Thumbnail

ისტორიას არაერთი პოპულარული მუსიკალური კოლექტივი ახსოვს, რომლის შემადგენლობაშიც ცოლ-ქმარი ირიცხებოდა. არტისტები, რომლებისთვისაც ბენდში მოღვაწეობა ხშირად ოჯახური თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. 

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

10. ABBA

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფი ერთდროულად ორი წყვილით იყო დაკომპლექტებული. ლეგენდარული კოლექტივის წევრებმა, აგნიეტა ფელტსკუგმა და ბიორნ ულვეუსმა 1971 წელს იქორწინეს, 1980 წელს კი დაშორდნენ (ჰიტი The Winner Takes It All ულვეუსს სწორედ განქორწინების თანმდევმა პროცესებმა შთააგონეს). რაც შეეხება ანი-ფრიდ ლინგსტადსა და ბენი ანდერსონს, მათი ხანგრძლივი რომანი 1978 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა, თუმცა მან მხოლოდ სამ წელს გასტანა. აღსანიშნავია, რომ შვედური კვარტეტი მცირე ხნის შემდეგ, 1982 წელს დაიშალა, რის ერთ-ერთ მიზეზადაც სწორედ ზემოხსენებული მოვლენები სახელდება.

9. Arcade Fire

ამერიკული წარმოშობის კანადელმა მუსიკოსმა, უინ ბათლერმა ეს კოლექტივი თავის მეგობართან, გიტარისტ ჯოშ დიუსთან ერთად მონრეალში 2001 წელს ჩამოაყალიბა. მულტიინსტრუმენტალისტი რეჯინ შასალი მათ დაარსებიდან რამდენიმე თვეში შეუერთდა, 2003 წელს კი ბათლერზე იქორწინა (ცერემონიაზე ერთ-ერთი მეჯვარე სწორედ ჯოში გახლდათ). წყვილმა პროექტის დანარჩენ წევრებთან ერთად მნიშვნელობან წარმატებას მიაღწია - Arcade Fire-მ სხვადასხვა დროს გრემის ცხრა ნომინაცია მოიპოვა და მილიონობით ჩანაწერი გაყიდა, მათი შემოქმედება კი კრიტიკოსებსა და მსმენელებს შორის განსაკუთრებული აღიარებით სარგებლობს.

8. Wings

The Beatles-ის დაშლის შემდეგ პოლ მაკკარტნი უსაქმოდ დიდხანს არ გაჩერებულა და 1971 წელს ახალი კოლექტივი ჩამოაყალიბა, სადაც კლავიშისტის ადგილი მისმა ცოლმა, ლინდამ დაიკავა. ჯგუფის სახელი (ინგ.: ფრთები) პოლს სწორედ ამ უკანასკნელის გართულებული მშობიარობისას მოაფიქრდა, როდესაც ლოცვის დროს ანგელოზს სთხოვდა, მისი ოჯახი ფრთებით დაეფარა. ბენდმა ათი წლის განმავლობაში იარსება, გრემის ექვსი ჯილდო მოიპოვა და 14 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა შეძლო. სამწუხაროდ, ლინდა 1998 წელს ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა, პოლი კი მოღვაწეობას დღემდე აქტიურად განაგრძობს.

7. The White Stripes

ეს პოპულარული როკ პროექტი განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევაა. მსმენელთა მნიშვნელოვან ნაწილს დუეტის წევრები დღემდე შეცდომით და-ძმა ჰგონია, ამ ლეგენდის გავრცელებას კი თავად მუსიკოსებმა შეუწყვეს ხელი, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ოჯახში ათი დედმამიშვილიდან ყველაზე უმცროსები იყვნენ. თუმცა, ეს მხოლოდ მედიის ყურადღების მიპყრობის მიზნით გამოგონილი ისტორია და იმიჯის ნაწილი გახლდათ. სინამდვილეში, ჯეკ გილისმა მეგ უაითზე 1996 წელს იქორწინა და მის გვარზეც გადავიდა. წყვილი ერთმანეთს 2000 წელს დაშორდა, თუმცა ჯეკ უაითი დღემდე ამ სასცენო სახელით მოღვაწეობს.

6. Sonic Youth

1981 წელს ჩამოყალიბებული საკულტო ჯგუფი ექსპერიმენტული როკის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება. ნოუ ვეივის იდეებზე დაფუძნებულმა, ავანგარდულმა ხელწერამ და მუსიკალური ინსტრუმენტების არასტანდარტულ სიხშირეზე მომართვის ტრადიციამ ჟანრში სავსებით ახალი პერსპექტივები გადაშალა, მათი შემოქმედებით შთაგონებული ბენდებისა თუ არტისტების რიცხვი კი იმდენად დიდია, რომ მათ ჩამოთვლა ძალზე შორს წაგვიყვანს. ნიუ იორკული კოლექტივის წევრებმა, კიმ გორდონმა და თიორსტონ მურმა 1984 წელს იქორწინეს, 1994 წელს კი ერთადერთი ქალიშვილიც შეეძინათ. მუსიკოსები ერთმანეთს 2017 წელს დაშორდნენ.

5. Fleetwood Mac

ამ ფოლკ როკ ჯგუფის ისტორია ერთ დიდ, გაუთავებელ დრამას წარმოადგენს. ბენდის ბასისტის, ჯონ მაკკვისა და კლავიშისტის, კრისტინის ოჯახური ცხოვრება 1976 წელს განქორწინებით დასრულდა. ამასთან ერთად, ვოკალისტი სტივი ნიქსს გიტარისტ ლინდსი ბაქინგემთან წლების განმავლობაში კონფლიქტებით აღსავსე სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, შუალედში კი დრამერ მიკ ფლიტვუდთან მცირეხნიანი რომანის გაბმაც მოასწრო. ამ ყველაფრის მიუხედავად, კოლექტივმა მაინც შეძლო არსებობის გაგრძელება და არაერთი ეპოქალური ალბომიც გამოსცა, რომელთა ნაწილის ინსპირაციის წყაროდ სწორედ ზემოხსენებული მოვლენები იქცა.

4. Talking Heads

1975 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივის თავდაპირველ შემადგენლობაში ვოკალისტი დევიდ ბირნი, დრამერი კრის ფრანცი და ამ უკანასკნელის მეგობარი გოგონა, 1977 წლიდან კი ცოლი, ბასისტი თინა უეიმუსი შედიოდნენ. ათასობით არტისტის შთაგონების წყაროდ ქცეული ნიუ იორკული ჯგუფი, რომლის ინოვაციურმა ჟღერადობამაც ალტერნატიული როკის განვითარების გზა შეცვალა, თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად და ნიუ ვეივის პიონერად ითვლება. Talking Heads 1991 წელს დაიშალა, თინა და კრისი კი დღესდღეობით მათ მიერ 1981 წელს ჩამოყალიბებულ ბენდში Tom Tom Club მოღვაწეობენ.

3. The Mamas & the Papas

1965 წელს ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა The Mamas & the Papas ფსიქოდელიური პოპის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პროექტისა და ჰიპების სუბკულტურის მარადიული სიმბოლოს სტატუსი დაიმკვიდრა. არაჩვეულებრივი ვოკალური ჰარმონიებით განთქმული კვარტეტის დე ფაქტო ლიდერი ეპოქალური კომპოზიტორი, ჯონ ფილიპსი იყო, რომელიც რეპერტუარის უდიდესი ნაწილის ავტორი იყო და სიმღერების არანჟირებასაც საკუთარ თავზე იღებდა. ამ უკანასკნელმა ბენდის წევრსა და ამავდროულად წარმატებულ მოდელსა და მსახიობ მიშელ გილიამზე 1962 წელს იქორწინა. წყვილი ერთმანეთს შვიდ წელიწადში, ჯგუფის დაშლიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაშორდა.

2. New Order

მანჩესტერელმა მუსიკოსებმა, ბერნარდ სამნერმა, სტივენ მორისმა და პიტერ ჰუკმა მოღვაწეობა საკულტო პოსტ პანკ კოლექტივში Joy Division დაიწყეს, 1980 წელს ბენდის ფრონტმენის, იენ კერტისის თვითმკვლელობის შემდეგ კი ახალი პროექტი New Order ჩამოაყალიბეს, ჟღერადობა საგრძნობლად შეცვალეს და სინთპოპის შესრულებაზე გადაერთნენ.  ზემოხსენებული ტრიოს გარდა, ჯგუფს კიდევ ერთი წევრი ჰყავს - კლავიშისტი ჯილიან გილბერტი, რომელმაც 1993 წელს მორისზე იქორწინა. წყვილმა სხვადასხვა დროს არაერთი ეპოქალური ჰიტის (Blue Monday, True Faith, Bizarre Love Triangle და სხვა) შექმნაში მიიღო მონაწილეობა და ორი ქალიშვილის აღზრდაც მოასწრო. 

1. Siouxsie and the Banshees

სიუზი სიუს ფსევდონიმით ცნობილმა სიუზენ ბალიონმა პოსტ პანკ კოლექტივი Siouxsie and the Banshees ლონდონში 1976 წელს ჩამოაყალიბა. არსებობის განმავლობაში პროექტმა უამრავი მონაწილე (მათ შორის, Sex Pistols-ის მომავალი ბასისტი სიდ ვიშეზი და The Cure-ის ფრონტმენი, რობერტ სმიტი) გამოიცვალა და არაერთი ბრწყინვალე ნამუშევარი გამოსცა. 1991 წელს სიუმ ბენდის წევრზე და ალტერნატიული როკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო დრამერზე, პიტერ კლარკზე იქორწინა, რომელსაც მსმენელთა უმეტესობა Budgie-ის მეტსახელით იცნობს. ისინი ერთმანეთს 2007 წელს, ჯგუფის დაშლიდან 11 წლის შემდეგ დაშორდნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული