Thumbnail

სიმღერის 5 გამორჩეულად ორიგინალური მანერა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

მსოფლიოში სიმღერის უამრავი მანერაა გავრცელებული, რომელთა ნაწილსაც ძალზე უცნაური ტექნიკური თავისებურებები და უაღრესად დამაინტრიგებელი აკუსტიკური ეფექტი გამოარჩევს. როგორც წესი, მსგავსი საშემსრულებლო უნარების სრულყოფილად ათვისება ნიჭთან ერთად უდიდეს მონდომებასაც მოითხოვს, მათი დემონსტრირება კი მსმენელებში გაოცებანარევ აღფრთოვანებას იწვევს.

ჩვენს სტატიაში სწორედ ხუთ ყველაზე ორიგინალურ და განსაკუთრებით რთულ სიმღერის მანერას წარმოგიდგენთ.

5. ტუვური ყელისმიერი სიმღერა

ტუვური ყელისმიერი სიმღერა რუსეთის, მონღოლეთისა და ჩინეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის, ტუველების კულტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ობერტონული სასიმღერო ხელოვნების ამ სახეობაში შემსრულებელი ფუნდამენტურ ტონთან ერთად დამატებით კიდევ ერთ ან რამდენიმე ტონს იღებს, შედეგად კი საოცარი აკუსტიკური ეფექტი იქმნება. ამ ტრადიციის ფესვები უძველეს შამანისტურ რიტუალებში იკარგება და ეთნომუსიკოლოგთა მოსაზრებით, საფუძვლად ბუნების ხმების იმიტირების მცდელობები უდევს, მისი სპეციფიკა კი დიდწილად ადგილობრივი ლანდშაფტის თავისებურებამ განაპირობა - ბრტყელი, თვალუწვდენელი ტრამალები ბგერის დიდ მანძილზე გავრცელების საშუალებას იძლეოდა. ტუვური ყელისმიერი სიმღერა უაღრესად ეკლექტური ფენომენია და მისი ძირითადი ფორმები - ხოომეი, სიგიტი, კარგირაა, ბორბანადირი და ეზენგილეერი ერთმანეთისგან აკუსტიკური ეფექტითა თუ სხვა მახასიათებლებით საგრძნობლად განსხვავდება.

4. ბელკანტო

XVI საუკუნეში წარმოქმნილი ბელკანტო (იტალიურად: ლამაზი სიმღერა) საოპერო მუსიკის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს საოცრად ეფექტური სიმღერის მანერა იტალიური ენის სტრუქტურისა და ადგილობრივი ფოლკლორული ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა, მისი ათვისება კი მარტივი ამოცანა ნამდვილად არ გახლავთ. ბელკანტოს ტექნიკა უამრავ დეტალს მოიცავს, თუმცა შესაძლებელია რამდენიმე ძირითადი ასპექტის გამოყოფა - ფრაზირებისას არტიკულაციის მაღალი ხარისხი, ე.წ. რუბატოს მიხედვით ტემპის ხშირი ცვლილება, ბგერიდან ბგერაზე მოქნილი გადასვლა, საკვანძო მომენტებში აქცენტის ზუსტად დასმა და ვიბრატოს მხოლოდ წინასწარ, მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთებში გამოყენება. XIX საუკუნეში ბელკანტოს პოპულარობამ იკლო, თუმცა 1950-იანი წლებიდან მის მიმართ ინტერესი ხელახლა გაღვივდა და მონსერატ კაბალიეს, მარია კალასის, ჯოან საზერლენდისა თუ სხვა ვარსკვლავების სახით შემსრულებელთა ახალი ტალღაც გამოჩნდა.

3. იოდლი

იოდლი უნივერსალურად გავრცელებული სიმღერის მანერაა, რომელსაც ვოკალურ რეგისტრთა ხშირი, უეცარი ცვლილებები (ძირითადად, დაბალი ან საშუალო რეგისტრიდან მაღალ რეგისტრზე ან ფალცეტზე უეცარი გადასვლა) ახასიათებს. ამ საკმაოდ რთული ტექნიკის სრულყოფილად დახვეწა დიდ გამოცდილებასა და ნიჭს საჭიროებს. მისი ყველაზე პოპულარული ფორმა, ტიროლური იოდლი ალპებში მდებარე ამავე სახელწოდების მქონე რეგიონში წარმოიშვა, სადაც მწყემსები სპეციფიკურ გადაძახილს ერთმანეთთან საკონტაქტოდ ან საქონლის მოსახმობად უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. XIX საუკუნეში იოდლი შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა კოვბოებმა აითვისეს, რის შემდეგაც ის ქანთრი მუსიკისა და ზოგადად, ამერიკული პოპკულტურის ნაწილად იქცა. ის განსხვავებული ფორმებით ათობით ქვეყანაში გვხვდება, მათ შორის ირანში, რუმინეთში, ცენტრალურ აფრიკაში, ნორვეგიაში, მაკედონიაში, ინდოეთსა და საქართველოში, სადაც მას კრიმანჭულის სახელით ვიცნობთ.

2. ხაიალი

ხაიალი ინდური კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფორმაა, რომლის სპეციფიკაც მომღერალს მაქსიმალური იმპროვიზაციისკენ უბიძგებს. ამ უნიკალურ კულტურაში სიტყვების სწრაფად, უჩვეულო ხერხებით დამარცვლის, რიტმის განუწყვეტელი სინკოპირების, მელოდიური ხაზების სპონტანური ორნამენტირების, ხმოვნების ხელოვნურად გაწელვისა და რეგისტრებს შორის სწრაფი მონაცვლეობის შედეგად, ერთი და იმავე ნაწარმოები ყოველი მომდევნო შესრულებისას ახალ, მეტ-ნაკლებად განსხვავებულ სახეს იძენს - მარტივად მისახვედრია, რა დიდი ნიჭი და ვირტუოზული ტექნიკა სჭირდება ამ ყველაფერს. ისტორიკოსთა ნაწილი ხაიალის შექმნას 1253-1325 წლებში მცხოვრებ ინდოელ პოეტს, სწავლულს, მომღერალსა და სუფიების სექტის წევრს, ამირ ხოსროს მიაწერს, სხვების აზრით კი, ის მუსიკალური ტრადიციების მრავალსაუკუნოვანი ევოლუციის ბუნებრივ შედეგს წარმოადგენს.

1. ფხანსორი

ფხანსორი კორეაში გავრცელებული პერფორმანსის სახეობაა, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ამა თუ იმ ნაწარმოების სიუჟეტს სიმღერისა და სპეციფიკური ჟესტიკულაციის საშუალებით გადმოსცემენ. XVII საუკუნეში წარმოქმნილი სასიმღერო ხელოვნების ვერბალურად აღწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც მისივე მრავალფეროვნება გახლავთ - იგი ათობით განსხვავებულ ტექნიკას მოიცავს, რომელთა დანიშნულებასაც ამა თუ იმ ხმის (ბუნებრივი მოვლენები, ჯადოსნური არსებები, ცხოველები და სხვა) უკიდურესად ექსპრესიული იმიტაცია წარმოადგენს, მათი თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა კი სახმო სიმების განსაკუთრებულ დაძაბვას, ვოკალის სრულყოფილ კონტროლსა და უდიდეს ნებისყოფას მოითხოვს. ფხანსორის შემსრულებლები საკუთარი უნარების დახვეწას, ფაქტობრივად, მთელ ცხოვრებას ანდომებენ და ამ მიზნით ხშირად არაორდინარულ მეთოდებს, მათ შორის, ბუნების ხმებთან შეჯიბრებასაც მიმართავენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული