Thumbnail

სხვადასხვა ეპოქაში გამოცემულ ჰიტებს შორის არაერთი ისეთი კომპოზიცია მოიძებნება, რომელიც ამა თუ იმ ადამიანის სახელითაა დასათაურებული. საკმაოდ ხშირად, მსგავს ჩანაწერებს საფუძვლად რეალური და ძალზე საინტერესო ისტორიები უდევს, მათი მთავარი გმირების ვინაობა კი მსმენელში ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს.

► ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ სიმღერას წარმოგიდგენთ.

10. Eric Clapton - Layla

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ერიკ კლეპტონმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა Layla უძველესი არაბული თქმულების შთაგონებით დაწერა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა მამაკაცი, მეჯნუნი სატრფოს, ლეილას მიუწვდომლობას სასოწარკვეთამდე მიჰყავს. იმ პერიოდში ლეგენდარულ გიტარისტს თავისი ახლო მეგობრის, ჯორჯ ჰარისონის ცოლი, პატი ბოიდი თავდავიწყებით უყვარდა. წყვილი ერთმანეთს 1977 წელს დაშორდა, ორი წლის შემდეგ კი პატიმ ერიკზე იქორწინა, რასაც ჰარისონი საკმაოდ მშვიდად შეხვდა. ეპოქალური კოლექტივის, The Beatles-ის წევრი საქორწინო ცერემონიასაც დაესწრო და მოწვეული სტუმრების წინაშე რამდენიმე კომპოზიციაც შეასრულა.

9. The Kinks - Lola

ბრიტანული როკ კოლექტივის, The Kinks-ის მიერ 1970 წელს გამოცემული ჰიტი Lola თავისი ეპოქისთვის საკმაოდ კონტროვერსიული შინაარსით გამოირჩეოდა. კომპოზიციის ტექსტი ახალგაზრდა კაცის პერსპექტივიდანაა დაწერილი, რომელიც ერთ-ერთ ლონდონურ ბარში ქროსდრესერ მამაკაცს (ქროსდრესინგი - დროგამოშვებით ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც, ტრადიციულად, სხვა სქესის ადამიანებთან ასოცირდება), ვინმე ლოლას გაიცნობს და მთელ საღამოს მასთან ცეკვაში ატარებს. საქმე თითქმის ინტიმურ ურთიერთობამდე მიდის, თუმცა მთავარი პერსონაჟი ბოლო წამს გადაიფიქრებს. ნამუშევრის ავტორის, რეი დეივისის თქმით, სიმღერა მას ბენდის მენეჯერის, რობერტ უეისის თავს რეალურად გადამხდარმა ამბავმა შთააგონა.

8. The Beatles - Julia

The Beatles-ის კომპოზიცია Julia იმ უიშვიათეს შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება, როდესაც ლივერპულური ოთხეულის ნამუშევრის ჩაწერაში კოლექტივის მხოლოდ ერთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ცნობილი შოტლანდიელი ფოლკ შემსრულებლის, დონოვანის დახმარებით შექმნილი სიმღერა ჯონ ლენონმა დედის, ჯულია ლენონის ხსოვნას მიუძღვნა. ამ უკანასკნელის სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევას მაშინ ემსხვერპლა, როდესაც ლეგენდარული მუსიკოსი 17 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ 1968 წელს ჩაწერილი კომპოზიციის ტექსტში ერთ-ერთი სტრიქონი - Ocean child calls me ლენონის მომავალ ცოლზე, იოკო ონოზე მიანიშნებდა, რომლის სახელიც იაპონურად სწორედ ოკეანის შვილს ნიშნავს.

7. Pearl Jam - Jeremy

1991 წლის 8 იანვარს ტექსასში მდებარე რიჩარდსონის სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ, ჯერემი დელმა ინგლისური ენის გაკვეთილზე მისვლა დააგვიანა, რის გამოც მასწავლებელმა ის სპეციალური საშვის ასაღებად გაგზავნა. მცირე ხანში ჯერემი რევოლვერით დაბრუნდა და ფრაზის "ის მოვიტანე, რისთვისაც რეალურად წავედი" წარმოთქმის შემდეგ თავი მოიკლა. სიეტლური გრანჟ კოლექტივის, Pearl Jam-ის კომპოზიცია Jeremy სწორედ ამ ტრაგიკული შემთხვევითაა შთაგონებული. სიმღერის ტექსტში 15 წლის მოზარდის მიერ თვითმკვლელობის ჩადენის მიზეზად მშობლების მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი გულგრილობა სახელდება, თუმცა სინამდვილეში ჯერემის საქციელის ზუსტი მოტივი დღემდე უცნობია.

6. Eminem - Stan

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის შემოქმედებაში Stan უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია. კომპოზიციის ტექსტში აღწერილ წარმოსახვით სამყაროში რეპერს მისი ფანატიკოსი თაყვანისმცემელი, სტენლი (შემოკლებით სტენი) პერიოდულად წერილებს უგზავნის, რომლებშიც საკუთარ მენტალურ პრობლემებზე უყვება და შეხვედრას ამაოდ სთხოვს. მისი ფსიქიკური აშლილობა ნელ-ნელა მძაფრდება და საბოლოოდ მანქანით მიმავალი ახალგაზრდა სიცოცხლეს ხიდიდან გადავარდნით ასრულებს. არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ჩანაწერის კულტურულ მნიშვნელობაზე საუბარი, ალბათ, ზედმეტიცაა - სწორედ მისი წყალობით დამკვიდრდა ინგლისურ ენაში სიტყვა Stan, რომელიც სხვა პიროვნებით ავადმყოფურად გატაცებულ ადამიანს აღნიშნავს.

5. Nirvana - Polly

1987 წელს ვაშინგტონის ქალაქ ტაკომაში ვინმე ჯერალდ ფრენდმა როკ კონცერტიდან მომავალი 14 წლის გოგონა გაიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. მსხვერპლმა თავს რამდენიმე საათის შემდეგ გაქცევით უშველა, ფრენდი კი მომდევნო დღესვე დააკავეს და ის სასჯელს ახლაც გისოსებს მიღმა იხდის. ეპოქალური გრანჟ კოლექტივის, Nirvana-ს ფრონტმენმა, კურტ კობეინმა კომპოზიცია Polly სწორედ ზემოხსენებული შემთხვევის ინსპირაციით შექმნა. გოგონას ვინაობა ანონიმურად დარჩა, ტექსტში კი მის სახელად "პოლი" პირობითადაა შერჩეული. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ლირიკა ფრენდის პერსპექტივიდანაა დაწერილი და მის საზარელ დანაშაულს შოკისმომგვრელი დეტალურობით აღწერს, რასაც თავის დროზე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

4. The Rolling Stones - Angie

ეპოქალური როკ ბენდის, The Rolling Stones-ის ჰიტის Angie შთაგონების წყაროსთან დაკავშირებით რამდენიმე ურთიერთგანსხვავებული ვერსიაა გავრცელებული. ბრიტანული კოლექტივის თაყვანისმცემელთა ნაწილის მოსაზრებით, კომპოზიცია ცნობილ მსახიობს, ანჯელინა დიკინსონს ეძღვნება, სხვების თანახმად კი დევიდ ბოუის პირველ ცოლს, ანჯელა ბარნეტს. ჯგუფის წევრმა, კით რიჩარდსმა 1993 წელს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნამუშევრის სათაური მისი ქალიშვილის, ანჯელას სახელზე მიანიშნებდა, თუმცა 2010 წელს ლეგენდარულმა გიტარისტმა ავტობიოგრაფიულ წიგნში Life ზემოხსენებული განცხადება უარყო და იქვე დაამატა, რომ სიმღერას კონკრეტული ადრესატი არასდროს ჰყოლია.

3. The Police - Roxanne

ინგლისური როკ ბენდის The Police ფრონტმენს, სტინგისსტინგი ფსევდონიმით ცნობილ გორდონ მეთიუ სამნერს სიმღერის Roxanne დაწერის იდეა პარიზში, წითელი ფანრების უბანში სეირნობისას დაებადა. ნამუშევრის ტექსტი სექს-მუშაკზე შეყვარებული მამაკაცის განცდებს აღწერს, მისი სახელწოდების ინსპირაციად კი ფრანგი პოეტისა და დრამატურგის, ედმონ როსტანის გახმაურებული პიესის "სირანო დე ბერჟერაკი" ერთ-ერთი პერსონაჟი იქცა - ნაწარმოების პოსტერი იმ სასტუმროს მისაღებში ეკიდა, სადაც სტინგი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად იყო დაბინავებული. კომპოზიციამ გამოსვლისთანავე უდიდესი წარმატება მოიპოვა და დღემდე კოლექტივის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად რჩება.

2. Lady Gaga - Alejandro

ლედი გაგას ფსევდონიმით ცნობილი პოპვარსკვლავის, ანჯელინა ჯერმანოტას სიმღერის ტექსტი წარმოსახვით პარტნიორთან, ალეხანდროსთან და ორ სხვა მექსიკელ მამაკაცთან ურთიერთობის დეტალებს აღწერს. ცნობილი ფოტოგრაფის, სტივენ კლაინის მიერ ამ კომპოზიციაზე შექმნილი ვიდეორგოლი კი ყურადღებას პროვოკაციული სცენებით, სიშიშვლითა და სექსუალური ფეტიშების დემონსტრირებით იპყრობს. ბობ ფოსის საკულტო მიუზიკლით Cabaret შთაგონებულ კლიპში ქრისტიანული სიმბოლიკის გამოყენებამ საგრძნობი კონტროვერსია გამოიწვია და ამერიკული რელიგიური ორგანიზაციის, კათოლიკეთა ლიგის წარმომადგენელთა მხრიდან მწვავე კრიტიკაც დაიმსახურა, თუმცა ამ გარემოებამ ნამუშევარს უზარმაზარი პოპულარობის მოპოვებაში ხელი ნამდვილად ვერ შეუშალა.

1. დები იშხნელები - სულიკო

ვეჭვობთ, ჩვენს მკითხველთან ამ კომპოზიციას ზედმეტი წარდგენა სჭირდებოდეს. გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის, აკაკი წერეთლის საყოველთაოდ ცნობილ ლექსზე უკვდავი სიმღერა ბარბარე მაჭავარიანი-წერეთელმა 1895 წელს შექმნა. 1930-იანი წლებიდან "სულიკომ" ცნობადობა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოიპოვა, მისმა პოპულარობამ კი მწვერვალს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მიაღწია (უცხოეთში ეს სიმღერა დღესაც იმდროინდელ მოვლენებთან ასოცირდება). არაერთ ენაზე ნათარგმნ, უთვალავჯერ გადამღერებულ ნაწარმოებს ჩვენს სტატიაში 1941 წელს ჩამოყალიბებული ლეგენდარული ანსამბლის, "დები იშხნელების" შესრულებით წარმოგიდგენთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული