Thumbnail

10 სიმღერა, რომლის სახელწოდებაშიც მთვარეა ნახსენები

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

უხსოვარი დროიდან მოყოლებული მთვარე და მისი იდუმალება კაცობრიობისთვის შთაგონების ერთ-ერთ გამორჩეულ წყაროს წარმოადგენს. ჩვენი პლანეტის მარადიული თანამგზავრი ამა თუ იმ ფორმით არაერთ მუსიკალურ ნაწარმოებში ფიგურირებს. ამ სტატიაში კი ათ გამორჩეულ სიმღერას წარმოგიდგენთ, რომლის სახელწოდებაშიც ეს ციური სხეულია ნახსენები. 

ნახე სრული ფლეილისტი

10. Frank Sinatra - Fly Me to the Moon

კომპოზიტორ ბარტ ჰოვარდის მიერ 1954 წელს შექმნილი ჰიტი სხვადასხვა დროს უამრავმა ცნობილმა არტისტმა შეასრულა, თუმცა პოპულარობით ლეგენდარული ფრენკ სინატრას მიერ 1964 წელს ჩაწერილ ვერსიას ვერცერთი შეედრება. გამოჩენილი ჯაზ პიანისტის, ქაუნთ ბეისის აკომპანემენტითა და ეპოქალური ქუინსი ჯონსის არანჟირებით შექმნილმა ტრეკმა გამოსვლისთანავე უდიდესი წარმატება მოიპოვა და თავის დროზე Apollo 11-ის მისიის ნაწილადაც კი იქცა. ჩანაწერი კოსმოსურ ხომალდზე კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენამდე, ადამიანის მიერ მთვარეზე ფეხის პირველად დადგმამდე მცირე ხნით ადრე ჟღერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2012 წელს ნილ არმსტრონგი უკანასკნელ გზაზე სწორედ ზემოხსენებული სიმღერის თანხლებით გააცილეს.

9. Television - Marquee Moon

ნიუ იორკში 1973 წელს დარსებული ბენდის სადებიუტო ალბომი Marquee Moon სამართლიანადაა აღიარებული პოსტ პანკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად. ნამუშევრის ცენტრალური, ამავე სახელწოდების მქონე კომპოზიცია ჟანრის ტრადიციებს არ ღალატობს და გაუცხოების, უიმედობის, მარტოობისა და დეპრესიის შესახებ მოგვითხრობს, გარესამყაროს კი უაღრესად პირქუშ ფერებში ხატავს. აღსანიშნავია, რომ ტრეკის ლირიკაში გამოყენებული მეტაფორები, განსაკუთრებით, მთვარის სიმბოლიკა ძალზე ბუნდოვანია, მათი მნიშვნელობა კი მხოლოდ კოლექტივის ფრონტმენმა და სიმღერის ავტორმა, ტომ ვერლენმა უწყის. თუმცა, ეს უკანასკნელი საკუთარი ტექსტების ზუსტი შინაარსის განმარტებაზე დღემდე მტკიცე უარს აცხადებს.

8. Neil Young - Harvest Moon

ლეგენდარული კანადელი არტისტის, ნილ იანგის ეს რომანტიკული ქანთრი როკ ბალადა მსმენელთა თუ კრიტიკოსთა მიერ მის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციადაა აღიარებული. ამ მოსაზრებას თავად ავტორიც ეთანხმება და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ  ნამუშევარი მისთვის განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ატარებს. საქმე იმაშია, რომ ჩანაწერის ადრესატი, რომელსაც ტექსტის მიხედვით, ნილი მთვარის შუქზე საცეკვაოდ იწვევს, მისი იმჟამინდელი ცოლი, პეგი გახლდათ. ეს უკანასკნელი 1983 წლიდან ქმრის ბენდში მოღვაწეობდა და ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეორგოლში სწორედ მასთან ცეკვავს. წყვილი ერთმანეთს 2014 წელს დაშორდა, ხუთი წლის შემდეგ კი პეგი ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.

7. The Doors - Moonlight Drive

1965 წლის ივლისის საღამოს ლოს ანჯელესის პლაჟზე ორი ახალგაცნობილი თანასკოლელი, რეი მანზარეკი და ჯიმ მორისონი მისეირნობდნენ. ამ უკანასკნელმა საუბრისას შემთხვევით ახსენა, რომ სიმღერებს წერდა და რეის მხრიდან შეგულიანების შემდეგ ერთ-ერთის ტექსტიც წაიმღერა - Let's swim to the moon, let's climb through the tide, penetrate the evening that the city sleeps to hide. მანზარეკი მყისვე მიხვდა, რომ უნიკალურ ტალანტთან ჰქონდა საქმე და მორისონს ბენდის დაარსება შესთავაზა. ბიჭებმა კოლექტივს ოლდოს ჰაქსლის წიგნის "აღქმის კარები" შთაგონებით The Doors დაარქვეს, ორ წელიწადში კი ზემოხსენებული კომპოზიცია Moonlight Drive-ის სახელწოდებით მეორე სტუდიურ ალბომში Strange Days შეიტანეს.

6. Nick Drake - Pink Moon

Pink Moon ინგლისელი ფოლკ არტისტის, ნიკ დრეიქის მესამე და უკანასკნელი, ამავე სახელწოდების მქონე სტუდიური ალბომის ცენტრალური კომპოზიციაა. სიმღერის ენიგმატური ტექსტის ინტერპრეტირება მრავალნაირადაა შესაძლებელი, თუმცა გავრცელებული მოსაზრების თანახმად, "ვარდისფერი მთვარე" სიკვდილის მეტაფორაა, რომელსაც ვერავინ გაექცევა. მუსიკოსი, რომელიც ჩანაწერის გამოცემიდან სამ წელიწადში გარდაიცვალა, იმხანად მძიმე დეპრესიას განიცდიდა იყო, შესაბამისად, მისი მხრიდან ასეთი ფატალისტური განწყობა გაკვირვებას დიდად არ იწვევს. ნამუშევარმა გამოსვლისას განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიპოვა, თუმცა დღესდღეობით საკულტო სტატუსით სარგებლობს.

5. Creedence Clearwater Revival - Bad Moon Rising

ლეგენდარული კოლექტივის ფრონტმენმა, ჯონ ფოგერთიმ აპოკალიპტური მინიშნებებით სავსე ეს კომპოზიცია ფილმში "ეშმაკი და დენიელ უებსტერი" დამანგრეველი ქარიშხლის სცენის ხილვის შემდეგ დაწერა. ნამუშევარი, ჯგუფის კიდევ ერთი უკვდავი ჰიტის Fortunate Son მსგავსად, ჯერ ვიეტნამის ომში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების ფავორიტ სიმღერად, მოგვიანებით კი არაერთი მხატვრული ფილმის, ტელესერიალისა თუ ვიდეოთამაშის საუნდტრეკად იქცა. საინტერესოა, რომ ჩანაწერი განსაკუთრებული პოპულარობით არგენტინაში სარგებლობს, სადაც გულშემატკივრები მას საფეხბურთო კლუბებისა თუ ეროვნული ნაკრების მატჩებზე ძალზე ხშირად ასრულებენ.

4. Radiohead - Sail to the Moon

ფორტეპიანოზე აგებული ბალადა ბრიტანული ბენდის ფრონტმენმა, ტომ იორკმა თავისი ორი წლის შვილისთვის, ნოასთვის სპონტანურად დაწერა. ტრეკი ბენდის შემოქმედებაში ყველაზე პოლიტიზებულ და მკვეთრად საპროტესტო პათოსის მქონე ალბომში Hail to the Thief შევიდა, რომელიც თანამედროვე სამყაროს მიმართ გაუცხოებითა და ანტიპათიითაა სავსე. ჩანაწერის ხაზგასმით ნიჰილისტური განწყობის გათვალისწინებით, სავსებით გასაგები ხდება, თუ რატომ სთხოვდა მუსიკოსი შვილს ამ სიმღერაში ბიბლიური სეხნიის მსგავსად კეთილისა და ბოროტის გარჩევა ესწავლა, საჭირო დროს კი კიდობანი აეგო და გეზი მთვარისკენ აეღო, რადგან დედამიწაზე თავშესაფარი დარჩენილი უკვე აღარ იქნებოდა.

3. Björk - Moon

ბიორკის ამ კომპოზიციის ტექსტი მთვარის ფაზებსა და დედამიწაზე მათ გავლენას აღწერს. ტრეკში არფაზე შესრულებული ოთხი სხვადასხვა პარტია სიმბოლურად სწორედ მათ ასახავს, ინსტრუმენტალის რამდენიმე მონაკვეთი კი პოპულარული მუსიკისთვის საკმაოდ უჩვეულო 5/8 ზომაშია გადაწყვეტილი. კიდევ უფრო უცნაურია კომპოზიციის ზოგადი სტრუქტურა, რომელიც უაღრესად ეგზოტიკურ, 17/8 ზომაზეა აგებული. ერთი სიტყვით, გენიალური ნაწარმოებია, რომელიც ისლანდიელი ხელოვანის უნიკალურ ტალანტსა და ავანგარდულ ხელწერას ხაზს განსაკუთრებით მკაფიოდ უსვამს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჩანაწერზე შექმნილი, ძალზე შთამბეჭდავი ვიზუალური ნამუშევარიც.

2. Tom Waits - Drunk on the Moon

მუსიკაში და ზოგადად, ხელოვნებაში მთვარე ხშირად სევდასთან და მელანქოლიასთან ასოცირდება. ეს ემოციები კი განსაკუთრებით ეფექტურად საკულტო არტისტის, ტომ უეითსის შემოქმედებაშია ასახული, რომლის სპეციფიკურ იმიჯსაც მსგავსი ესთეტიკა ყოველთვის ძალიან უხდებოდა. დედამიწის ღამეული თანამგზავრი ამერიკელი არტისტის არაერთ ნამუშევარში ფიგურირებს, მათგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი Drunk on the Moon გახლავთ. კლასიკური ჯაზ პოპის სტილში გადაწყვეტილი კომპოზიცია უეითსის ლირიკული ტალანტის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა - იმ განუმეორებელი ხიბლითა და კოლორიტით აღსავსე, რომელიც მხოლოდ მის პოეზიას ახლავს თან.

1. Billie Holiday - Blue Moon

ცნობილი საკომპოზიტორო დუეტის, რიჩარდ როჯერსისა და ლორენც ჰანტის მიერ 1934 წელს შექმნილი ეს სიმღერა დიდი ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა - ეს ერთ-ერთი პირველი ნამუშევარია, რომელშიც 1950-იან წლებში მოდად ქცეულ, მოგვიანებით კი მასობრივად გავრცელებულ აკორდების პროგრესიაზე I-vi-IV-V იყო აგებული. კომპოზიცია სხვადასხვა ეპოქაში ათობით პოპულარულმა არტისტმა თუ ბენდმა გადაამღერა (ელვის პრესლი, ბობ დილანი, ბინგ ქროსბი, The Beatles, The Supremes და სხვა), მისი უთვალავი ვერსიიდან კი ჩვენს სიაში შესატანად ბილი ჰოლიდეის ფსევდონიმით ცნობილი ლეგენდარული ჯაზ ვოკალისტის, ელეანორა ფეიგანის მიერ ჩვეული ელეგანტურობით შესრულებული ჩანაწერი შევარჩიეთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული