Thumbnail

ფრენკ სინატრას ნამღერი The Beatles-ის ჰიტი, რომელიც ჯორჯ ჰარისონს არ მოსწონდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ჰიტი Something არაერთ ცნობილ არტისტს აქვს შესრულებული, მათ შორის ეპოქალურ ამერიკელ მუსიკოს ფრენკ სინატრას. თუმცა, ამ უკანასკნელის ვერსიას სიმღერის ავტორის, ჯორჯ ჰარისონის აღფრთოვანება არ დაუმსახურებია.

სიმღერა, რომელიც ჯორჯ ჰარისონმა პირველ ცოლთან დაშორებას მიუძღვნა

ჯორჯ ჰარისონის რჩეული ალბომი The Beatles-ის შემოქმედებიდან

"როდესაც Something-ს ვწერდი, გონებაში რეი ჩარლზის შესრულებით ჩამესმოდა. წლების შემდეგ მან მართლაც იმღერა ეს კომპოზიცია. ფრენკ სინატრას ვერსიით კი სულაც არ აღვფრთოვანებულვარ - ახლა უფრო მომწონს ის, ვიდრე მაშინ. სინატრა ჩემს წინა თაობას ეკუთვნის. უფრო მეტად დავინტერესდი, როცა ეს სიმღერა სმოუქი რობინსონმა და ჯეიმს ბრაუნმა შეასრულეს. ახლა სხვა აზრზე ვარ. გავაცნობიერე, რომ, როდესაც კომპოზიციას ბევრი მუსიკოსი აქავერებს, ის კარგი ნამუშევარია", - ამბობდა ჯორჯ ჰარისონი წიგნში The Beatles: Anthology.

ფრენკ სინატრა ამ კომპოზიციას საკუთარ კონცერტებზე ხშირად ასრულებდა. მან ტრეკს "ბოლო 50 წლის საუკეთესო სასიყვარულო სიმღერა" უწოდა. თუმცა, არტისტს არაერთხელ შეშლია, რომ ნამუშევარი ჯონ ლენონსა და პოლ მაკკარტნის ეკუთვნოდათ.

ბენდის წამყვანი გიტარისტის, ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილი კომპოზიცია 1969 წელს გავრცელდა. ალბომის Abbey Road გაყიდვაში ჩაშვებიდან ორ კვირაში კი კოლექტივმა ის ორმაგი სინგლის სახით გამოსცა სიმღერა Come Together-თან ერთად, რის შემდეგაც ნამუშევარი ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა.

1960-70 წლებში ჯორჯ ჰარისონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრი იყო ჯონ ლენონთან, პოლ მაკკარტნისა და რინგო სტართან ერთად. ჰარისონმა ჯერ კიდევ "ბითლზის" დაშლამდე გამოუშვა ორი ალბომი. სოლო კარიერის განმავლობაში ის აქტიურად მართავდა ტურნეებს და თანამშრომლობდა რინგო სტართან, ერიკ კლეპტონთან, ტომ პეტისთან და სხვა არტისტებთან. ჯორჯი 2001 წელს, 58 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული