Thumbnail

ტელეწამყვანი როზი ო’დონელი საუბრობს, რატომ მალავდა უიტნი ჰიუსტონი, რომ ბისექსუალი იყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი ტელეწამყვანი, როზი ო’დონელი პოდკასტში Hot Takes & Deep Dives სტუმრობისას ლეგენდარული მუსიკოსის, უიტნი ჰიუსტონის სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, უიტნის შინაგანი კონფლიქტი ჰქონდა, რადგან მისი კონსერვატიული ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ ფაქტთან, რომ ბისექსუალი იყო.

რატომ ვერ ჩაწერეს მაიკლ ჯექსონმა და უიტნი ჰიუსტონმა საერთო სიმღერა

"უიტნი თავის გეი მხარეზე ნერვიულობდა. მას არ სურდა, რომ ეს საქვეყნოდ გამჟღავნებულიყო. შავკანიანთა კულტურაში რთულია იმის მიღება, რომ ადამიანი გეია. ბაპტისტური ეკლესიაც მძიმედ აწვებოდა - ის ბავშვობიდან ეკლესიაში გოსპელს მღეროდა. ჩემი აზრით, ამის გამო საკუთარ თავთან დიდი კონფლიქტი ჰქონდა", - ამბობს ო’დონელი, რომელიც თავად ლესბოსელია.

ტელეწამყვანმა ისიც გაიხსენა, როგორ შეხვდა ერთხელ ნიუ იორკში უიტნისა და მისი ბავშვობის მეგობარ რობინ კროუფორდს, რომელიც მომღერლის ასისტენტი იყო და სწორედ მათ რომანზე იწერებოდა აქტიურად. ო’დონელის თქმით, მაშინ ადვილი მისახვედრი იყო, რომ რობინსა და უიტნის რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდათ.

რობინ კროუფორდი და უიტნი ჰიუსტონი

აღსანიშნავია, რომ 60 წლის რობინმა 2019 წელს გავრცელებულ მემუარებში A Song for You: My Life With Whitney Houston დაადასტურა, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ. როგორც ის წიგნში აღნიშნავდა, მომღერალმა მასთან რომანი მაშინ გაწყვიტა, როცა 1983 წელს ლეიბლთან Arista Records გააფორმა კონტრაქტი - მას შემდეგ მხოლოდ პლატონური ურთიერთობა აკავშირებდათ. მოგვიანებით უიტნიმ ჰიუსტონელ არენბი შემსრულებელ რობი ბრაუნზე იქორწინა. როგორც New York Post წერს, ბრაუნი თავის ბიოგრაფიულ წიგნში Every Little Step: My Story ასევე გამოტყდა, რომ იცოდა, მისი ცოლის ბისექსუალობის შესახებ. თავად უიტნის კი არასდროს დაუდასტურებია ზემოხსენებული.

უიტნი ჰიუსტონის ჰიტის I Will Always Love You ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

უიტნი ჰიუსტონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1977 წელს დაიწყო. პოპვარსკვლავს 35-წლიანი კარიერის განმავლობაში 400-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული და მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის ერთადერთი არტისტია, რომლის შვიდი კომპოზიციაც ბილბორდის ცხელ ასეულს ზედიზედ ლიდერობდა.

2012 წლის 11 თებერვალს ჰიუსტონი საკუთარ აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკოსის სიკვდილი გულის პრობლემებმა და კოკაინის მოხმარებამ გამოიწვია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული