Thumbnail

კადრები, რომელშიც Nirvana ჰიტს Smells Like Teen Spirit სცენაზე პირველად ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკულმა კოლექტივმა, Nirvana-მ კომპოზიცია Smells Like Teen Spirit პირველად 1991 წლის 17 აპრილს სიეტლის ერთ-ერთ ბარში, OK Hotel-ში შეასრულა. შოუ ნაჩქარევად დაიგეგმა - "ნირვანას" წევრები საწვავის ფულის გამომუშავებას ცდილობდნენ, რათა ალბომის Nevermind ჩასაწერად ლოს ანჯელესში ჩასულიყვნენ. ამის შესახებ ადგილობრივი პანკ ჯგუფის, The Gits-ის დრამერი, სტივ მორიარტი წიგნში Everybody Loves Our Town: An Oral History of Grunge საუბრობს.

ხელოვნურმა ინტელექტმა Nirvana-სა და ემი უაინჰაუსის ახალი სიმღერები შექმნა

დეივ გროლი: Nirvana-ს ამ სიმღერას რომ ვუსმენ, გული მტკივა

"ლოს ანჯელესამდე ჩასასვლელად საწვავის ფული რომ ეშოვათ, ბოლო მომენტში ჩაატარეს კონცერტი OK Hotel-ში. ჯგუფი რამდენიმე ასეული დოლარით გაემგზავრა ლოს ანჯელესისკენ, დანარჩენი უკვე ისტორიაა", - იხსენებს მორიარტი.

კიდევ ერთი ადგილობრივი მუსიკოსი, კურტ ბლოჩი, რომელიც იმ საღამოს მაყურებელთა რიგებში იმყოფებოდა, ამავე წიგნში საუბრობდა:

"ლეგენდარული შოუ იყო. სულ რამდენიმე კონცერტი არსებობს, რომლებმაც ჟანრი განსაზღვრეს და ეს ნამდვილად ერთ-ერთი მათგანი იყო. მახსოვს, მუსიკოს ნილსონ ბერნშეინის გვერდით ვიდექი, სცენიდან გამოაცხადეს, ეს ახალი სიმღერააო და Teen Spirit-ის დაკვრა დაიწყეს. მე და ნილსონს ერთად აღმოგვხდა - ჯანდაბა, ეს დაუჯერებლად მაგარი სიმღერააო".

როგორც გამოცემა Ultimate Classic Rock წერს, კომპოზიცია ამ დროს ჯერ კიდევ შექმნის პროცესში იყო და კოლექტივს არც ჰქონია მოლოდინი, რომ მას ასეთი აღიარება მოჰყვებოდა. 1994 წელს ფრონტმენი, კურტ კობეინი ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში ამბობდა:

"ყოველ ღამე ქალაქ ტაკომაში ჩავდიოდით რეპეტიციებზე და სიმღერებს ვქმნიდით. მე იდეალური პოპ კომპოზიციის დაწერას ვცდილობდი. Smells Like Teen Spirit-ში გიტარის რიფი დიდად არაფრით გამოირჩეოდა. როცა ის მოვიფიქრე, კრის ნოვოსელიჩმა შემომხედა და თქვა - სასაცილოდ ჟღერსო. მე კი კოლექტივის წევრებს დავაძალე, საათნახევრის განმავლობაში ეს მელოდია დაეკრათ".

პერფორმანსიდან რამდენიმე კვირაში "ნირვანამ" სამხრეთ კალიფორნიაში, Sound City Studios-ში რიგით მეორე ალბომის Nevermind სესიები დაიწყო და კომპოზიცია სტუდიაში სწორედ მაშინ ჩაწერა. 1991 წელს გამოშვებულ სიმღერაზე გადაღებულმა ვიდეორგოლმა ბენდს MTV Video Music Awards-ის ორი ჯილდო მოუტანა. Smells Like Teen Spirit გრემიზეც იყო წარდგენილი, საუკეთესო როკ სიმღერის კატეგორიაში. უფრო დეტალურად მის შესახებ popmusic-ის მიერ მომზადებულ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

სიმღერის ისტორია: Smells Like Teen Spirit

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს, მისი დამაარსებლის, კურტ კობეინის თვითმკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, გრემის მფლობელი ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული