Thumbnail

10 გამორჩეული საუნდტრეკ ალბომი, რომელიც ოსკარის გარეშე დარჩა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ამერიკული კინოაკადემიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალზე ხშირად მწვავე კონტროვერსიის საფუძველი ხდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც მხატვრული ფილმის საუკეთესო მუსიკალური გაფორმების ნომინაცია გახლავთ. სხვადასხვა ეპოქაში ოსკარის გარეშე არაერთი ისეთი საუნდტრეკი დარჩა, რომელიც დღეს საკულტო სტატუსითა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ გამორჩეულ საუნდტრეკ ალბომს წარმოგიდგენთ, რომელმაც თავის დროზე ოსკარი ვერ დაიმსახურა.

10. Clint Mansell - Requiem for a Dream

1986-96 წლებში კლინტ მენსელი ინდასტრიალ როკ ბენდის Pop Will Eat Itself შემადგენლობაში მოღვაწეობდა. მაშინ ამ პანკური ვარცხნილობის მქონე, უცნაურ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდის შემხედვარე ნაკლებად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ ის მომავალში კინომუსიკის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ ფიგურად იქცეოდა, მის ნაწარმოებებს კი მსოფლიოს წამყვანი ორკესტრები ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში შეასრულებდნენ. თუმცა, ფაქტია, რომ ამერიკელმა არტისტმა ტრანსფორმაციის ეს გზა წარმატებით განვლო.

მენსელმა თავისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი დარენ არონოფსკის ფილმისთვის "რექვიემი ოცნებაზე" ჯგუფ Kronos Quartet-თან თანამშრომლობით შექმნა. ეს საუნდტრეკი ნარკოდამოკიდებულების თემაზე შექმნილი სურათის მძიმე, დეპრესიულ განწყობას სრული დრამატიზმით გადმოსცემს, მასში შესული კომპოზიციის Lux Aeterna მელოდიას კი დიდი ალბათობით, აქამდეც მოჰკრავდით ყურს. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ნიჭის მქონე კომპოზიტორი ოსკარზე ნომინირებული არასდროს ყოფილა.

9. Michael Nyman - The Piano

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ოსკარზე ნომინირებული არც მაიკლ ნაიმანი ყოფილა. გენიალური ინგლისელი კომპოზიტორი, რომელსაც 2008 წელს კულტურის  სფეროში განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიენიჭა, ტიტულების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, თუმცა კინოაკადემიის მხრიდან ასეთი მასშტაბისა და ღვაწლის მქონე ხელოვანის სრული იგნორირება უხერხულობის განცდას ნამდვილად ტოვებს.

ნაიმანის შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარული ჯეინ კემპიონის ფილმისთვის "პიანინო" შექმნილი მუსიკალური გაფორმება გახლავთ. 1993 წელს გამოცემულმა, პოსტ-მინიმალიზმის სტილში გადაწყვეტილმა საუნდტრეკ ალბომმა პლატინის სტატუსი მოიპოვა. მასში შესული კომპოზიციებიდან კი გამორჩეული ცნობადობით ჰიტად ქცეული The Heart Asks Pleasure First სარგებლობს, რომელმაც ადგილი კლასიკური მუსიკის არაერთი ვარსკვლავის რეპერტუარში დაიმკვიდრა.

8. Danny Elfman - The Nightmare Before Christmas

კლინტ მენსელის მსგავსად, დენი ელფმანმაც შემოქმედებითი მოღვაწეობა როკ ჯგუფის შემადგენლობაში დაიწყო. ამერიკელმა არტისტმა 1979 წელს ნიუ ვეივ ბენდი Oingo Boingo ჩამოაყალიბა, 1985 წლიდან კი ხელი კინოკომპოზიტორობას მიჰყო და ამ სფეროში დიდ წარმატებასაც მიაღწია. ელფმანის დისკოგრაფიაში ათობით ბრწყინვალე საუნდტრეკ ალბომი შედის. ის სხვადასხვა დროს ოთხჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე ფილმის საუკეთესო მუსიკალური გაფორმების ნომინაციაში, თუმცა ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო.

კომპოზიტორმა თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩანაწერი ჰენრი სელიკის ანიმაციური მიუზიკლისთვის "კოშმარი შობის წინ" შექმნა, რომლის პროდიუსერიც მისი ჩვეული პარტნიორი, რეჟისორი ტიმ ბარტონი იყო. ეს შესანიშნავი ნამუშევარი დღესაც გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს, მასში შესული კომპოზიციები კი არაერთმა ცნობილმა არტისტმა გადაამღერა, თუმცა ამერიკულმა კინოაკადემიამ ელფმანის ბრწყინვალე ალბომი ნომინაციის გარეშე დატოვა.

7. Ennio Morricone - The Good, the Bad & the Ugly

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს მიერ სპაგეტი ვესტერნისთვის "კარგი, ცუდი და ბოროტი" შექმნილი გაფორმება, დიდი ალბათობით, კინომუსიკის ისტორიაში საუკეთესო ნამუშევარია. სერჯიო ლეონეს ფილმის საუნდტრეკ ალბომი, ფაქტობრივად, სრულყოფილია, მისი წამყვანი თემის მელოდია კი სავარაუდოდ, ჩვენს თითოეულ მკითხველს ეცნობა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამოსვლისას ამ ბრწყინვალე ჩანაწერს კრიტიკოსთა უმეტესობის მხრიდან უკიდურესად გულგრილი დამოკიდებულება ხვდა წილად.

საქმე იმაში გახლავთ, რომ თავის დროზე სპაგეტი ვესტერნები უარყოფითი რეპუტაციით სარგებლობდნენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს ეპოქალური სურათი აღმოჩნდა. თუმცა, ამერიკულმა კინოაკადემიამ მორიკონეს ტალანტის სათანადოდ დაფასება ვერც მოგვიანებით ისწავლა - გენიალურმა კომპოზიტორმა ზემოხსენებულ ნომინაციაში პირველად და ერთადერთხელ 2016 წელს, გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე გაიმარჯვა. მას ოსკარი კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის "საძულველი რვიანი" დაწერილი მუსიკისთვის გადაეცა. 

6. Philip Glass - Koyaanisqatsi

1982 წელს გამოსული "კოიანისკაცი" (აცტეკთა ენაზე: არეული ცხოვრება) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, დამაინტრიგებელი და არაორდინარული ნამუშევარია ექსპერიმენტული კინემატოგრაფის ისტორიაში. რეჟისორ გოდფრი რეჯიოს ფილმი ბუნების ლანდშაფტებს, ტექნოლოგიურ მიღწევებსა თუ ყოველდღიური ცხოვრების სცენებს ყოველგვარი სიუჟეტისა თუ დიალოგების გარეშე გვაჩვენებს. მთლიანობაში კი, ეს ერთგვარი მედიტატიური, ფილოსოფიური თვითჩაღრმავების პროცესი უფროა, ვიდრე სტანდარტული სურათი.

"კოიანისკაცი" დღესდღეობით საკულტო სტატუსით სარგებლობს, რაც დიდწილად ლეგენდარული ფილიპ გლასის დამსახურება გახლავთ. ამერიკელი კომპოზიტორის მიერ შექმნილი საუნდტრეკი კინომუსიკაში მინიმალიზმის ელემენტების გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ შემთხვევად ითვლება და ფილმის უნიკალური ატმოსფეროს შექმნაში უდიდეს როლს თამაშობს. თუმცა, თავის დროზე ამერიკულმა კინოაკადემიამ ეს ბრწყინვალე ჩანაწერიც ნომინაციის გარეშე დატოვა.

5. Hans Zimmer - Interstellar

ჰანს ციმერის თანამედროვეობის ყველაზე პოპულარულ კინოკომპოზიტორად მოხენიება ზედმეტად უფერული შეფასება იქნებოდა. გერმანელი ხელოვნის ნამუშევრები ისეთი ცნობადობით სარგებლობენ, რომ მისი სახელი დიდი ხანია კინომუსიკის სინონიმად იქცა. უცნაურია, რომ კოლოსალური წარმატების მიუხედავად, ციმერმა ოსკარი კარიერაში მხოლოდ ერთხელ, სურათისთვის "მეფე ლომი" შექმნილი საუნდტრეკით მოიგო.

ჰანს ციმერის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალი კრისტოფერ ნოლანის ფილმის "ინტერსტელარი" საუნდტრეკი გახლავთ. სურათში მოქმედება შავ ხვრელებში, ოთხგანზომილებიან ტესერაქტში და ეგზოპლანეტებზე ვითარდება, მისი მუსიკალური გაფორმება კი ისეთივე ემოციური და გრანდიოზულია, როგორც მთელი ეს არაამქვეყნიური თავგადასავალი. ციმერის ნამუშევარი 2014 წელს ოსკარზე იყო ნომინირებული, თუმცა ალექსანდრ დესპლას მიერ "გრანდ ბუდაპეშტ ჰოტელისთვის" შექმნილ ჩანაწერთან დამარცხდა.

4. Thomas Newman - American Beauty

ტომას ნიუმენი საუკეთესო მუსიკალური გაფორმების კატეგორიაში ოსკარზე საერთო ჯამში თოთხმეტჯერ იყო ნომინირებული, თუმცა გამარჯვებას ვერცერთხელ მიაღწია. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მამამისმა, ალფრედმა კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდო ცხრაჯერ მოიპოვა. არადა, ამერიკელმა კომპოზიტორმა უამრავი დაუვიწყარი საუნდტრეკი შექმნა, მათ შორის, სემ მენდესის ფილმისთვის "ამერიკული სილამაზე", რომლის შემთხვევაშიც ოსკარი ჯონ კორილიანოსთან (ფილმით "წითელი ვიოლინო") კონკურენციაში დათმო.

კორილიანოს ნამუშევარი უაღრესად შთამბეჭდავია და ვერ ვიტყვით, რომ ჯილდო დაუმსახურებლად მოიპოვა, თუმცა ნიუმენის საუნდტრეკი რომ არანაკლებ ღირსეული კანდიდატი იყო, ამაზე პირველ რიგში კომპოზიცია Any Other Name მეტყველებს, რომლის მელოდიური ხაზი რამდენადაც მარტივი, იმდენად გენიალური გახლავთ. "რთულია, გაბრაზდე, როდესაც სამყაროში ამდენი სილამაზეა" - მენდესის ფილმის ლაიტმოტივად ქცეული ფრაზის შინაარსს საუკეთესოდ, ალბათ, სწორედ ეს ნაწარმოები ასახავს.

3. Angelo Badalamenti - Mulholland Drive

იტალიური წარმოშობის ამერიკელი კომპოზიტორი, ანჯელო ბადალამენტი და რეჟისორი დევიდ ლინჩი ეპოქალურ არტისტულ დუეტად დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდნენ. ამერიკელი კინოხელოვანის შემოქმედების მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ მისი ხაზგასმით არაორდინარული ხელწერის შესახებ, ანჯელო კი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ლინჩის სიურრეალისტური, მაგიური რეალიზმით აღსავსე სამყაროდან უცნაური ხმების დაჭერა და მათი მუსიკად გარდაქმნა შეუდარებლად გამოსდის.

ლინჩის გახმაურებული თრილერისთვის  "მალჰოლენდ დრაივი" ანჯელოს მიერ შექმნილი მუსიკა ისეთივე მისტიკური, ამოუცნობი მელანქოლიითაა სავსე, როგორითაც თავად ეს სურათი. ამ ფილმში დამალული მინიშნებების ამოხსნას ლეგენდარული რეჟისორის თაყვანისმცემლები დღემდე ცდილობენ, ჩვენ კი უფრო ის შეკითხვა გვაწუხებს, რატომ დატოვა კინოაკადემიამ მისი ბრწყინვალე საუნდტრეკი უყურადღებოდ. მეტიც, ბადალამენტი თავისი ხანგრძლივი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში ოსკარზე ნომინირებული არასდროს ყოფილა.

2. Vangelis - Blade Runner

საკულტო ფსიქოდელიური როკ ბენდის Aphrodite's Child წევრი, ევანგელოს პაპატანასიუ კინომუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ბერძენი ხელოვანი საუკეთესო მუსიკალური გაფორმების კატეგორიაში ოსკარზე მხოლოდ ერთხელ, 1981 წელს, ფილმისთვის "ცეცხლოვანი ეტლები" იყო წარდგენილი და გამარჯვებასაც მიაღწია, თუმცა მისი კიდევ ერთი ეპოქალური ნამუშევარი, სამეცნიერო-ფანტასტიკური სურათის "დანის პირზე მორბენალი" საუნდტრეკი თავის დროზე ნომინაციის გარეშე დარჩა.

ცნობილი რეჟისორის, რიდლი სკოტის ამ ფილმს უთვალავ სხვა ღირსებასთან ერთად მისი სპეციფიკური, ნეო-ნუარის ესთეტიკაში გადაწყვეტილი ატმოსფეროც გამოარჩევს, რომელიც ვანგელისის მუსიკის გარეშე ასეთი შთამბეჭდავი ნამდვილად ვერ იქნებოდა. ბერძენი კომპოზიტორის მიერ სინთეზატორებისა და ეთნიკური ინსტრუმენტების გამოყენებით შექმნილმა საუნდტრეკმა Blade Runner-ის ფუტურისტული, პირქუში სამყარო საოცრად ხელშესახებად წარმოაჩინა და ელექტრონული მუსიკის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

1. Bernard Herrmann - Psycho

ბერნარდ ჰერმანი კინომუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურაა, ოღონდ ამ ფრაზაში სიტყვა "ერთ-ერთი", შესაძლოა, სრულიად ზედმეტი იყოს. ეპოქალური კომპოზიტორის, დირიჟორის, ელექტრონული ინსტრუმენტების ფართოდ გამოყენების პიონერისა და არაერთი ინოვაციის ავტორის შემოქმედება შედევრებითაა სავსე, თუმცა ისტორიული მნიშვნელობით რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის საკულტო ფილმისთვის "ფსიქო" შექმნილ საუნდტრეკს მათგან ვერცერთი შეედრება.

სურათის განუმეორებელი ატმოსფეროს შექმნაში განსაკუთრებულ როლს სწორედ ჰერმანის დაძაბულობითა და შიშით სავსე საუნდტრეკი თამაშობს. ლეგენდარულმა ხელოვანმა მისი საფირმო, მინორულ-მაჟორული სეპტაკორდის ოსტატური გამოყენებითა და სიმებიანი სექციის ინტენსიური დატვირთვით სასპენსისა და ჰორორის ჟანრებში ახალი მუსიკალური სტანდარტი დააწესა, რომელსაც კომპოზიტორები დღემდე აქტიურად მისდევენ. ტრაგიკომიკურია, რომ ამ მასშტაბის ნამუშევარმა თავის დროზე ოსკარზე ნომინაციაც კი ვერ დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული