Thumbnail

კიმ ჩენ ინმა კეიპოპს ავთვისებიანი სიმსივნე უწოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკული გაზეთი New York Times სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, როგორ გააქტიურდა ბოლო თვეების განმავლობაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და მის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო მედიის რიტორიკა იმასთან დაკავშირებით, რომ კეიპოპი, ისევე როგორც სამხრეთკორეული ფილმები და სერიალები, მათ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. გამოცემის ცნობით, დიქტატორმა მთავრობას ქვეყანაში სამხრეთკორეიდან "პოპკულტურის შემოჭრის" შეჩერების ბრძანება მისცა.

მუსიკა ჩრდილოეთ კორეაში

"კიმ ჩენ ინმა სამხრეთკორეულ პოპკულტურას ავთვისებიანი სიმსივნე უწოდა, რომელიც ჩრდილოეთკორეელი ახალგაზრდების ჩაცმის სტილს, ვარცხნილობას, საუბრის მანერასა და ქცევებს აფუჭებს. მისი სახელმწიფო მედიები კი მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ, თუ ეს არ შეჩერდა, ჩრდილოეთ კორეა ნესტიანი კედელივით ჩამოიშლება. ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის არ გასულა დღე, რომ კიმ ჩენ ინი და მედია სამხრეთ კორეიდან წამოსული "არასოციალისტური" გავლენების წინააღმდეგ არ გამოსულიყვნენ, განსაკუთრებით კი, იქაურ ფილმებზე, სატელევიზიო დრამებსა და კეიპოპ ვიდეოებზე აკეთებენ აქცენტს. მოქალაქეებზე კონტროლის დაბრუნების პანიკური მცდელობების ფარგლებში კიმ ჩენ ინმა თავის მთავრობას ამ ყველაფრის შეჩერების ბრძანება მისცა", - წერს New York Times.

გამოცემა ესაუბრა ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულ ჯუნგ გვანგ ილს, რომელიც ქვეყანაში კეიპოპ ნამუშევრების გავრცელებას საიდუმლო გზებით ახერხებს.

"ჩრდილოეთკორეელი ახალგაზრდები თვლიან, რომ კიმ ჩენ ინის არაფერი მართებთ. თუ მას არ სურს, რომ თავისი ოჯახის დინასტიურ მმართველობას მომავალში საძირკველი გამოეცალოს, ახალგაზრდებზე იდეოლოგიური კონტროლი უნდა აღადგინოს".

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი და ერთადერთი მმართველია, რომელიც ფხენიანში საჯაროდ დაესწრო სამხრეთკორეელი არტისტების კონცერტს. ქვეყანას 2018 წელს 160-კაციანი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პოპულარული კეიპოპ ჯგუფი Red Velvet და სოლო შემსრულებელი ჩო იონგ-ფილი იმყოფებოდნენ. ამ უკანასკნელმა ჩრდილოეთ კორეაში 2005 წელსაც იმღერა. როგორც სამხრეთკორეული ტელევიზია KBS იუწყებოდა, 2018 წელს გამართული ორსაათიანი ისტორიული კონცერტის შემდეგ, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ "პერფორმანსით აღფთოვანებული" დარჩა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული