Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: ასაკის მატებას ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია, გვიან დავბერდეთ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა ჟურნალ Red-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ასაკის მატებაზე ისაუბრა. 51 წლის არტისტის თქმით, ადრე თუ გვიან, დადგება მომენტი, როცა მისი სხეული და გონება ისეთივე აქტიური ვეღარ იქნება, როგორც ახლა, თუმცა, მანამდე მისი გადასაწყვეტია, რამდენად დიდხანს შეინარჩუნებს ახალგაზრდულ იერსა და ცხოვრების წესს.

ჯენიფერ ლოპესი: არავის განვსჯი, ბოტოქსის კეთებაში ცუდი არაფერია

ჯენიფერ ლოპესს ჰკითხეს, გაუსინჯავს თუ არა მარიხუანა

ჯენიფერ ლოპესმა 20 წლის შემდეგ კლიპის Love Don’t Cost A Thing სცენა გააცოცხლა

"შეინარჩუნო ახალგაზრდობა და არ დაემორჩილო დროის დინებას - ხანდახან ამაზე მეფიქრება. ერთი მხრივ, ასაკის მატებას ვერ გაექცევი, მაგრამ, მანამ ეს მოხდება, შენი გადასაწყვეტია, რამდენად ძლიერი და აქტიური გინდა, რომ იყო; რამდენს იმუშავებ და როგორ დატვირთავ შენს გონებას, ცხოვრებასა და სხეულს. შენ წყვეტ ამას. შეგიძლია, ისინი კარგ ფორმაში შეინარჩუნო", - ამბობს ჯეილო.

მუსიკოსმა იმაზეც ისაუბრა, როგორი დატვირთვით ვარჯიშობს ამ ეტაპზე.

"ახლა თავს ისე აღარ ვიკლავ ვარჯიშით, როგორც მაშინ, როცა 20-იან წლებში ვიყავი. ადრე მუშაობის დაწყებამდე ვვარჯიშობდი. დილაუთენია 05:00 საათზე ვდგებოდი და სპორტდარბაზში მივდიოდი. ახლა ასე აღარ ვიქცევი. კვირაში სამ დღეს ვუთმობ ვარჯიშს, ცხელი იოგით ვარ დაკავებული და ცოტას ვცეკვავ. სულ ესაა. მაგრამ ამას დიდი მოწადინებით ვაკეთებ. მინდა, შედეგები გავაუმჯობესო. არ მსურს, ერთ წერტილზე გავჩერდე, ანაც დაღმართზე დავიწყო დაშვება", - აღნიშნავს მუსიკოსი.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული