Thumbnail

ჯეიმი სპირსი: ბედნიერი ვიქნებოდი, ბრიტნის რომ თავისი ქონების მართვა შეეძლოს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნის სპირსის მამის, ჯეიმის ადვოკატმა, ვივიან ლი ტორინმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის კლიენტს ყველაზე მეტად სურს, მომღერალს მეურვე აღარ სჭირდებოდეს. მისივე თქმით, ჯეიმი ყველა გადაწყვეტილებას სწორედ ბრიტნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

ბრიტნი სპირსის შეყვარებული: ბრიტნის მამა მუდმივად დაბრკოლებებს გვიქმნის

ჯეიმი სპირსი: ჩემი გოგონა, ბრიტნი ოთხი თვეა, არ მელაპარაკება

"ჯეიმის ყველაზე მეტად უნდა, რომ ბრიტნის მეურვე არ სჭირდებოდეს. ეს საკითხი რეალურად მხოლოდ ბრიტნის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჯეიმი ნამდვილად არ ფიქრობს, რომ თავად იდეალური ადამიანია და საუკეთესო მამის ჯილდოს იმსახურებს. ნებისმიერი მშობლის მსგავსად, ყოველთვის ვერ ხვდება, ზუსტად რა სურს მის შვილს, მაგრამ მიაჩნია, რომ მხოლოდ ბრიტნის სასიკეთო გადაწყვეტილებებს იღებს", - ამბობს ჯეიმი სპირსის ადვოკატი.

ჯეიმი, რომელიც შვილის პირად ცხოვრებასა და შემოსავლებს 2008 წლიდან განაგებს, 2019 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, დროებით ჩამოშორდა მეურვეობას, რა დროსაც ის ბრიტნის მენეჯერმა, ჯოდი მონტგომერიმ შეცვალა. გასული წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, მამამისის ნაცვლად მუდმივ მეურვედ სწორედ მონტგომერი დარჩენილიყო, რაც არ დაკმაყოფილდა და ჯეიმი სპირსს თავისი უფლება-მოვალეობა დაუბრუნდა. თუმცა, ბრიტნის ფინანსების განკარგვის ნაწილში სასამართლომ მუსიკოსის პოზიცია გაიზიარა და, ჯეიმის გარდა, პროცესში კერძო კომპანია Bessemer Trust ჩართო.

მუსიკოსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით კი ადვოკატი პროცესს ჩამოშორდა. შარშან ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული