Thumbnail

Cardi B-მ გაამხილა, რაში უნდა, რომ რიანას ჰგავდეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ პლატფორმა Apple-ის ონლაინ რადიოსთან Stationhead ინტერვიუში აღნიშნა, რომ ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა და გავლენიანი ჰიპ ჰოპ არტისტი, Jay-Z მისი შთაგონების მთავარ წყაროს წარმოადგენენ. ქარდის თქმით, სურს, რიანასავით დიდ ბიზნესს ჩაუდგეს სათავეში და მილიარდერი გახდეს.

როგორ გახდა Rihanna მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი

Cardi B და Megan Thee Stallion გრემის პერფორმანსის გამო გააკრიტიკეს

"როცა თამაშში შემოვედი, მეკითხებოდნენ - ვინ არის შენთვის ავტორიტეტიო? მე სულ ვპასუხობდი, რომ ავტორიტეტი არ მყავდა, რადგან მაშინ საერთოდ არ მესმოდა თამაშის წესები და მეგონა, რომ მხოლოდ იმ ადამიანებისგან ვიღებდი შთაგონებას, რომლებიც ჩემ ირგვლივ იყვნენ. მაგრამ იმ საფეხურზე, რომელზეც ახლა ვდგავარ, ჩემთვის უდიდეს შთაგონების წყაროს რიანა და ჯეი ზი წარმოადგენენ. არავის ვეპირფერები. რიანა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნიდან არის, ისევე, როგორც ჩემი მშობლები და ის მილიარდერი გახდა. მეც მინდა, გავხდე მილიარდ დოლარიანი ქალი და შევქმნა დიდი ბრენდი", - ამბობს რეპერი.

ქარდის აქამდეც არაერთხელ გამოუხატავს რიანათი აღფრთოვანება. 2019 წელს რეპერმა ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში ის იმ მუსიკოს ქალებს შორის დაასახელა, რომლებთან შეხვედრის დროსაც განსაკუთრებით ნერვიულობს. მანამდე კი, რირი გენიოსად მოიხსენია, როცა მის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებას Diamond Ball დაესწრო და ბარბადოსელის წიგნში 111 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

Cardi B: ამ სამი ქალი მუსიკოსის დანახვისას, ყოველთვის ვშეშდები

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული