Thumbnail

ჟურნალი People წერს, რატომ დაშორდა ჯენიფერ ლოპესი ალექს როდრიგესს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი და მისი საქმრო, ბეისბოლის ვარსკვლავი, ალექს როდრიგესი ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ მეგობრებად დარჩენა ამჯობინეს. ჟურნალი People შეეცადა, გაერკვია, რატომ მივიდა წყვილი ამ გადაწყვეტილებამდე. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, მათ ურთიერთობაში ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ.

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ადასტურებენ, რომ დაშორდნენ

"ეს ჯეილოს გადაწყვეტილება იყო. ზედმეტად ბევრი უთანხმოება ჰქონდათ. ის ბოლომდე ვერ ენდობოდა ალექსს. ჯენიფერი არც ისე ბედნიერი იყო და თვლიდა, რომ როდრიგესთან დარჩენა მის საუკეთესო ინტერესებში არ შედიოდა", - ციტირებს "ფიფლ" მომღერლის მეგობრის სიტყვებს.

გამოცემა კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით წერს, როგორ აისახა წყვილის ურთიერთობაზე კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იზოლირებულად ყოფნა.

"ორივეს მოსწონდა დროის ერთად ტარება ოჯახურ გარემოში, მაგრამ რადგან ერთმანეთს ყოველდღე ხედავდნენ, რთული აღმოჩნდა მათ ურთიერთობაში არსებული ნაპერწკლის შენარჩუნება", - ამბობს წყვილთან დაახლოებული პირი.

ლოპესის და როდრიგესის დაშორების შესახებ მედიაში ჯერ კიდევ მარტში დაიწერა. იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსს რეალითი შოუს Southern Charm ვარსკვლავ მედისონ ლეკროისთან ჰქონდა ახლო კავშირი. წყვილმა მაშინ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კვლავ ერთად იყვნენ, თუმცა, ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები ჰქონდათ. ჟურნალი People კი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ უთანხმოების მიზეზი მესამე პირი არ ყოფილა.

ჯენიფერ ლოპესი: ასაკის მატებას ვერ გავექცევით, მაგრამ შეგვიძლია, გვიან დავბერდეთ

წყვილი 2017 წლიდან ერთად ცხოვრობდა. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი ოფიციალურად დაინიშნენ. 2020 წლის ზაფხულში ჯეილო და ალექსი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავდნენ იტალიაში, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები ჩაეშალათ. მომღერალს წინა ქორწინებიდან 13 წლის ტყუპი და-ძმა, ემა და მაქსი ჰყავს, როდრიგესი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯენიფერი და ალექსი შვილებთან ერთად

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული