Thumbnail

მობის კიდევ ერთხელ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ნატალი პორტმანთან ურთიერთობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მობიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში მსახიობ ნატალი პორტმანთან ურთიერთობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 2019 წელს გამოცემულ წიგნში Then It Fell Apart მობი წერდა, რომ 1999 წელს ის ნატალის შეხვდა, მასთან ერთად გაისეირნა და საუკუნოვანი მუხის ხის ქვეშ მათ ერთმანეთს აკოცეს. პორტმანმა მონათხრობი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მუსიკოსმა ისტორია იმისთვის მოიგონა, რომ წიგნი დიდი რაოდენობით გაეყიდა.

მოუსმინეთ: Moby ჰიტის Porcelain საორკესტრო ვერსიას აქვეყნებს

The Guardian-ის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ნატალი პორტმანზე მის მიერ მოყოლილი ისტორია ნამდვილი, მობი პასუხობს:

"ამ კითხვაზე კარგი პასუხის გაცემა შეუძლებელია: ერთს იტყვი - საშინელებაა, მეორეს იტყვი და უარესია. ერთ-ერთ ჩემს საყვარელ საჭადრაკო სვლას მაგონებს, რომელიც ბიძაჩემმა მასწავლა - მხედარი ისეთ სვლას აკეთებს, რომ მეფე ქიშშია, თუმცა, პარალელურად, ლაზიერსაც საფრთხე ექმნება. არ არსებობს ამ კითხვაზე ჩემთვის სასარგებლო პასუხი. ამიტომ, ახლა რომ ჭადრაკს ვთამაშობდეთ, ტელეფონს ხელში ავიღებდი და ვიტყოდი, რომ გადაუდებელ საქმეზე მირეკავენ და გავიდოდი. როდესაც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე ვიყავი დამოკიდებული, ეგოისტურად ვიქცეოდი და თავაზიანი არ ვიყავი ყველას მიმართ, მათ შორის ოჯახის წევრების, მეგობრების, გოგონების და იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. რაც შეეხება ნატალი პორტმანს, მომხდარი უფრო კარგად უნდა გამეანალიზებინა. ისიც მიფიქრია, რომ ეს წიგნი საერთოდ არ უნდა დამეწერა, მაგრამ გაყიდვების რაოდენობაც მიმითითებს, რომ არც იმდენად ბევრ ადამიანს წაუკითხავს ის", - ამბობს არტისტი.

წიგნის გამოცემის შემდეგ, 2019 წლის მაისში, ნატალი პორტმანმა განაცხადა, რომ ის მობის თაყვანისმცემელი იყო და სკოლის დამთავრების შემდეგ მის ერთ-ერთ კონცერტსაც დაესწრო. ღონისძიების დასრულების შემდეგ ის მუსიკოსს შეხვდა, მასთან ერთად გარკვეული დროც გაატარა, თუმცა, შემდეგ გაიაზრა, რომ მობი მასზე გაცილებით უფროსი იყო, რომელსაც ისეთი სახის ურთიერთობა სურდა, რაც თავად ნატალისთვის მიუღებელი გახლდათ. მსახიობმა არტისტის კოცნა კატეგორიულად უარყო.

რიჩარდ მელვილ ჰოლი, სასცენო სახელით Moby, 1978 წლიდან მოღვაწეობს. მას კარიერის განმავლობაში 18 ალბომი აქვს გამოშვებული. საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წარმომადგენელს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან თუ ჯგუფებთან უმუშავია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Daft Punk, Pet Shop Boys, New Order, Guns N' Roses, Metallica და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული