Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Keny Arkana - Victoria

კენი არკანა არგენტინული წარმოშობის ფრანგი რეპერი ქალია ქალაქ მარსელიდან. მარსელი კი ყველაზე მულტინაციონალური, მულტიკულტურული და "რთული" ქალაქია საფრანგეთში. მუსიკოსის კვლევის საგანიც "რთული" ახალგაზრდა მარსელელების სოციალური პრობლემებით გაჯერებული ყოველდღიური ცხოვრებაა. ის უმოწყალოდ აკრიტიკებს ისთებლიშმენტს, მაგრამ ამასთანავე ყველას მოუწოდებს, პროტესტის ვექტორი საკუთარი თავისკენაც მიმართოს - სხვაგვარად არაფერი გამოვაო.

კენიზე მემარცხენე მედიაში დიდი ხმაურია ატეხილი. მას ხმის მომხიბლავი ტემბრი აქვს და უნარიანადაც რეპავს, თუმცა მისი ნამუშევრების მუსიკალური შემადგენელი საკმაოდ ბანალური და ერთფეროვანია. მაგრამ, აი, ეს კომპოზიცია ძალიან მომწონს. ის სამშობლოში გატარებულ ბავშვობის წლებსა და იმ აუტანელ ყოფას შეეხება, რომელშიც ღარიბი არგენტინელები იმყოფებიან იქაური პოლიტიკური თუ ბიზნეს ელიტის წარმომადგენელთა გამო, რომლებსაც "აქვთ დიდი კუჭი, მაგრამ არა აქვთ გული". მოკლედ, ძალიან მძიმე სიმღერაა, უზარმაზარი ტკივილითა და სასოწარკვეთით გაჯერებული. ის არკანამ კლაუდიო ერნესტო გონზალესთან ერთად ჩაწერა, რომელიც არგენტინაში, ალბათ, ლეგენდარული პიროვნებაა, თუმცა მე მის შესახებ არაფერი ვიცი.

9. Eddie Cochran - Summertime Blues

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმღერა პირველი სოციალური შინაარსის მქონე ტრეკია როკ-ენ-როლში. თინეიჯერი ჩივის, ჩემი ბოსი ვირივით მამუშავებს და მხოლოდ ერთ დოლარს მიხდის, შეყვარებულიც კი არ შემიძლია სადმე დავპატიჟო, მშობლები კიდევ მეუბნებიან, უნდა იმუშავო, შვილო, თუ გინდა უიქენდზე მანქანა გათხოვოთო. სამუშაოზე არ წავედი, ბოსი მოვატყუე, ავად ვარ და სახლში დავრჩები თქო, მშობლებმა კი ამის გამო დამსაჯეს. დასახმარებლად კონგრესმენს მივმართე, მან კი მომიგო, სიამოვნებით დაგეხმარებოდი, შვილიკო, მაგრამ ჯერ ისეთი პატარა ხარ, რომ არჩევნებში ხმას ვერ მომცემო.

მოკლედ, ეს თინეიჯერული დრამა ისე მახვილგონივრულად, სახალისოდ და ირონიულად აქვს კოკრენს გადმოცემული, როგორც არავის არც მანამდე და არც მის მერე. ამ სიმღერაში აშკარად იკვეთება როკ-ენროლის სამომავლო მესიჯიც - აი, გავიზრდებით და ყველას დედას გიტირებთ, ყველაფერს თავზე დაგამხობთ. სამწუხაროდ, თვითონ ედი იმ ბედნიერ ეპოქას ვერ მოესწო, ავტოკატასტროფაში დაიღუპა 22 წლის ასაკში. ისევე, როგორც მისი დიდი თაყვანისმცემელი, სიდ ვიშესი, რომელიც საკუთარ თავს კოკრენის უშუალო მემკვიდრედ მიიჩნევდა.

8. Midnight Oil - The Dead Heart

1980-იანების მიწურულს ეს ალბომი ყველა თავმოყვარე თბილისელ ალტერნატივშიკს სახლში აუცილებლად უნდა ჰქონოდა. მართალია, დიდაც არც ვიცოდით, რაზე აპელირებდა ეს ავსტრალიური კოლექტივი, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვან ბრძოლაში რომ იყვნენ ჩაბმული, იმთავითვე ცხადი იყო. დიახ, "მიდნაით ოილ" მარტო მუსიკალური ბენდი არ იყო. ეს იყო პატარა თემი, რომელიც აქტიურად ცდილობდა საზოგადოებისთვის აეხსნა, თუ რა უსამართლოდ ექცეოდნენ ბრიტანული წარმოშობის ავსტრალიელები იქაურ აბორიგენ მოსახლეობას, რა მძიმე ყოფაში ჩააგდეს ისინი, როცა თავის დროზე უვარგის მიწებსა და ტერიტორიებზე გადაასახლეს და როგორ ანადგურებდნენ მათ კულტურას წლების განმავლობაში.

სწორედ ამის შესახებაა ეს კომპოზიცია, რომელიც ჰიტიც კი გახდა, როგორც ავსტრალიაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღესდღეობით, სამშობლოში ამ ბენდს ყველა დროის საუკეთესო ავსტრალიურ ბენდად მიიჩნევენ, მათ მიერ 1987 წელს გამოცემულ ჩანაწერს Diesel and Dust კი ყველა დროის საუკეთესო ავსტრალიურ ალბომად. ეს არც არის გასაკვირი, "მიდნაით ოილის" უკან გაცილებით მეტი რამ დგას, ვიდრე მხოლოდ კარგი მუსიკა. მათ ზურგს რადიკალური ცვლილებების წყურვილი უმაგრებს და ეს რომ მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ არის, ამაზე ამ ჯგუფის საგმირო საქმეებიც ნათლად მეტყველებს.

7. The Impressions - Choice of Colors

შავკანიან მუსიკოსებში "იმფრეშნს" იყო პირველი, ვინც საკუთარი ტექსტების მთავარ თემად სოციალური პრობლემები აქცია, თანაც აშკარა რელიგიური კონტექსტით, რაც, რა თქმა უნდა, გოსპელის გავლენას უკავშირდებოდა. ცხადია, მათი ვექტორი აფროამერიკულია, რასობრივ თემატიკაზე აქცენტირებული, თუმცა ჯგუფის ლიდერი, კურტის მეიფილდი რევოლუციის იდეას უარყოფდა. მისი აზრით, კონფრონტაციის გაღვივებას საზოგადოებაში ტოლერანტობის, ლიბერალიზმისა და ჰუმანიზმის დეფიციტი იწვევდა და ეს მარტო თეთრებს არ ეხებოდა.

"ფერის არჩევისას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას, ძმებო, თეთრსა თუ შავს? რომელია მართალი, ვისაც დღე მოსწონს, თუ ვისაც ღამე? თუ შენ ვერ იტან შენი სკოლის თეთრ მასწავლებელს, ვინ გითხრა, რომ შავი მოძღვარის შეყვარებას შეძლებ? ადამიანებმა ბევრი რამ უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე მიივიღოთ. საჭიროა ცოტა მეტი განათლება, სამშობლოს სიყვარული და საზოგადოებაც უკეთესი გახდება", - მღერის კურტისი ამ კომპოზიციაში და აშკარაა, რომ პირველ რიგში, სწორედ საკუთარ თავსა და რასაში ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას და უკვე შემდეგ სხვებში. ძნელია მის ხედვაში ეჭვის შეტანა, დღესაც კი. აი, ჩვენ შეგვაქვს და იმიტომაც ვიმკით.

6. Chumbawamba - Tumthumping

ეს ბრიტანელი პანკ-ანარქისტები თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში ატერორებდნენ ყველას, ვინც უმწეო ადამიანების ღირსებას თრგუნავდა, 1990-იანებში კი მსხვილ ლეიბლთან დადეს კონტრაქტი და ეს მეგაჰიტი ჩაწერეს. ფანებმაც ბენდს მყისვე ღალატში დასდეს ბრალი, ტრეკი კი მეამბოხე პათოსისგან დაცლილად გამოაცხადეს. არადა, ასეთი ორიგინალური სოციალურ-პროლეტარული სიმღერა პოპ მუსიკაში მე პირადად მეორე არ მეგულება.

"მე დამაგდეს, მაგრამ წამოვდექი. დამაგდეს, მაგრამ წამოვდექი. დამაგდეს, მაგრამ წამოვდექი. თქვენ მე ვერასდროს გამტეხთ. დავხეტიალობ ღამის ბარებში. აგერ, ის ვისკის სვამს, ის არაყს, ის ლუდს, ის კიდევ სხვა რამეს. ის კი სიმღერას მღერის და კარგი დროება აგონდება. მე დამაგდეს მაგრამ წამოვდექი. მე დამაგდეს, მაგრამ წამოვდექი. თქვენ მე ვერასდროს გამტეხთ" და ა.შ. არანაირი აპათია და სასოწარკვეთა, როგორც ტექსტში, ასევე მუსიკაში. პირიქით, სრული პოზიტივი და ოპტიმიზმი, მტრების ჯინაზე. "ჩუმბავამბა" არ გაცვდა და ამაზე ისიც მეტყველებს, Brit Awards-ის ცერემონიაზე ამ სიმღერის შესრულებისას ბენდის ფრონტმენმა პირველ რიგში მყოფ პრემიერ მინისტრის მოადგილეს, ჯონ პრესკოტს ცივი წყალი რომ გადაასხა თავზე, ხოლო ამერიკაში ტელეარხ ABC-ზე ინტერვიუს დროს ფანებს სახალხოდ მოუწოდა, არ იყიდოთ ჩვენი ალბომი, უბრალოდ მაღაზიიდან მოიპარეთო. მოკლედ, ანარქისტს სამარეც ვერ გამოასწორებს და ძალიანაც კარგი, თუ ვერ გამოასწორებს.

5. M.I.A. - Paper Planes

მათანგი "მაია" არულპრაგასამის, იგივე M.I.A.-ს მშობლები სამართლიანობისა და სოციალური გარდაქმნებისთვის მებრძოლი ინტელიგენტები იყვნენ შრი ლანკაში. შვილიც ღირსეული გაზარდეს, ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ მისი შემოქმედება სოციალურ თემატიკას ეძღვნება. იქიდან გამომდინარე, რომ თავად უკვე დიდი ხანია, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, მისი ფოკუსი სწორედ ემიგრანტების, მათი პრობლემებისა და მათ მიმართ დამოკიდებულებისკენაა მიმართული. "ქაღალდის თვითმფრინავებიც" სწორედ ასეთი კომპოზიციაა - ირონია იმ სტერეოტიპებზე, რომლებიც ევროპაში ემიგრანტების მიმართ არსებობს.

მაია საკმაოდ არასწორხაზოვანი არტისტია, ამიტომაცაა ამდენი ალუზია ამ ტრეკში. მთავარი აქ, ალბათ, ისაა, რომ შემსრულებელი, ერთი მხრივ, მაქსიმალურად ინარჩუნებს თავისთვის მშობლიურ სამხრეთაზიულ აკუსტიკურ იდენტობას, მეორე მხრივ კი, ახერხებს შექმნას გლობალური მუსიკა - სერიოზული, მახვილგონივრული და სახალისოც კი. მისმა მეორე სტუდიურმა ალბომმა Kala, ისევე, როგორც ამ ტრეკმა, საყოველთაო აღტაცება გამოიწვია 2007 წელს. ვფიქრობ, დღეს კიდევ უფრო ეფექტურად ისმინება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.

4. Grandmaster Flash & The Furious Five - The Message

ჰიპ ჰოპი, როგორც სუბ თუ კონტრკულტურა და არტისტული იდენტობის გამოვლენის სრულიად განსხვავებული მეთოდი, უკვე 1970-იანების მეორე ნახევრიდან არსებობდა, მაგრამ მაინც სოულისა და დისკო მუსიკის იატაკქვეშა სატელიტად აღიქმებოდა და ბრონქსის საშიშ ჯურღმულებს იშვიათად სცდებოდა. "მესიჯმა" კი ეს ყველაფერი შეცვალა და ჰიპ ჰოპის მეინსთრიმში შეღწევა უზრუნველყო.

გრენდმასტერ ფლეში ამბობდა, რომ ბრონქსის კლუბებში უმთავრესად ცხოვრების უკუღმართობით გაღიზიანებული, გაკრიმინალებულ-გამეძავებული ახალგაზრდები დადიოდნენ, რომლებიც ცდილობდნენ, მთელი ნეგატივი დაწესებულების გარეთ დაეტოვებინათ, იქ კარგი დრო გაეტარებინათ და ეცეკვათ, ამიტომაც, თავიდან ვეჭვობდით, სოციალური პრობლემებისადმი მიძღვნილი ტრეკი გაამართლებდა თუ არა. პრინციპში, ჩვენ არც არაფერი მოგვიფიქრებია, უბრალოდ ჩავწერეთ ის, რასაც გარშემო ვხედავდით და საერთოდ, ამ ტექსტის ავტორები ჩვენ არც ვართ, მისი ავტორი ბრონქსის მთელი მოსახლეობააო. ნარატივი, ისტორია, შინაარსი სწორედ ამ კომპოზიციის შემდეგ ხდება გადამწყვეტი ჰიპ ჰოპში. სწორედ მის შემდეგ იძენს ახალ სუნთქვას აფროამერიკელთა სოციალურ-კულტურული მოძრაობა, აფროფუტურიზმი თუ "ბლექ ფაუერ" დისკურსი. თუმცა, იმ შორეულ 1982 წელს მოვლენათა ასეთ განვითარების ჯერ ვერავინ წარმოიდგენდა.

3. The Specials - Gangsters

1970-იანი წლების მიწურულს დიდ ბრიტანეთში პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალურ-რასობრივი ვნებები დუღდა. ახალი ტალღის მუსიკოსები კი თავს ვალდებულად თვლიდნენ, მოვლენათა ეპიცენტრში ყოფილიყვნენ. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ საკუთარი სიმღერებით ყველა შესაძლო პრობლემას ეხმაურებოდნენ. ამ თვალსაზრისით, "სფეშალსი" ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლოა. ისინი ახალგაზრდობის სოციალურ პრობლემებს იკვლევდნენ, შემდეგ კი თავის ნააზრევს აკუსტიკურად მარტივ, დემოკრატიულ და მხიარულ, იამაიკური სკას ფორმატში ფუთავდნენ.

მუსიკოსების სადებიუტო კომპოზიციაც სწორედ ასეთია: "რატომ იწერთ ჩემს სატელეფონო ზარებს, მათი ალბომის სახით გამოცემას გეგმავთ? მეუბნებოდნენ, რომ განგსტერები ხიფათს მიქმნიან, მაგრამ ახლა თავად ისინი მემუქრებიან. ხალხი, რომელიც კანონს დანაშაულის ჩასადენად იყენებს. ამბობენ, რომ, თუ სიმართლეს ვიმღერებ, ვარსკვლავად ვერ მაქცევენ. მომავალზე ფიქრიც კი საშიშია, როდესაც განგსტერების დროში ვცხოვრობთ". უნდა ითქვას, რომ ამ ჯგუფის სიმღერები საკმაოდ დიდი რეზონანსს იწვევდა მაშინ. ბევრი რასისტ-ნაცისტიც გაალევაკეს და სერიოზული წვლილიც შეიტანეს ქვეყანაში პოლიტკორექტულობის საბოლოო გამარჯვებაში.

2. Stevie Wonder - Living for the City

სტივი უანდერი ამ კომპოზიციაში საკმაოდ მძიმე პრობლემას შეეჭიდა: რა სჯობს, იცხოვრო პატარა პროვინციულ ქალაქში, სადაც რესურსები ძალზე ცოტაა, ძნელია მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა, მაგრამ თავის გატანა რაღაცნაირად მაინც შესაძლებელია, თუ წახვიდე დიდი ქალაქში, სადაც საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად მეტი შესაძლებლობა გაქვს, მაგრამ გარანტირებული არაფერია, რადგანაც შეიძლება ცდუნებამ წაგძლიოს და რამდენიმე ცენტის გამო წლობით ციხეში აღმოჩნდე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შავკანიანი ხარ.

ის, რაც საკმარისია პატარა ქალაქში ბედნიერი ცხოვრებისთვის, სულაც არააა საკმარისი მეგაპოლისში თავის გასატანად. სტივი კი ამბობს, რომ რაღაცები აუცილებლად შესაცვლელია, მაგრამ როგორ, არ იცის. ამიტომაცაა, რომ ნერვიულობს, ეჭვობს, განიცდის და ბრაზობს, თან ისე ენერგიულად და გენიალურად, როგორც მხოლოდ მას შეეძლო ერთ დროს. მართლაც, საოცარია აქ სტივი, როგორც კომპოზიტორი, შემსრულებელი, პროდიუსერი და სოციალური აქტივისტიც კი.

1. The Jam - Town Called Malice

"უმჯობესია შეწყვიტო მშვიდ ცხოვრებაზე ოცნება, რადგან ამას ვერასდროს ვეღირსებით. გეყოფა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რაც არასდროს ჩაგიდენია. დრო ისედაც ცოტაა, ცხოვრება კი სასტიკი, მაგრამ მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, როგორმე შევცვალოთ ქალაქი, რომელსაც ჰქვია ბრაზი. ასობით მარტოხელა დიასახლისი რძის რიგში, გულში რომ ჩაუხუტებია ცარიელი ბოთლები, ცრემლით დასველებულ ძველ სასიყვარულო წერილებს გასაშრობად კიდებს, მაგრამ ცრემლების უკვე აღარავის სჯერა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბრაზი. ბრძოლა ბრძოლის წილ, წლიდან წლამდე, ჰაერი გაყინულია და მეც ქვასავით ცივი ვარ. ყველა ელოდება საკვირაო ვახშამს შემწვარი ხორცით, კორპორაციებს უტევენ ლუდის ან საბავშვო ნივთების გაიაფების მოთხოვნით. დავდივარ წრეზე. ვხედავ ბავშვებს სათამაშო მოედანზე, ვუსმენ მოჭრიალე კარუსელებს და სიცილს, რომელიც ქარში იკარგება. მე საათობით შემიძლია ამის კეთება და ალბათ, ასეც ვიზამ, მაგრამ მირჩევნია, ოდნავ მაინც დავაბრუნო სიხარული ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბრაზი".

ჯგუფის ლიდერის, პოლ უელერის ტექსტების ხარისხიანად თარგმნა საკმაოდ რთულია. ის არ დეკლამირებს, არ ისვრის ლოზუნგებს და რიგითი მოქალაქეების დათრგუნული ყოფისა თუ ფრუსტრაციის ჩვენებით სოციალური პრობლემების გამოაშკარავებას ცდილობს. დღესაც კი, უზარმაზარ ფესტივალებზე ამ კომპოზიციის შესრულებისას, ჩერდება და ათეულ ათასობით ადამიანი ტექსტს მის ნაცვლად მღერის. სწორედ ასე უხდიან მადლობას კაცს, რომელიც თავის დროზე მათ სულისკვეთებასა და მისწრაფებებს გამოხატავდა და იმედებიც არასდროს გაუცრუებია.


0. უცნობი - ქვეყანაშია ფერები მუქი

ნებისმიერი ქართველი არტისტი, რომელიც საკუთარ სიმღერებში სოციალურ თემებზე კომენტირებას ცდილობს, შექების ღირსია. მეორე საკითხია ის, თუ ვის, რა და როგორ გამოსდის, რამდენად ხვდება მიზანს და იგრძნობა თუ არა ნამუშევრებში კრეატიულობა და ორიგინალური ხედვა. ამ კუთხით თუ შევხედავთ, გრეჩიხას "გამუქებულ ქვეყანაში" საერთოდ არაფერი იგრძნობა. ერთი ბანალური ნამუშევარია, ღორების ღრუტუნიც კი რომ ვერ შველის საქმეს. აკუსტიკური სემპლები პრიმიტიულია და უაზრო, ტექსტში კი არის პათოსი, მაგრამ უაღრესად ზედაპირული. ხმის ტემბრი ურიგო არ აქვს, მაგრამ არანაირი შეშფოთება თუ აღშფოთება მის ნამღერში არ იგრძნობა, არადა ლამისაა აპოკალიფსი დაგვიხატოს კაცმა. საბოლოო ჯამში, ავტორმა სინამდვილე მექანიკურად გადმოხატა და არა გამოხატა, ეს კი სხვადასხვა რამეა.

ირონია და იუმორი ასეთ დროს არანაკლები იარაღია, გრეჩიხა კი სერიოზულია და გულწრფელად სჯერა, რომ სწორედ ის არის "ხმა ღვთისა და ხმა ერისა". ისე, ქართულ პაპსაში სოციალურ თემაზე შექმნილი პირველი ტრეკი კია, ამიტომაც მიიქცია თავის დროზე ყურადღება, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა, როცა ამ სიმღერის ბურჟუაზიულ-ნომენკლატურული პრეზენტაცია შედგა რუსთაველის აკადემიურ თეატრში, ნეონებით აბრდღვიალებული აფიშების ფონზე. რაც შეეხება მიწვეულ საზოგადოებას, ამის შესახებ კარგად დაწერა ერთმა მაშინ - პრეზენტაციას უმთავრესად სწორედ ის ღორები ესწრებოდნენ, რომლებიც უცნობმა თავის სიმღერაში ჯოჯოხეთში გაამწესაო.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული