Thumbnail

მუსიკალური ფესტივალი Primavera Sound წელსაც არ ჩატარდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ ესპანეთში ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარების შეზღუდვის გამო ცნობილი მუსიკალური ფესტივალი Primavera Sound მიმდინარე წელს აღარ გაიმართება. ქალაქი ბარსელონა "პრიმავერა საუნდის" რიგით მე-20 ივენთს 2022 წელს უმასპინძლებს. ლაინაფის შესახებ ინფორმაცია 2 ივნისს გახდება ცნობილი. ამასთან დაკავშირებით პოსტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

"მწუხარებით უნდა გაცნობოთ, რომ რიგით მეოცე Primavera Sound შექმნილი ფორსმაჟორული ვითარების გამო 2022 წლამდე გადაიდო. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფესტივალი მიმდინარე წლის ზაფხულში გამართულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, არ გვქონდა იმის საშუალება, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ჩვეულად ჩაგვეტარებინა. სწორედ ამიტომ მოგვიწია ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება. დიდი მადლობა არტისტებს, სპონსორებს, კომპანიებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზებაში იყო ჩართული.

მსმენელებს კი ვეტყვით, რომ 2022 წელს საუკეთესო "პრიმავერა" იქნება, რაც კი აქამდე გამართულა და ამისთვის ამ წამიდან ვიწყებთ მუშაობას. ლაინაფს 2 ივნისს გამოვაცხადებთ. ნაყიდი ბილეთებით ჩვეულებრივ შეძლებთ დასწრებას, ხოლო ვისაც დაბრუნება გენდომებათ, მალე მოგეცემათ ამის შესაძლებლობა. გაუფრთხილდით თავს, ძალიან მალე შევხვდებით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

Primavera 2021 ბარსელონაში მიმდინარე წლის 2-6 ივნისს უნდა გამართულიყო. წლევანდელ ფესტივალზე მსმენელების წინაშე ისეთი ცნობილი არტისტები უნდა წარმდგარიყვნენ, როგორებიც არიან: The National, The Strokes, Iggy Pop, Tyler, The Creator, Gorillaz, Tame Impala და სხვები.

Primavera Sound ბარსელონაში 2001 წლიდან ყოველ ზაფხულს ტარდება. ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა, რომელშიც მუსიკალური ინდუსტრიის პოპულარული თუ ნაკლებად ცნობილი ტრენდები თანაბრად არის წარმოდგენილი. 2015 წელს ღონისძიებას 190 000 ადამიანი დაესწრო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული