი  ნიუ იორკში მდებარე საკუთარ სტუდიაში.

გომელსკის შოუბიზნესში მოღვაწეობა მისი ცხოვრებისეული კრედოს გარშემო ტრიალებდა - თუ მის მიერ წამოწყებული საქმე მეინსტრიმს უახლოვდებოდა, ჯორჯიო ინტერესს მაშინვე კარგავდა და ახალ პროექტს იწყებდა. მისი ბიოგრაფია თითქოს ფულისა და პოპულარობისგან გაქცევის მცდელობებისგან შედგება. ასე მოხდა მაშინ, როდესაც ლონდონიდან პარიზს მიაშურა და მაშინაც, როცა 1978 წელს პარიზიდან ნიუ იორკში ამოყო თავი, სადაც ერთკვირიანი ვიზიტი ცხოვრების ბოლომდე გაუგრძელდა. იქ ის ისევ იმას აკეთებდა, რაც, ალბათ, ყველაზე კარგად გამოსდიოდა - კურირებდა მუსიკალურ ფესტივალს, მიჰყავდა სატელევიზიო შოუ და ეძებდა ნიჭიერ შემსრულებლებს, რომლებსაც კარიერის დაწყებაში ეხმარებოდა. 1990-იან წლებში სწორედ მის კლუბში შედგა ახალგაზრდა ჯეფ ბაკლის პირველი კონცერტები.

81 წლის ჯორჯიო გომელსკი 2016 წლის 13 იანვარს ნიუ იორკში გარდაიცვალა. "მუსიკა მოგზაურობაა და არა რაღაც ისეთი, რაც იურისტების მიერ წინასწარ არის განსაზღვრული. ადამიანობის გამომხატველია, როცა იმას აქცევ რეალობად, რასაც გრძნობ. ეს ყოველივე ლანდს მიღმა რეალობის აღმოჩენას ჰგავს", - სწორედ ამ ფილოსოფიით იცხოვრა თბილისიდან საბჭოთა ტერორს გარიდებულმა კაცმა, რომელმაც თანამედროვე მუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული