Thumbnail

სხვადასხვა ეპოქაში ლეგენდარულმა კომპოზიტორებმა არაერთი დაუვიწყარი რეკვიემი, სამგლოვიარო მარში თუ ელეგია შექმნეს. ტრაგიზმითა და მელანქოლიით აღსავსე ეს ნაწარმოებები მსმენელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს და გასაგები მიზეზების გამო, აქტუალობას არასდროს კარგავს.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ გამორჩეულ კლასიკურ სამგლოვიარო ნაწარმოებს წარმოგიდგენთ. მათი ნუმერაცია, ტრადიციულად, პირობითია.

10. Frédéric Chopin - Piano Sonata No. 2 in B♭ Minor, Op 35.

ლეგენდარული პოლონელი კომპოზიტორის, მუსიკალური რომანტიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, ფრიდერიკ შოპენის შემოქმედების დიდ ნაწილს ხაზგასმით სევდიანი განწყობა ახასიათებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ამ გენიალური მუსიკოსის ნაწარმოებები დაკრძალვის ცერემონიებზე ძალზე ხშირად გაისმის.

შოპენის მეორე საფორტეპიანო სონატის მესამე მოქმედება ყველაზე პოპულარული სამგლოვიარო მარშია მსოფლიოში. საინტერესოა, რომ მუსიკალური კლასიფიკაციის მოძულე კომპოზიტორი ამ ნაწარმოებს მუდამ შემოკლებული სათაურით "მარში" მოიხსენიებდა, თუმცა ამის მიუხედავად, მსმენელები ნამუშევარს დღესაც Marche Funèbre-ის (ფრანგ.: სამგლოვიარო მარში) სახელით იცნობს.

9. Giuseppe Verdi - Messa da Requiem

ჯუზეპე ვერდის შემოქმედებაში ეს ერთადერთი დიდი ნაწარმოებია, რომელიც სცენისთვის არ დაწერილა. თავდაპირველი ჩანაფიქრით, კომპოზიტორს საოპერო ხელოვნების ლეგენდის, ჯოაკინო როსინის ხსოვნისთვის მიძღვნილი ნამუშევარი რამდენიმე კოლეგასთან თანამშრომლობით უნდა შეექმნა, თუმცა ეს იდეა მთელ რიგ გარემოებათა გამო ვერ განხორციელდა.

1873 წელს ცნობილი პოეტი და ვერდის ახლო მეგობარი, ალესანდრო მანცონი გარდაიცვალა. ამ ფაქტით შეძრულმა მუსიკოსმა ზემოხსენებული ნამუშევრისთვის წლების წინ შექმნილი მონაკვეთი Libera Me აიღო და მის საფუძველზე ახალი ნაწარმოები ააგო. ასე მოევლინა სამყაროს Messa da Requiem - ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და ემოციური ნამუშევარი კლასიკური მუსიკის ისტორიაში.

8. György Ligeti - Lux Aeterna

გასაკვირი არაა, რომ დიორდ ლიგეტის ნამუშევრების უმეტესობა მძიმე განწყობით გამოირჩევა. უნგრელი ებრაელების ოჯახში დაბადებული კომპოზიტორი მეორე მსოფლიო ომის დროს იძულებითი შრომის ბრიგადაში გაამწესეს, მისი უფროსი ძმა და მშობლები კი საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც ცოცხალი მხოლოდ დედა დაბრუნდა. ამასთან ერთად, მუსიკოსს თავისი ცხოვრების დიდი ნაწილის ემიგრაციაში გატარება მოუწია.

ლიგეტის შემოქმედების ერთ-ერთ მწვერვალად კათოლიკური სამგლოვიარო მესის ტექსტის საფუძველზე შექმნილი Lux Aeterna ითვლება. მიკროპოლიფონიურ ტექსტურებზე აგებული, უაღრესად ავანგარდული ფორმის ნამუშევარი დღემდე პოპულარობით სარგებლობს, რაც დიდწილად სტენლი კუბრიკის სამეცნიერო-ფანტასტიკურ სურათში "2001: კოსმოსური ოდისეა" მისი გაჟღერების შედეგია.

7. Antonín Dvořák - Requiem in B♭ Minor, Op. 89

ჩვენს სტატიაში წარმოდგენილ ნაწარმოებების უმეტესობისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ავტორი არც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით იყო დამწუხრებული და არც ვინმეს ხსოვნის უკვდავყოფა ჰქონდა ჩაფიქრებული. თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი ანტონინ დვორჟაკმა ინგლისში, ქალაქ ბირმინგემში დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორთა დაკვეთით შექმნა.

დვორჟაკის ნაწარმოებს პრემიერის დღიდანვე (სადაც მის შესრულებას თავად კომპოზიტორი დირიჟორობდა) განსაკუთრებული მოწონება ხვდა წილად. კლასიკური მუსიკის ისტორიაში ის ერთ-ერთ საუკეთესო რეკვიემად ითვლება. ჩეხი კომპოზიტორის მუსიკალური მემკვიდრეობა ეპოქალური შედევრებითაა სავსე, თუმცა ეს ნამუშევარი მისი ბრწყინვალე შემოქმედების ფონზეც კი განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

6. Arvo Pärt - Cantus in Memoriam Benjamin Britten

ტინტინაბული არვო პიარტის მიერ შემუშავებული საკომპოზიციო ტექნიკაა, რომლის მინიმალისტური, რიტუალისტური ესთეტიკაც დიდწილად სასულიერო გალობის ტრადიციებითაა შთაგონებული. ამ სტილში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები ესტონელმა მუსიკოსმა თავისი ბრიტანელი კოლეგის, ბენჯამინ ბრიტენის ხსოვნას მიუძღვნა.

პიარტი ბრიტენს პირადად არასდროს შეხვედრია, თუმცა ამ უკანასკნელს მუდამ მონათესავე სულად მიიჩნევდა და როგორც თავად იხსენებდა, მისი გარდაცვალება ძალიან განიცადა. ამ გენიალურ ნაწარმოებში მთელი ეს სევდა ისეთი დამანგრეველი ძალითაა ასახული, როგორიც კლასიკური მუსიკის სამყაროში მხოლოდ ესტონელი კომპოზიტორის უნიკალურ ხელწერას ახასიათებს.

5. Gustav Mahler - Symphony No. 5 (Adagietto)

ზოგჯერ სამგლოვიარო მარშის სტატუსს ისეთი ნაწარმოები იძენს, რომლის შექმნისას ავტორს მისთვის ამგვარი დანიშნულების მინიჭება აზრადაც არ მოსვლია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ავსტრიელი კომპოზიტორის, გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონიის მეოთხე მოქმედება Adagietto გახლავთ. საინტერესოა, რომ ეს მონაკვეთი გენიალურმა მუსიკოსმა, დიდი ალბათობით, საკუთარ ცოლს მიუძღვნა.

კლასიკური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ნაწარმოები პრემიერის დღიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და სხვადასხვა დროს უამრავ სამგლოვიარო ცერემონიაზე, მათ შორის, 1968 წელს სენატორ რობერტ კენედის დაკრძალვაზე ჟღერდა. ნამუშევარი ხშირად სრულდება, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე.

4. Wolfgang Amadeus Mozart - Requiem in D Minor, K 626

სამგლოვიარო მესა - რეკვიემი კათოლიკური ეკლესიის წიაღში აღმოცენდა და თავდაპირველად მხოლოდ რიტუალური ღვთისმსახურების ნაწილად მოიაზრებოდა. თუმცა, მისთვის დამახასიათებელი, უაღრესად დრამატული ატმოსფეროს ხარჯზე კლასიკური მუსიკის წარმომადგენელთა ყურადღება მარტივად მიიპყრო და ნელ-ნელა ადგილი საერო კულტურაშიც დაიმკვიდრა.

სამყაროში ყველაზე პოპულარული რეკვიემი ლეგენდარულ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს ეკუთვნის. მას ეს ნაწარმოები 1791 წლის ზაფხულში გრაფმა ფრანც ფონ ვალზეგმა შეუკვეთა, რათა გარდაცვლილი მეუღლისათვის მიეძღვნა და საკუთარ კომპოზიციად გაესაღებინა. თუმცა, ავსტრიელი ხელოვანი მცირე ხანში, იმავე წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა, ნამუშევრის დასრულება კი მხოლოდ ნაწილობრივ მოასწრო.

3. Samuel Barber - Adagio for Strings

გუსტავ მალერის მსგავსად, თავისი ერთ-ერთი გამორჩეულად პოპულარული ნაწარმოები რეკვიემისა თუ სამგლოვიარო მარშის სახით არც სამუელ ბარბერს ჰქონდა ჩაფიქრებული. თუმცა, ამერიკული კლასიკური მუსიკის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე ნაწარმოებს, სი-მინორში შექმნილი სიმებიანი კვარტეტის მეორე ნაწილს ასეთი დანიშნულება ძალზე ხშირად ენიჭება.

ბარბერის ნაწარმოების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება მისი უაღრესად მინორული, მელანქოლიური ატმოსფეროთია განპირობებული, რომელიც აუდიტორიაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნამუშევარი სხვადასხვა დროს არაერთი ეპოქალური ფილმის საუნდტრეკად იქცა და უამრავი ცნობილი პიროვნების, მათ შორის, გამოჩენილი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინისა და მონაკოს პრინცესის, გრეის კელის დაკრძალვის ცერემონიაზე შესრულდა.

2. Henry Purcell - Dido's Lament

ინგლისელი კომპოზიტორის, ჰენრი პერსელის ოპერის "დიდო და ენეასი" ფინალში მთავარი პერსონაჟი იძულებული ხდება მასზე უზომოდ შეყვარებული კართაგენის დედოფალი დიდო მიატოვოს. ეს უკანასკნელი განშორებას ვერ გაუძლებს და თვითმკვლელობას გადაწყვეტს, მანამდე კი ქვეშევრდომებს უზარმაზარი სვეტის აგებასა და დაწვას უბრძანებს, რომ ზღვაში მყოფმა ენეასმა მისი გარდაცვალების შესახებ შეეტყოს.

ნაწარმოების ზემოხსენებულ მონაკვეთში გაჟღერებული Dido's Lament საოპერო ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო არიადაა აღიარებული. ამავდროულად, პერსელის ეს ნამუშევარი ძალზე ხშირად სრულდება დაკრძალვის ცერემონიებზე და უმეტესწილად სწორედ ასეთ, ტრაგიკული პათოსის მქონე ღონისძიებებთან ასოცირდება.

1. Krzysztof Penderecki - Threnody to the Victims of Hiroshima

კშიშტოფ პენდერეცკის მიერ 1960 წელს შექმნილი ეს კომპოზიცია ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ნაწარმოებებიდან ყველაზე ავანგარდულია, თუმცა ემოციური ეფექტით გაცილებით კონვენციურ ნამუშევრებს ოდნავადაც არ ჩამოუვარდება. პოლონელმა მუსიკოსმა ეს ნაწარმოები ჰიროშიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიუძღვნა.

პენდერეცკის ქმნილება თრენოდის, მიცვალებულთა მოსახსენიებელი ანტიკური ჰიმნის ექსპერიმენტული ნიმუშია. სონორისტული ტექნიკის გამოყენებით შექმნილ, სიმებიან სექციებზე აგებულ ნაწარმოებში ხაზგასმით დისონანსური პასაჟები ტრაგედიით გამოწვეულ ტრავმებს არაამქვეყნიური ექსპრესიულობით ასახავს. მსმენელებზე დატოვებული შთამბეჭდილების სიმძაფრე კი, პირველ რიგში, ნამუშევრის უკიდურესად აბსტრაქტული ფორმითაა განპირობებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული