Thumbnail

ეისეფ როქიმ მომავალი ალბომის All Smiles შესახებ ახალი დეტალები გაამხილა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რაკიმ მეიერსი, ფსევდონიმით ASAP Rocky, ცნობილი გამოცემის GQ მაისის ნომრის სტუმარი გახლდათ. ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰარლემელმა მუსიკოსმა, რომელმაც ბოლო ალბომი Testing 2018 წელს გამოაქვეყნა, არაერთი საინტერესო საკითხის, მათ შორის მომავალი სტუდიური ნამუშევრის All Smiles შესახებ ისაუბრა. რეპერის თქმით, ჩანაწერის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი ლეგენდარული ინდი როკ ბენდის The Smiths ყოფილმა ფრონტმენმა, Morrissey-მ და პოპვარსკვლავმა რიანამ ითამაშეს.

A$AP Rocky: რიანა ჩემი ცხოვრების სიყვარულია

მოუსმინეთ: ASAP Rocky - SANDMAN

მოუსმინეთ: ASAP Rocky - Rich Nigga Problems

"ალბომის All Smiles ძირითადი ნაწილი 2019 წელს, რიანასთან ერთად აშშ-ში მოგზაურობისას ჩავწერე. ნამუშევრის 90% მზად არის. მთავარი ამოცანა ჩემი, როგორც მუსიკოსის ევოლუცია გახლავთ. რა აზრი აქვს, თუ ახალ ჩანაწერს იმავე ხელწერით, ჟღერადობით და ვიზუალებით შევქმნი. ასეთი ჩემს დისკოგრაფიაში უკვე არსებობს და შეგიძლიათ, ხელახლა მოუსმინოთ", - განაცხადა რაკიმმა, რომელსაც სახელი დედამ ეპოქალური რეპერის, Rakim-ის პატივსაცემად შეურჩია.

"ალბომზე მუშაობისას ორი ძირითადი მუსიკალური პარტნიორი მყავდა. პირველ რიგში, მორისი უნდა ვახსენო, რომლის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მასთან რა თხოვნაც არ უნდა გქონდეს, გისრულებს".

"მეორე ადამიანი, რომელმაც ალბომის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რიანაა. მოგზაურობისას მას ახალ ჩანაწერებს ვასმენინებდი, ის კი თავის აზრს მიზიარებდა. ხელოვნებაზე მუშაობისას ასეთი მეგობრის ყოლა, რომელსაც იდეებს გაუცვლი, აუცილებელია", - აღნიშნა როქიმ.

ეისეფ როქიმ მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. დღეისთვის მისი დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP, ასევე, 2018 წელს გავრცელებულ სტუდიურ ჩანაწერს Testing მოიცავს. სოლო კარიერის გარდა, რეპერი შემოქმედებითი გაერთიანების ASAP Mob ერთ-ერთი ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული