Thumbnail

ამერიკულ ხმის ჩამწერ აკადემიასთან დაკავშირებული გაუთავებელი კონტროვერსიის მიუხედავად, გრემი მუსიკის სამყაროში ერთ-ერთ ყველზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა და მისი ერთხელ მოპოვებაც კი ამა თუ იმ არტისტისთვის უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს. თუმცა, არსებობენ ისეთი შემსრულებლებიც, რომლებმაც კარიერის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ოქროს გრამოფონს მოუყარეს თავი.

ჩვენს სტატიაში სწორედ გრემის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელ ათ მუსიკოსს წარმოგიდგენთ.

10. ჯეი ზი

ჰიპ ჰოპში გრემის ყველაზე მეტი ჯილდოთი ნიუ იორკის მეფედ წოდებული შონ კარტერი, იგივე Jay-Z ლიდერობს. ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა არტისტმა მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო და კარიერის განმავლობაში როგორც ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ რეპერად, ასევე წარმატებულ ბიზნესმენად და უაღრესად გავლენიან ფიგურად ჩამოყალიბდა. გრემიზე 80-ჯერ ნომინირებულმა ბრუკლინელმა ემსიმ გამარჯვება 23-ჯერ მოიპოვა.

9. ვლადიმირ ჰოროვიცი

ვლადიმირ ჰოროვიცი სამართლიანად სარგებლობს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტის სტატუსით. კიევში 1903 წელს დაბადებული, მოგვიანებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებული მუსიკოსი საკომპოზიტორო მოღვაწეობასაც აქტიურად ეწეოდა, თუმცა სახელი მან, პირველ რიგში, თავისი გამაოგნებელი საშემსრულებლო ტალანტის ხარჯზე გაითქვა. გრემის ჯილდოზე 45-გზის ნომინირებულმა ხელოვანმა გამარჯვებას 25-ჯერ მიაღწია.

8. ჩიკ კორია

ვლადიმირ ჰოროვიცის მსგავსად, ჩიკ კორიამაც გრემის ჯილდოს მოპოვება 25-ჯერ შეძლო, თუმცა ნომინაციების რაოდენობით (67) მას საგრძნობლად უსწრებს. გენიალურმა პიანისტმა, კომპოზიტორმა, არაერთი ჯაზ სტანდარტის ავტორმა და ფიუჟენის მიმდინარეობის ერთ-ერთმა პიონერმა სახელი, როგორც სოლო კარიერით, ასევე რამდენიმე წარმატებულ კოლექტივში მოღვაწეობითა და ეპოქალურ კოლეგებთან თანამშრომლობით გაითქვა.

7. ჯონ უილიამსი

ჯონ უილიამსი ყველა დროის ყველაზე წარმატებული და ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული კინოკომპოზიტორი გახლავთ. ამერიკელმა ხელოვანმა დაუვიწყარი მუსიკალური გაფორმება ისეთი სურათებისთვის შექმნა, როგორებიცაა "იურული პერიოდის პარკი", "ყბები", "ვარსკვლავური ომები", "შინდლერის სია", "ინდიანა ჯონსი" და სხვა. უილიამსი გრემის ჯილდოზე 72-ჯერ იყო ნომინირებული, გამარჯვება კი 25 შემთხვევაში მოიპოვა.

6. სტივი უანდერი

სტივი უანდერმა ბავშვობიდანვე იმდენად საოცარი მუსიკალური ტალანტი გამოავლინა, რომ ლეიბლმა Motown Records კონტრაქტი სულ რაღაც 11 წლის ასაკში გაუფორმა. ორი წლის შემდეგ კი ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა არტისტად იქცა, რომელიც "ბილბორდის" ჩარტს სათავეში მოექცა. ამერიკელმა ვუნდერკინდმა შემოქმედებითი განვითარება არანაკლები წარმატებით განაგრძო დაა დღემდე გრემის 74 ნომინაცია მოიპოვა, საიდანაც 25 შემთხვევაში გაიმარჯვა.

5. პიერ ბულეზი

ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და თეორეტიკოსი, პიერ ბულეზი XX საუკუნის კლასიკური და ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება. ათობით სხვა ჯილდოსა თუ საპატიო ტიტულის მფლობელი ხელოვანი გრემიზე 67-ჯერ იყო ნომინირებული (ძირითადად, საუკეთესო საორკესტრო პერფორმანსის კატეგორიაში), საიდანაც გამარჯვება 26 შემთხვევაში მოიპოვა.

4. ელისონ კრაუსი

ის ფაქტი, რომ 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ამერიკის შეერთებულ შტატებში ქანთრის ერთ-ერთი ქვეჟანრის, ბლუგრასის მიმართ ინტერესი ხელახლა გაღვივდა, დიდწილად სწორედ ელისონ კრაუსის დამსახურებაა. ამერიკელმა მულტიინსტრუმენტალისტმა და ვოკალისტმა პროფესიონალური მოღვაწეობა 14 წლის ასაკში დაიწყო და კარიერის განმავლობაში გრემის 42 ნომინაცია მოიპოვა, საიდანაც გამარჯვებას 27 შემთხვევაში მიაღწია.

3. ბიონსე

დიდი ალბათობით, ამ სიაში ბიონსეს ხილვა ჩვენს მკითხველს დიდად ვერ გააკვირვებს. ამერიკელი სუპერვარსკვლავი გრემის 28 ჯილდოთი მეორე ადგილს ეპოქალურ მუსიკოსთან, ქუინსი ჯონსთან ინაწილებს, კარიერის განმავლობაში კი სულ 79 ნომინაცია აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე პოპის დედოფლად აღიარებული არტისტი ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ქალ მუსიკოსად რჩება.

2. ქუინსი ჯონსი

პოპულარული მუსიკის განვითარებაში ქუინსი ჯონსის მიერ შეტანილი ღვაწლის სიტყვებით აღწერა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ლეგენდარულმა ხელოვანმა სამოცდაათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში უამრავი ბრწყინვალე ალბომი გამოსცა და არაერთი პოპულარული კოლეგის, მათ შორის, მაიკლ ჯექსონის პროდიუსერად მოგვევლინა. ამერიკელი არტისტი გრემის ჯილდოზე 80-ჯერ იყო ნომინირებული, გამარჯვებას კი 28 შემთხვევაში მიაღწია.

1. გეორგ შოლტი

გრემის ყველაზე მეტი ჯილდო უნგრულ-ებრაული წარმოშობის ბრიტანელმა დირიჟორმა, გეორგ შოლტმა მოიპოვა. ეპოქალური კომპოზიტორის, ბელა ბარტოკის მოწაფემ კარიერის განმავლობაში 74 ნომინაციიდან გამარჯვებას 31 შემთხვევაში მიაღწია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლეგენდარული მაესტრო 1967 წელს მუსიკის ინდუსტრიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის გაცემული ჯილდოს, ე.წ. Grammy Trustees Award-ის ისტორიაში პირველ მფლობელად იქცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული