Thumbnail

ტრენტ რეზნორი: ოსკარის ერთ ნომინაციაში ჩვენი ორი ნამუშევრის წარდგენა სიურრეალიზმია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ინდასტრიალ როკ ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრების, ტრენტ რეზნორისა და ატიკუს როსის მიერ ფილმებისთვის Mank და Soul შექმნილი ნამუშევრები ოსკარებზე საუკეთესო მუსიკალური თემის ნომინაციაში წარადგინეს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი არტისტი ერთ კატეგორიაში ორი სხვადასხვა ნაწარმოებითაა ნომინირებული. ამასთან დაკავშირებით ტრენტ რეზნორმა გამოცემა Billboard-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ოსკარის მუსიკალური ნომინაციები ცნობილია

"ოსკარის ერთ ნომინაციაში ორი სხვადასხვა ნამუშევრით წარდგენა ნამდვილი სიურრეალიზმია, თუმცა, ჩვენთვის დიდი პატივია. მით უმეტეს ეს ხდება იმ რთულ და საშინელ პერიოდში, რაც გასულ წელს ყველას ერთად დაგვატყდა თავს. როცა ვსხდებით და ჯგუფისთვის ახალი კომპოზიციის წერას ვიწყებთ, არასოდეს ვფიქრობთ, რომ ის ჰიტი უნდა გახდეს და ჩარტებში მოხვდეს. უბრალოდ, ვცდილობთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ხოლო, როდესაც ფილმის მუსიკალურ თემას ეხება საქმე, გვინდა ხოლმე, რომ ჩანაწერი ზუსტად მოვარგოთ კინოსურათის შინაარსს, რათა ის უფრო საინტერესო გახადოს", - ამბობს ტრენტ რეზნორი.

ბოლოს ერთი მუსიკოსის ორი სხვადასხვა ნამუშევარი ოსკარზე ერთსა და იმავე კატეგორიაში 2015 წელს წარადგინეს. საუკეთესო მუსიკალური თემის ნომინაციაში ფრანგი კომპოზიტორის, ალექსანდრ დესპლას მიერ ფილმებისთვის The Grand Budapest Hotel და The Imitation Game შექმნილი ნაწარმოებები დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ტრენტ რეზნორისა და ატიკუს როსის მიერ ამერიკელ ჯონ ბატისტთან ერთად ანიმაციური ფილმისთვის Soul შექმნილმა ნამუშევარმა ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო მუსიკალური თემის კატეგორიაში გამარჯვება უკვე მოიპოვა.

რაც შეეხება ოსკარს, ნომინაციაში წარდგენილები არიან:

Trent Reznor, Atticus Ross And Jon Batiste – Soul
Trent Reznor And Atticus Ross – Mank
James Newton Howard – News of the World
Terence Blanchard - Da 5 Bloods
Emile Mosseri - Minari

ოქროს გლობუსის მუსიკალურ ნომინაციებში გამარჯვებულები ცნობილია

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი 2005 წლიდან თანამშრომლობენ. 2010 წელს მუსიკოსებმა დევიდ ფინჩერის ფილმის The Social Network საუნდტრეკით ოსკარის მოგება მოახერხეს, 3 წლის შემდეგ კი ამავე რეჟისორის ნამუშევრისთვის The Girl with the Dragon Tattoo შექმნილი ჩანაწერით გრემის ჯილდო მიიღეს. 2016 წელს ატიკუს როსი რეზნორის პროექტს Nine Inch Nails შეუერთდა. 2020 წელს არტისტებმა ბენდის მეცხრე და მეათე ალბომები, Ghosts V: Together და Ghosts VI: Locusts გამოუშვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული