Thumbnail

ნახეთ: ვიდეო, რომელშიც ლუჩანო პავაროტი საშხაპეში მღერის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული იტალიელი ტენორი, ლუჩანო პავაროტი ნახევარსაუკუნოვანი კარიერის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებსა და ასობით მილიონი მაყურებლის წინაშე არაერთი სატელევიზიო ეთერით გამოსულა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის საშხაპეშიც არ ივიწყებდა საყვარელ არიებს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ასრულებს პავაროტი პარტიას La donna è mobile ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "რიგოლეტო".

ნახეთ: მამაკაცი სერფინგის დროს ვიოლინოზე უკრავს

როგორც ლუჩანოს ქვრივმა, ნიკოლეტა მანტოვანიმ ონლაინრადიო Classic FM-თან ინტერვიუში აღნიშნა, ტენორი ხმის ზედმეტ დატვირთვას ერიდებოდა, ამიტომაც, ეს ის იშვიათი შემთხვევა უნდა იყოს, როცა პავაროტი საშხაპეში მღერის.

"ყოველთვის ცდილობდა, ხმას გაფრთხილებოდა. ლუჩანო სიმღერას ძალიან სერიოზულად უდგებოდა, ეს ის საქმიანობაა, რასაც მან ცხოვრება მიუძღვნა", - ამბობდა ნიკოლეტა.

კადრები თავდაპირველად ჰოვარდის დოკუმენტურ ფილმში Pavarotti აჩვენეს, რომელიც ლეგენდარული ტენორის გულახდილ ინტერვიუებსა და იშვიათ ვიდეოებს აერთიანებს.

ლუჩანო პავაროტი სახელგანთქმული და საყოველთაოდ აღიარებული საოპერო შემსრულებელი გახლდათ. მან სცენაზე გამოსვლა 1955 წელს იტალიაში დაიწყო და, ტრადიციული საოპერო კარიერის პარალელურად, პოპ კულტურაშიც დაიმკვიდრა ადგილი. კრიტიკოსთა აღიარება და კომერციული წარმატება ხვდა წილად პავაროტის, პლასიდო დომინგოსა და ხოსე კარერასის გაერთიანებას სახელწოდებით "სამი ტენორი". მათი სადებიუტო კონცერტი 1990 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. პერფორმანსს სატელევიზიო ეთერით 800 მილიონზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. შოუს ჩანაწერმა Carreras Domingo Pavarotti in Concert საუკეთესო კლასიკური ვოკალური შესრულების ნომინაციაში გრემის ჯილდო დაიმსახურა და დღემდე ყველა დროის ყველაზე გაყიდვად კლასიკურ ალბომად რჩება.

ამასთან, მუსიკოსს პროექტის "პავაროტი და მეგობრები" ფარგლებში ისეთ შემსრულებლებთან ერთად ჩაუტარებია კონცერტები, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, სტინგი, ბრაიან მეი, ერიკ კლეპტონი, ბიბი კინგი, ბონო, ბონ ჯოვი, მერაია ქერი, ჯო კოკერი და სხვები. შემსრულებლის უკანასკნელი პერფორმანსი 2006 წელს ტურინში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა, სადაც არტისტმა ჯაკომო პუჩინის ოპერიდან "ტურანდოტი" არია Nessun dorma შეასრულა. პავაროტი 2007 წელს პანკრეასის სიმსივნემ იმსხვერპლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული