Thumbnail

ნახეთ: როგორია ჯასტინ ბიბერის საგასტროლო ავტობუსი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ჟურნალ GQ-ს თავისი საგასტროლო ავტობუსი დაათვალიერებინა. მან გამოცემას იქ მოწყობილი სამუშაო, დასასვენებელი და გასართობი სივრცეები აჩვენა და ისაუბრა, როგორ შეიცვალა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სამგზავრო მანქანამ დროებით პირველადი დანიშნულება.

ჯასტინ ბიბერმა გაიხსენა, რატომ დამალა პასპორტი კარიერის დასაწყისში

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა პარიზში პერფორმანსი გამართა

"ეს ავტობუსი ერთი წლის წინ ვიყიდე - კარანტინის დროს სახლში უნდა ვყოფილიყავით და ამის ნაცვლად საშუალება მოგვეცა, გვემოგზაურა და თან სოციალური დისტანცირება დაგვეცვა. მშობლიური კანადიდან ჩემს ამჟამინდელ საცხოვრებელ ქალაქში, ლოს ანჯელესში ჩავედით. ძალიან მაგარი მოგზაურობა გამოგვივიდა. არის რაღაც იმაში, როცა შენთვის ხარ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ჯასტინის თქმით, მგზავრობის განმავლობაში ძირითად დროს საძინებელ ოთახში, გამოძინებასა და ფილმების ყურებაში, ატარებს. რაც შეეხება მის საყვარელ ადგილს ავტობუსში, 27 წლის არტისტის თქმით, ეს მისაღებში განთავსებული გასაშლელი დივანია, ყველაზე საჭირო სივრცედ კი ბიბერი სააბაზანოში მოწყობილ ინფრაწითელ საუნას ასახელებს.

"როცა ტურნეში ვარ, შემიძლია, დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი სხეული ოპტიმალურ ფორმაში დარჩება. ტურნეები ხომ ისეთი დატვირთულია, რომ სხეულისთვის მძიმე გადასატანია. ყოველ ღამით დაახლოებით საათნახევარი დგახარ სცენაზე, რაც პროფესიონალი ათლეტის დატვირთვას უტოლდება. ასე რომ, ეს არის ადგილი, სადაც აუცილებელ ზომებს მიმართავ, რომ ფორმაში დარჩე. ამიტომაა საუნები სასარგებლო", - ამბობს მომღერალი.

მუსიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ ავტობუსით მოგზაურობა მას კრეატიულ განწყობას უქმნის:

"როცა ტურნეში ვარ, აქ იკრიბებიან ჩემი ბენდი, მოცეკვავეები და გუნდის წევრები და შემოქმედებითი კუთხით ხელსაყრელი სივრცე იქმნება. ავტობუსში რამდენიმე სიმღერა მაქვს დაწერილი, თუმცა, ამ კონკრეტულში ჯერჯერობით არა. მაგალითად, მემფისისკენ მგზავრობისას დავწერე კომპოზიცია Memphis, რომელიც ალბომში Journals შევიდა".

ხოლო კითხვაზე, რომელია ავტობუსთან დაკავშირებული საუკეთესო მოგონება, ბიბერმა უპასუხა:

"ერთხელ, 10-საათიანი მგზავრობის დროს, მე, ალფრედო ფლორესმა და ჩემმა კიდევ ერთმა მეგობარმა აქ მუსიკალური ვიდეო გადავიღეთ დრეიქის სიმღერაზე Find Your Love. ცუდი ხარისხის კადრები იყო, პროფესიონალური ვიდეოკამერით არ გადაგვიღია. მართლაც, ძალიან გავერთეთ".

საგასტროლო ავტობუსში საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო ორთქლის საშხაპით, ინფრაწითელი საუნა, სამუშაო და გასართობი სივერცეები, ტელევიზორები და ჩაშენებული კარადებია განთავსებული ტანსაცმელისა და ფეხსაცმლისთვის. კედლები ჯასტინის მეგობარი ხელოვანის, ჯო ტერმინის ნამუშევრებით არის გაფორმებული, ჭერში კი დიოდური ნათურებია დამონტაჟებული.

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ბოლო ალბომი Justice მომღერალმა 2021 წლის მარტში გაავრცელა.

► მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა ახალი ალბომი Justice გაავრცელა

► ჯასტინ ბიბერს ალბომის ლოგოს მოპარვაში ადანაშაულებენ

კომენტარები

ბოლოს დამატებული