Thumbnail

რატომ არ აპირებს გრემი კეიპოპ ნომინაციის დამატებას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკის ხმისჩამწერმა აკადემიამ გრემის 2022 წლის დაჯილდოებისთვის არაერთი ცვლილება დააანონსა. მათ შორის, ცნობილი გახდა ახალი კატეგორიების - საუკეთესო უცხოური შესრულებისა და საუკეთესო ლათინური ურბანული ალბომის დამატების შესახებ. ამ ნაბიჯმა გააჩინა კითხვა, აპირებს თუ არა აკადემია, კეიპოპისთვის განკუთვნილი ნომინაცია დააწესოს.

გრემი ნომინანტების შერჩევის წესს ცვლის

მუსიკოსები, რომლებიც წელს გრემის გაუნაწყენდნენ

ამასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა აკადემიის ჯილდოების მიმართულების ხელმძღვანელმა, ბილ ფრაიმუტმა, რომლის თქმითაც, ნაკლებსავარაუდოა, ახლო მომავალში გრემის კატეგორიების ჩამონათვალს კეიპოპ ნომინაცია დაემატოს. როგორც მან გამოცემა Billboard-ს განუცხადა, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად განსხვავდება კეიპოპ მუსიკა ჩვეულებრივი პოპისგან საიმისოდ, რომ ცალკე ნომინაციაში მოექცეს.

"ჩემი თვალთახედვით, თანამედროვე კეიპოპი 1990-იან წლებში აღმოცენდა. მათ იმ დროისთვის პოპულარული ჟანრები, როგორებიცაა, მაგალითად, არენბი და Bubblegum პოპი აითვისეს და თავისად აქციეს. ჩვენ ამ ინდუსტრიისგან არაერთხელ გვსმენია, რომ იმას, რასაც ქმნიან, პოპ მუსიკად მიიჩნევენ", - ამბობს ის.

ამასთან, ფრაიმუტის თქმით, იმისთვის, რომ კეიპოპ კატეგორიის დამატების საკითხი უფრო რეალური გახდეს, აკადემია წელიწადში დაახლოებით 100 განაცხადს მაინც უნდა იღებდეს კეიპოპ არტისტებისგან მათი ნამუშევრების გრემიზე წარსადგენად. გასულ წელს კი მათ მხოლოდ 14 ასეთი აპლიკაცია მიიღეს.

"აკადემიის სურვილია, კეიპოპ შემსრულებლები ამ მიმართულებით მეტად გააქტიურდნენ. ჩვენ ვაფასებთ, რომ მათთვის გრემი ასე მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს ის.

პოპულარული ბოიბენდი BTS დღემდე ერთადერთია კეიპოპ არტისტებს შორის, რომელმაც გრემის ნომინაცია მიიღო. კოლექტივი გასული წლის ნოემბერში ჰიტით Dynamite დასახელდა დუეტის ან ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში, თუმცა, გამარჯვება ამერიკელი მომღერლების, ლედი გაგასა და არიანა გრანდეს კომპოზიციას Rain On Me ხვდა წილად.

BTS-ის არემი: არ მგონია, რომ გრემიზე დავმარცხდით

კომენტარები

ბოლოს დამატებული