Thumbnail

საკმაოდ ხშირად, პოპულარული კომპოზიციები ეფექტურად გადამღერების შემდეგ სავსებით ახალ, დამაინტრიგებელ ესთეტიკას იძენენ. ამ ტენდენციის განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევებს მაშინ ვაწყდებით, როდესაც როკისა თუ მეტალის ჟანრებში მოღვაწე არტისტები პოპ ჰიტების საკუთარ, საინტერესო ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სტატიაში სწორედ ათი ცნობილი პოპ სიმღერის გამორჩეულ როკ ქავერს წარმოგიდგენთ.

10. Tame Impala - Confide in Me (Kylie Minogue)

ავსტრალიელი ვარსკვლავის, კაილი მინოუგის კომპოზიცია Confide in Me პოპ მუსიკის უაღრესად შთამბეჭდავი და დახვეწილი ნიმუშია, მისი სათანადოდ შესრულება კი განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს. ასეთი გამორჩეული ტალანტის მქონე არტისტის თანამემამულე, პროექტის Tame Impala ლიდერი კევინ პარკერი გახლავთ, რომელმაც მინოუგის ჰიტი მისთვის ჩვეული, ფსიქოდელიური ჟღერადობით 2015 წელს გადაცემაში Triple J ბრწყინვალედ შეასრულა.

9. Sonic Youth - Superstar (The Carpenters)

გამოჩენილი ამერიკელი კომპოზიტორების, ლეონ რასელისა და ბონი ბრამლეტის მიერ 1969 წელს დაწერილი სიმღერა Superstar სხვადასხვა დროს არაერთმა არტისტმა შეასრულა, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარობით პოპ ფოლკ დუეტის The Carpenters ნამუშევარი სარგებლობს. 1994 წელს ამ ჯგუფის თაყვანისმცემლებმა, ეპოქალური როკ ბენდის Sonic Youth წევრებმა კომპოზიციის ეს ბრწყინვალე ქავერ ვერსია სწორედ თავიანთ ლეგენდარულ კოლეგებს მიუძღვნეს.

8. Marilyn Manson - Sweet Dreams (Eurythmics)

ორიგინალური ვერსიებისგან მკვეთრად განსხვავებულ, საგრძნობლად დამძიმებულ ქავერებზე საუბრისას მელომანების დიდ ნაწილს პირველ რიგში სწორედ ეს ჩანაწერი ახსენდება. კონტროვერსიული ამერიკელი არტისტი, მერილინ მენსონი პოპ ჰიტების ინდასტრიალ მეტალის სტილში გადამღერებას ყოველთვის შესანიშნავად ახერხებდა. განსაკუთრებული წარმატებით კი ეს საქმე სინთპოპ დუეტის Eurythmics კომპოზიციის Sweet Dreams (Are Made of This) შემთხვევაში გამოუვიდა.

7. Manic Street Preachers - Umbrella (Rihanna)

ბარაბადოსელი სუპერვარსკვლავის, რიანას ჰიტი Umbrella სწორედ იმ დამაინტრიგებელი ქარიზმითა და ენერგიითაა დამუხტული, რომელიც როკ არტისტებს მაგნიტივით იზიდავს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ სხვადასხვა დროს მისი გადამღერება ჟანრში მოღვაწე არაერთმა ბენდმა სცადა. მათ შორის ეს საქმე ყველაზე შთამბეჭდავად უელსური ჯგუფის Manic Street Preachers წევრებს გამოუვიდათ, რომლებმაც ჩანაწერი მათი მერვე სტუდიური ალბომის Send Away the Tigers სპეციალურ გამოცემაში შეიტანეს.

6. Bruce Springsteen - Stayin' Alive (The Bee Gees)

პოპულარული ტრიოს The Bee Gees წევრები, ძმები გიბები ბრწყინვალე ვოკალისტებთან ერთად უნიჭიერესი კომპოზიტორებიც გახლდნენ, მათი სონგრაითერული შესაძლებლობების ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება კი უკვდავი დისკო ჩანაწერი Stayin' Alive გახლავთ. ეს კომპოზიცია ლეგენდარულმა ბრიუს სპრინგსტინმა სავსებით განსხვავებულ, ჰართლენდ როკის სტილში შეასრულა, თუმცა ორიგინალზე არანაკლებ ჩამთრევი და ეფექტური ნამუშევარი რომ გამოუვიდა, მოსმენისას თავადაც დარწმუნდებით.

5. The Bates - Billie Jean (Michael Jackson)

ერთი შეხედვით, პოპ ჰიტის პანკის ესთეტიკაში გადამუშავება დიდი ვერაფერი იდეაა, თუმცა მსგავსი მცდელობები დადებით შედეგით იმაზე გაცილებით ხშირად სრულდება, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდით. ამ მხრივ თვალსაჩინო შემთხვევა პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის კომპოზიციის Billie Jean ქვემოთ წარმოდგენილი ქავერი გახლავთ, რომელიც როკ ბენდს The Bates ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ეს ჩანაწერი გერმანული ჯგუფის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად იქცა.

4. Travis - Baby One More Time (Britney Spears)

ამა თუ იმ კომპოზიციის წარმატებით გადამღერებისთვის უამრავი მეთოდი არსებობს, მათ შორის კი განსაკუთრებით ეფექტური ორიგინალისგან რადიკალურად განსხვავებული არანჟირებით შესრულება გახლავთ. ამ ტენდენციის გამორჩეულად შთამბეჭდავი მაგალითის ხილვა ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოში შეგიძლიათ, სადაც შოტლანდიური ბრიტპოპ ბენდი Travis ამერიკელი ვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის დენს პოპ ჰიტის Baby One More Time აკუსტიკურ ვერსიას ასრულებს.

3. The White Stripes - Jolene (Dolly Parton)

საკულტო არტისტის, დოლი პარტონის მიერ 1973 წელს გამოცემული ქანთრი პოპ ბალადა Jolene მისთვის საფირმო ელეგანტურობითა და ზომიერად მელანქოლიური განწყობითაა სავსე. ამერიკული როკ დუეტის, The White Stripes-ის მიერ შესრულებულ ვერსიაში კი მსგავსი ატმოსფეროს ნატამალსაც ვერ წააწყდებით - პირიქით, ამ ქავერს განსაკუთრებით საინტერესოდ და დამაინტრიგებლად სწორედ ჯგუფის ფრონტმენის, ჯეკ უაითის უკიდურესად ექსპრესიული, თითქმის ისტერიული შესრულების მანერა წარმოაჩენს.

2. Sid Vicious - My Way (Frank Sinatra)

ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ჩანაწერებიდან ეს ქავერი განსაკუთრებით უჩვეულოა. ეპოქალური ბრიტანული ბენდის The Sex Pistols წევრის, სიდ ვიშეზის მიერ ფრენკ სინატრას ჰიტის My Way ცინიკური გადამღერება დღემდე როკ-ენ-როლის ისტორიის ერთ-ერთ საკულტო მომენტად მიიჩნევა. ეს გამოსვლა პანკის იდეოლოგიას, ალბათ, სრულყოფილად ასახავს, მისი ნახვის შემდეგ კი ნათელი ხდება, თუ რატომ მოიხსენიებდნენ სიდს საუკეთესო მუსიკოსად, რომელსაც ამ საქმიანობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა.

1. Yngwie Malmsteen - Gimme! Gimme! Gimme! (ABBA)

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პოპ კოლექტივის, ABBA-ს ჩანაწერები სხვადასხვა ეპოქაში ასეულობით არტისტმა გადაამღერა. თუმცა, ვეჭვობით, რომ მათი ნამუშევრის ასეთ არაორდინარულ, თანაც ძალზე ეფექტურ ქავერს იშვიათად თუ წააწყდებოდით. შვედური ჯგუფის ჩანაწერი Gimme! Gimme! Gimme! მათმა თანამემამულე გიტარისტმა, ინგვეი მალმსთიინმა ნეოკლასიკური მეტალის სტილში მისთვის ჩვეული ვირტუოზობით შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული