Thumbnail

ცნობილი გახდა, რომელი მუსიკოსი გახსნის 14 მარტს გრემის დაჯილდოებას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

14 მარტს ლოს ანჯელესში გრემის 63-ე დაჯილდოება გაიმართება. ცნობილი გახდა იმ არტისტის ვინაობა, ვისი პერფორმანსიც გახსნის წლევანდელ ღონისძიებას. ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსი, ჰარი სტაილზი წარდგება, თუმცა, უცნობია, რომელ კომპოზიციას შეასრულებს იგი. გრემიზე ეს ჰარის პირველი გამოსვლა იქნება. აღსანიშნავია, რომ, თბილისის დროით, ცერემონია 15 მარტს, გამთენიისას, 04:00 საათზე დაიწყება.

► ნახეთ: 2021 წლის Grammy-ს დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

"გრემის წლევანდელი ცერემონიის გახსნა არ უნდა გამოგრჩეთ. პირველი თქვენ წინაშე ჰარი სტაილზი წარდგება, რომელიც არაჩვეულებრივი შოუმენია. ისეთი მუსიკალური საღამო გელოდებათ, რაც აქამდე ჯერ არ გინახავთ", - ამბობს ტელეკომპანია CBS-ის წარმომადგენელი, ჯეკ სასმენი გამოცემა Variety-სთან საუბარში.

ჰარი სტაილზი წლევანდელ გრემიზე სამ ნომინაციაზეა დასახელებული: საუკეთესო პოპ სოლო პერფორმანსი, საუკეთესო პოპ ვოკალ ალბომი და საუკეთესო მუსიკალური კლიპი.

როგორც ცნობილია, ჰარი სტაილზის გარდა, გრემის დაჯილდოებაზე პერფორმანსებით ბილი აილიში, ქარდი ბი, ტეილორ სვიფტი, კრის მარტინი, დუა ლიპა, ფოსთ მელოუნი, ბედ ბანი, როდი რიჩი, დაბეიბი, BTS, Megan Thee Stallion და სხვები წარდგებიან. ღონისძიებაზე არტისტები სხვადასხვა საკონცერტო დარბაზიდან ჩაერთვებიან. ცერემონიის წამყვანი სამხრეთაფრიკელი კომიკოსი, ტრევორ ნოა იქნება.

რომელი მუსიკოსების პერფორმანსებს ვიხილავთ 2021 წლის გრემიზე

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის გრემიზე ყველაზე მეტი, ცხრა ნომინაცია პოპვარსკვლავ ბიონსეს ერგო, 6-6 ჯილდოსთვის კი იბრძოლებენ ბრიტანელი არტისტი დუა ლიპა, რეპერი როდი რიჩი და მომღერალი ტეილორ სვიფტი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული