Thumbnail

ნახეთ: სახლები, რომლებიც DMX-მა დაკარგა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ვეტერანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა და მსახიობმა, ერლ სიმონსმა, ფსევდონიმით DMX, მხოლოდ 2010-15 წლებში, ნამუშევრების გაყიდვით, 2,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, თუმცა, 2016 წელს მისი ქონება 500 000-ზე ნაკლები იყო მაშინ, როცა 1 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი ჰქონდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რეპერი ხშირად იყო ფინანსურ კრიზისში და თავი რამდენჯერმე გამოაცხადა გაკოტრებულად. ამას კანონთან დაკავშირებული პრობლემებიც ემატებოდა - შემსრულებელს სხვადასხვა დროს გადასახადებთან დაკავშირებულ თაღლითობას, ალიმენტების გადაუხდელობას, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასა და სხვა დანაშაულებს ედავებოდნენ. ზემოაღნიშნულის გამო მას არაერთხელ იძულებით მოუწია სახლის გაყიდვა, ზოგჯერ წაგებითაც, აგრეთვე, ჩამოერთვა დაგირავებული საცხოვრებლის გამოსყიდვის უფლება.

Funk Flex: მუსიკოსები DMX-ს უნდა დახმარებოდნენ

ემინემი: DMX, გთხოვ, გამაგრდი

წარმოგიდგენთ სახლებს, რომლებსაც დიემექსი წლების განმავლობაში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გამოეთხოვა.

არიზონას შტატი, ქალაქი ქეივ ქრიქი

DMX-მა ეს სახლი მაშინდელ ცოლთან, ტაშერა სიმონსთან ერთად 2003 წელს შეიძინა 575 000 დოლარად. წყვილის საკუთრებაში 8 903 კვ.მ. ფართობის უდაბნოს ტერიტორია და მასზე აგებული, ინდიელთა სოფლებში არსებული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი 343 კვ.მ. ფართობის შენობა გადავიდა ხუთი საძინებელით, ოთხი სააბაზანოთი, სტუმრებისთვის განკუთვნილი ერთსაძინებლიანი ცალკე ნაგებობითა და ცხენების სადგომით. დოკუმენტების თანახმად, რეპერს საგადასახადო ვალდებულებები არ შეუსრულებია, რის შემდეგაც 2008 წელს სახლი ზარალით, 447 056 დოლარად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს პოლიციამ ამ შენობაში რეიდი მოაწყო, როცა რეპერი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობასა და ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული, თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, მუსიკოსი აღნიშნულ სახლს მუდმივ საცხოვრებლად არ იყენებდა.

ქალაქი ნიუ იორკი, ჰარლემი

აღნიშნული ქონება კი რეპერის წარუმატებელ ინვესტიციას უკავშირდება. მან 2001 წელს ცოლთან, ტაშერ სიმონსთან ერთად სამსართულიან სახლში 750 000 დოლარი ჩადო, მის გარემონტებასაც აპირებდა, როცა შეიტყო, რომ საცხოვრებელს ცალკე აპარტემენტებად ვერ დაყოფდა და გააქირავებდა. დიემექსმა რემონტზე ხელი აიღო და სესხის შეტანა დააგვიანა, ბანკმა კი სასამართლოს მიმართა. სახლი 2008 წელს აუქციონზე 120 000 დოლარად გაიყიდა.

ნიუ იორკის შტატი, სოფელი მაუნთ ქისკო

დიემექსი და მისი ყოფილი ცოლი, ტაშერა 10 118 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე აშენებულ 334 კვ.მ. ფართობის შენობაში ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდნენ. სახლი იპოთეკით იყო დატვირთული. 2014 წელს რეპერმა საცხოვრებლის გამოსასყიდად 250 000-დოლარიანი შენატანი გააკეთა, თუმცა, 2016 წელს თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და ეს შენობაც თავის აქტივებში მიუთითა. მისი მტკიცებით, იმ დროს 2 მილიონის ოდენობის ვალი ჰქონდა. 2019 წელს რეპერმა საცხოვრებელი შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას Tasher Way გადასცა. მას შემდეგ, რაც დიემექსმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ბანკროტი იყო, კრედიტორებმა ის სახლის შენარჩუნების მიზნით თაღლითური სქემის შემუშავებაში დაადანაშაულეს. შენობა, რომელიც 2000 წელს რეპერმა 649 000 დოლარად შეიძინა, უძრავი ქონების ბაზარზე 912 ათასად შეფასდა.

სამხრეთ კაროლინას შტატი, ქალაქი ლიმანი

მუსიკოსი 177 კვ.მ. ფართობის სახლში, რომელშიც სამი საძინებელი, ორი სააბაზანო და თერმული წყლით მკურნალობისთვის განკუთვნილი აბაზანა იყო განთავსებული, თავის ამჟამინდელ საცოლესთან, დეზირეი ლინდსტრომთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ ცხოვრობდა. თუმცა, არტისტს ამ ქონების დათმობა მაშინ მოუხდა, როცა საგადასახადო თაღლითობისთვის საპატიმროში აღმოჩნდა.

DMX-ის ბავშვობის სახლი, ნიუ იორკის შტატის ქალაქი იონკერსი

ერლ სიმონსი ბავშვობის სახლსაც გამოეთხოვა. როგორც New York Post წერს, ნიუ იორკის შტატის ქალაქ იონკერსში მდებარე შენობა 2009 წელს დაანგრიეს. საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც დიემექსი იზრდებოდა, მის რამდენიმე ვიდეორგოლშია გადაღებული, მათ შორისაა ამერიკელ მომღერალ Aaliyah-სთან ერთად ჩაწერილი კომპოზიციის Back in One Piece კლიპი.

ერლ სიმონსის საცხოვრებელი ამჟამად ნიუ იორკის შტატის ქალაქ ვაით პლეინსში მდებარეობს. ეს სწორედ ის სახლია, სადაც არტისტმა 2 აპრილს გონება დაკარგა. ის მახლობელ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციით, 50 წლის არტისტს გულის შეტევა დაემართა, ამასთან, გამოცემა TMZ იუწყება, რომ შეტევა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებამ გამოიწვია. სიმონსი წლების განმავლობაში წამალდამოკიდებული იყო, ბოლო პერიოდში კი, სიფხიზლის შენარჩუნებას ცდილობდა და ვაით პლეინსში საცოლესთან, დეზირეისთან და 5 წლის შვილთან, ექსოდუსთან ერთად ცხოვრობდა.

რეპერი DMX საავადმყოფოში ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება

დიემექსმა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს კი სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. 1999 წელს გამოდის რეპერის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ... And Then There Was X, რომელშიც ჰიტი Party Up (Up in Here) შევიდა. დღემდე მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man და Swizz Beatz. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მუსიკოსი რიგით მერვე ალბომზე აქტიურად მუშაობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული