Thumbnail

Björk: ამ კომპოზიციებმა გადამარჩინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ისლანდიელმა მუსიკოსმა, ბიორკმა ინტერნეტრადიო Sonos Radio-სთვის თავისი ფავორიტი კომპოზიციების ფლეილისტი 21 Years Worth Of Wave Files Liquidated Into A Stream შეადგინა. მომღერლის თქმით, ეს ის ტრეკებია, რომლებმაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა. ბიორკის სიაში მოხვდა ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ალიმ ქასიმოვი, Jeremih, LFO, Aby Ngana Diop, Smerz და სხვები.

Björk: ესაა ალბომი, რომელსაც უნდა მოუსმინო, მანამ ცოცხალი ხარ

"მოხარული ვარ, რომ 21 წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა, ჩემი საყვარელი კომპოზიციები შემეგროვებინა. მთელი ეს პერიოდი ერთი ლეპტოპი მაქვს და ტრეკებს მასში ვინახავდი სხვადასხვა დისკიდან, ვინილიდან და ასე შემდეგ, რომელთაც მოგზაურობისას ან ტურნეებში ყოფნისას ვყიდულობდი. ახლა კი მინდა, რომ ეს ფლეილისტი თქვენც გაგიზიაროთ. ის, ფაქტობრივად, მთელ ჩემს ცხოვრებას მოიცავს. მახსენებს მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს, მოგზაურობას, იმ პერიოდს, როდესაც პატარა ბარებში ვუკრავდი და ა.შ. დიდი მადლობა ყველა მუსიკოსს, ვინც ჩემი ცხოვრება გადაარჩინა. იმედია, ეს ნამუშევრები ისევე მოგეწონებათ, როგორც მე", - წერს ბიორკი ინსტაგრამის გვერდზე.

ბიორკმა პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით Björk ისლანდიაში, 12 წლის ასაკში გამოუშვა. 1993 წელს გამოცემულმა ალბომმა Debut ბიორკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემდეგმა ნამუშევარმა Post კი მისი, როგორც საინტერესო და თვითმყოფადი არტისტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. 2015 წელს ჟურნალმა Time შემსრულებელი ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's Oh So Quiet, Army Of Me, All Is Full Of Love, Human Behaviour და Bachelorette მოუტანა. 2017 წელს, SOU ფესტივალის ფარგლებში, მომღერალმა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული