Thumbnail

Rammstein-ის კრისტიან ლორენცი: ახალი ალბომი უკვე ჩავწერეთ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული გერმანული ჯგუფის, Rammstein-ის კლავიშისტმა, კრისტიან ლორენცმა გამოცემა motor.de-სთან ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში ბენდმა ახალი ალბომი ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ შარშან კოლექტივმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელიც სწორედ მომავალ ჩანაწერზე მუშაობის პროცესს ასახავდა.

ნახეთ: Rammstein-ის სტილში შესრულებული Metallica-ს ჰიტი Enter Sandman

"იმ გარემოებამ, რომ კონცერტების გამართვა არ შეგვეძლო, ჩვენი შემოქმედებითი კრეატიულობა უფრო გაზარდა. მეტი დრო მოგვეცა, რომ სიახლეებზე გვეფიქრა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ კარანტინის პერიოდში ჩავწერეთ ახალი ალბომი, რომელიც დაგეგმილი სულ არ გვქონია. ნამუშევარი ჩვენს ყოველდღიურობასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ასახავს. მიქსინგიღა დაგვრჩა და მზად იქნება", - ამბობს ბენდის კლავიშისტი.

"რამშტაინმა" ახალ ალბომზე საფრანგეთში, კერძოდ კი სენ-რემი დე პროვანსში, სტუდიაში La Fabrique იმუშავა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ჯგუფმა თავისი ბოლო ალბომი Rammstein ჩაწერა.

"რამშტაინი" ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა, 1995 წელს კი მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გაავრცელეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა, ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული