Thumbnail

რადიოწამყვანს, რომელმაც BTS კორონავირუსს შეადარა, რასიზმში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბავარიული რადიოსადგურის, Bayern 3-ის დიჯეი, მათიას მატუშიკი ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო რასიზმში დაადანაშაულეს. საქმე ეხება პოპულარულ სამხრეთკორეულ ბოიბენდ BTS-ს, რომელმაც აკუსტიკური კონცერტების სერიის MTV Unplugged ახალ ეპიზოდში ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Coldplay-ს ჰიტის Fix You დააქავერა. მატუშიკმა აღნიშნა, რომ ამ პერფორმანსის გამო კოლექტივი 20 წლით უნდა გაემგზავროს ჩრდილოეთ კორეაში. მან ასევე "ბითიესი" კორონავირუსს შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ მათ წინააღმდეგ მალე ვაქცინა იარსებებს.

როგორ გამოეხმაურა Coldplay "ბითიესის" მიერ ჰიტის Fix You შესრულებას

BTS: ხალხი დაგვცინოდა, როცა ჩვენს მიზნებსა და ოცნებებზე ვსაუბრობდით

"ახლახან წავიკითხე, რომ კორეულმა ბოიბენდმა, "ბითიესმა" MTV Unplugged-ის სესიაზე Coldplay-ს Fix You დააქავერა. გული კინაღამ ამერია. თავი ძლივს შევიკავე. ახლა რაიმე კარგ მუსიკას უნდა მოვუსმინო ყურადღების გადასატანად", - ამბობს ის და ისლანდიელი მუსიკოსის, Ásgeir-ის ჩანაწერს Torrent რთავს, შემდეგ კი კოლექტივზე საუბარს აგრძელებს - "რა კატასტროფაა. თინეიჯერებო, თუ მისმენთ, არ გაბრაზდეთ, მაგრამ პირადად მე ეს ჯგუფი ინფექციურ დაავადებას მაგონებს. BTS სხვა ტიპის კორონავირუსის აბრევიატურაა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც, იმედი მაქვს, მალე გვექნება. სამხრეთ კორეის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ქსენოფობიაში იმის გამო ვერ დამადანაშაულებთ, რომ ეს ბოიბენდი იქედანაა. სამხრეთ კორეაში დამზადებული მანქანა მყავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. კორეა მოწინავე ქვეყანაა, ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ კორეა, მაგრამ "ბითიესი", წამოიდგინეთ, ბოიბენდმა ახლახან MTV Unplugged-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა. ეს უკვე თავისთავად პარადოქსია. მეტიც ამ ლაწირაკებმა Fix You დააქავერეს. ეს ღვთის გმობის ტოლფასია. ამას ვამბობ ათეისტი. უზნეობაა. ამის გაკეთებისთვის ჩრდილოეთ კორეაში მოგიწევთ შვებულების გატარება უახლოესი 20 წელი", - თქვა მან, მანამ ეთერში Fix You-ს ორიგინალ ვერსიას გაუშვებდა.

BTS-ის თაყვანისმცემლებმა გერმანელი რადიოწამყვანი რასიზმში დაადანაშაულეს. მათ ასევე მოძრაობა Stop AAPI Hate-ის სტატისტიკა მოიყვანეს, რომლის მიხედვითაც, აშშ-სა და ბრიტანეთში აზიელი ხალხის მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის შემთხვევები გაზრდილია. ინტერნეტმომხმარებლების ფიქრობენ, რომ "ბითიესის" შედარება კორონავირუსთან მსგავს დანაშაულებს კიდევ უფრო წაახალისებს.

BTS-ის არემი: ამერიკაში უცხოპლანეტელებივით გვიყურებენ

რადიოწამყვანის სიტყვებს ასევე გამოეხმაურნენ ის მუსიკოსები და ლეიბლები, რომლებსაც BTS-სთან უთანამშრომლიათ.

"შეძრწუნებული ვარ მათიას მატუშიკის სიტყვებით. რასიზმი და ქსენოფობია არ შეიძლება, განვიხილოთ იუმორის ჭრილში. უპასუხისმგებლო და გულისამრევი განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როცა აზიელების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და აგრესიული ქმედებები გაზრდილია, დაუშვებელია", - დაწერა ჰოლზიმ, რომელიც "ბითიესის" კომპოზიციაში Boy with Luv მონაწილეობს.

"აბსოლუტურად დაუშვებელია ის, თუ როგორი სიძულვილისა და რასიზმის ენით საუბრობს მათიას მატუშიკი ჩემი ძმების მიმართ. "ბითიესის" გვერდში ვდგავარ ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ. გაავრცელეთ სიყვარული და არა სიძულვილი", - წერს ამერიკელი დიჯეი, სტივ აოკი, რომელმაც კოლექტივის ჰიტის Mic drop რემიქსზე იმუშავა.

"Columbia Records აზიელი ხალხის გვერდით დგას. ვგმობთ რასიზმისა და ქსენოფობიის ყველა ფორმას. ერთად უნდა დავდგეთ რასობრივი სამართლიანობის მისაღწევად", - წერს ამერიკული ლეიბლი, რომელიც ჯგუფთან თანამშრომლობს.

"ეს რადიოწამყვანი იმავე წამს ჩაფლავდა, როცა "ბითიესი" ახსენა. მის თაყვანისმცემლებთან ასეთი თამაში არ შეიძლება. იმედი მაქვს, მშვიდად ვეღარასდროს დაიძინებ, რადგან გეცოდინება, რომ საკუთარი რასიზმის გამო კარიერა გაინადგურე. ჩემი მეგობრების გვერდში ვდგავარ", - წერს შვედი მომღერალი, ზარა ლარსონი, რომელიც ვიდეოთამაშის BTS World საუნდტრეკების ალბომში მონაწილეობს.

"ჩემი ძმების და ყველა იმ ადამიანის გვერდით ვდგავარ, რომლებსაც მუდმივად მსგავსი რასისტული გამონათქვამებით მოიხსენიებენ. არავინ უნდა დავხუჭოთ თვალი, ერთად უნდა დავდგეთ ამის შესაჩერებლად", - წერს ამერიკელი მომღერალი LAUV, რომელმაც "ბითიესის" ტრეკის Make It Right რემიქს ვერსიაში მიიღო მონაწილეობა.

კრიტიკის შემდეგ, განცხადებები გაავრცელა რადიოსადგურმა Bayern 3. პირველ მათგანში აღნიშნული იყო, რომ მათიასის განზრახვა არ ყოფილა BTS-ის ფანების წყენინება და შოუს ფორმატი ითვალისწინებდა, წამყვანს საკუთარი აზრი პირდაპირ და შელამაზების გარეშე გამოეხატა. მოგვიანებით კი მათ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნეს.

"სიტყვები, რომლებიც მან BTS-ის მისამართით წარმოთქვა, მიუღებელია. მატუშიკი შორს დგას რასისტული შეხედულებებისგან. ამასთან, ჩვენი რადიოსადგურისთვის დაუშვებელია რასიზმის ყოველგვარი გამოვლინება, მარგინალიზაცია და დისკრიმინაცია. ვიმუშავებთ, რომ ასეთი სერიოზული შეცდომები მომავალში ავირიდოთ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ის არ არის რასისტი და აზიელები კი არ სძულს, არამედ ის ბოიბენდები, რომლებიც თეთრკანიანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფების სიმღერებს აქავერებენ - ცდილობენ, ეს მოგვახვიონ თავზე? შუა პანდემიაში მან კორეული ჯგუფი ვირუსს შეადარა მაშინ, როცა აზიელების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემაშფოთებელი ზრდის მოწმე ვართ", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი განცხადების გაზიარებისას.

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული