Thumbnail

DMX უკანასკნელ ინტერვიუში: ბავშვობაში ანგელოზი ვიხილე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ტელეკომპანია TV One-ის ბიოგრაფიულ გადაცემაში Uncensored გავლენიანი ნიუ იორკელი რეპერის, ერლ სიმონსის, იგივე DMX-ის უკანასკნელი ინტერვიუ გავიდა, რომელიც მის გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ჩაიწერა. მასში დიემექსი სხვადახვა თემაზე, მათ შორის ბავშვობაზე საუბრობს, რომელიც ნიუ იორკის შტატის ქალაქ იონკერსში გაატარა. მუსიკოსთან ერთად ამ პერიოდს დედამისი, არნეტ სიმონსიც იხსენებს. როგორც არტისტმა ინტერვიუში მოგვითხრო, მას 4 წლის ასაკში მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც ანგელოზი იხილა.

28 მაისს DMX-ის ახალი ალბომი EXODUS გამოიცემა

18 დეკემბერი ნიუ იორკის შტატში DMX-ის დღედ გამოცხადდება

დედის თქმით, მეგობრის სანახავად წავიდა და პატარა ერლიც წაიყვანა უმცროს დასთან ერთად. ქალმა ბიჭს სთხოვა, შენობის სიახლოვეს დალოდებოდა და დისთვის მიექცია ყურადღება.

"დედამ შენობის წინ დაგვტოვა და გვითხრა, აქედან ფეხი არ მოიცვალოთო. მე კი ქუჩაში ათცენტიანი ვიპოვე და მაშინვე მაღაზიაში წავედი კანფეტისა და ბურთის საყიდლად. მაღაზიიდან გამოსვლისას, როგორც კი ტროტუარიდან ჩავდგი ფეხი, მანქანა დამეჯახა და ქუჩის მეორე მხარეს გადამაგდო, სადაც სხვა ავტომობილს შევუგორდი".

რეპერის თქმით, წამოდგომა დააპირა, მაგრამ მასთან თეთრ სამოსში გამოწყობილი ქალი მივიდა საქაღალდით ხელში და უთხრა, რომ ადგილიდან არ განძრეულიყო. მას შემდეგ კი, რაც დედა გამოჩნდა და სასწრაფო დახმარებაც გამოიძახეს, ქალი გაქრა.

"ლოგიკური იყო, რომ ჩემ გვერდით დარჩენილიყო, რადგან მან ყველაფერი დაინახა, რაც მოხდა. არ ვიცი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ანგელოზი იყო. ჩემს უბანში ქალს საქაღალდით ხელში არაფერი ესაქმებოდა".

დიემექსმა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. 1998 წელს კი სადებიუტო ჩანაწერი It's Dark and Hell Is Hot გამოუშვა, რომლის 250 ათასზე მეტი ეგზემპლარი პირველივე კვირაში გაიყიდა. 1999 წელს გამოდის რეპერის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი ... And Then There Was X, რომელშიც ჰიტი Party Up (Up in Here) შევიდა. სიცოცხლის განმავლობაში მუსიკოსმა 8 სტუდიური ალბომის გამოცემა და ისეთ არტისტებთან თანამშრომლობა მოასწრო, როგორებიც არიან: Jay-Z, Nas, Method Man და Swizz Beatz. სხვადასხვა დროს რეპერი გრემის სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

3 აპრილს 50 წლის რეპერი ნარკოტიკული საშუალებების ზედიზორებით გამოწვეული გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. ამის შემდეგ მუსიკოსი ვეგეტატიურ მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებდა. დიემექსი 9 აპრილს გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული