Thumbnail

ნახეთ: მიკ ჯაგერმა და დეივ გროლმა ერთობლივი სიმღერა Eazy Sleazy გაავრცელეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Rolling Stones-ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა და პოპულარული ამერიკული ბენდის, Foo Fighters-ის ვოკალისტმა, დეივ გროლმა ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი, ერთობლივი სიმღერა Eazy Sleazy გაავრცელეს. კომპოზიციის ტექსტი მიკ ჯაგერმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში დაწერა. ტრეკში დრამზე, ბასსა და გიტარაზე დეივ გროლი უკრავს.

ნახეთ: "როლინგ სთოუნზი" 1968 წელს სიმღერას Sympathy for the Devil პირველად ასრულებს

ნახეთ: დეივ გროლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის What Drives Us თრეილერი

სიმღერა კორონავირუსის პანდემიის შედეგებს - გადადებულ კონცერტებს, ცარიელ საფეხბურთო სტადიონებს, მოგზაურობის შეზღუდვებს, ვირტუალურ კინოპრემიერებს, პროგრამა Zoom-ით გამართულ შეხვედრებს, ვაქცინაციის პროცესსა და სხვა თემებს ეხმიანება.

"ეს არის სიმღერა, რომელიც კარანტინის დასრულების შესახებ დავწერე. ცოტა ოპტიმიზმი იყო საჭირო. მადლობა დეივ გროლს, რომ დრამზე, გიტარასა და ბასზე დაუკრა, მასთან ერთად მუშაობა ძალიან სახალისო იყო", - ამბობს მიკ ჯაგერი.

"სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, თუ რას ნიშნავს ჩემთვის მიკ ჯაგერთან ერთად სიმღერის ჩაწერა. ოცნება ამიხდა. ჩემს ცხოვრებაში ამაზე მეტი სიგიჟე რაღა უნდა მოხდეს. ეჭვგარეშეა, რომ ეს კომპოზიცია წლევანდელი ზაფხულის საუნდტრეკი გახდება", - ამბობს გროლი.

მიკ ჯაგერმა კარიერა 1960 წელს დაიწყო. მან განსაკუთრებული პოპულარობა საკულტო ჯგუფ The Rolling Stones-ში მოღვაწეობით მოიპოვა. 1989 წელს ის ბენდთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. მუსიკოსს მონაწილეობა არაერთ ფილმშიც აქვს მიღებული. სადებიუტო სოლო ალბომი კი ჯაგერმა 1985 წელს გამოსცა.

დეივ გროლი 1990-94 წლებში ლეგენდარული ჯგუფის Nirvana დრამერი იყო. კურტ კობეინის თვითმკვლელობისა და ბენდის დაშლის შემდეგ კი მუსიკოსმა როკ კოლექტივი Foo Fighters შექმნა. არტისტმა ორივე ჯგუფში მოღვაწეობისას სულ 16 გრემი მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული