Thumbnail

კრის მარტინმა გაიხსენა, ვისზე ფიქრობდა სიმღერის Yellow შექმნისას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay კომპოზიცია Yellow სინგლის სახით 2000 წელს გამოუშვა. სიმღერამ მალევე მსმენელთა მოწონება დაიმსახურა და ბენდის მსოფლიო ჰიტიც გახდა. კოლექტივის ფრონტმენმა, კრის მარტინმა ჰოვარდ სტერნის შოუში ტრეკის შექმნის ისტორია გაიხსენა.

ნახეთ: კადრები, რომელიც Coldplay-ს ჰიტის Yellow კლიპში არ გამოიყენეს

Coldplay ალბომზე Music Of The Spheres მუშაობს

"ხელში გიტარა მეჭირა და სიმღერაზე Shiver ვმუშაობდი, რომელიც, ვფიქრობდით, რომ ჩვენი დიდი ჰიტი გახდებოდა. უელსში, სტუდიაში ვიყავით. უეცრად ოთახში ჩვენი პროდიუსერი, კენ ნელსონი შემოვიდა და გვითხრა, რომ გარეთ ულამაზესი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო. ინსტიქტურად სიმღერა დავიწყე - Look at the stars, Look, how they shine for you (შეხედე ვარსკვლავებს, შეხედე, როგორ ანათებენ შენთვის). იმ მომენტში ნილ იანგზე ვფიქრობდი, რადაგანაც მაშინ მთელი ჯგუფი ნილ იანგის ალბომს Harvest ვუსმენდით. ვცადე, მისთვის მიმებაძა, რომელიც ხალხის აყოლიებას ბრწყინვალედ ახერხებს. შემდეგ არსაიდან ტექსტი მომაფიქრდა, ეს არ ეძღვნებოდა ერთ ქალს, ეს იყო ყველას მისამართით, ვინც კი ოდესმე მყვარებია. სიმღერა 10 წუთში დავწერე", - იხსენებს კრის მარტინი.

Yellow "ქოლდფლეის" სადებიუტო ალბომში Parachutes არის წარმოდგენილი. სიმღერამ რამდენიმე ქვეყნის ჩარტებში მოახერხა მოწინავე პოზიციების დაკავება. ტრეკი არაერთ არტისტს აქვს დაქავერებული.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული