Thumbnail

რას ასახელებდა ელვის პრესლის მამა შვილის განქორწინების რეალურ მიზეზად

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ელვის პრესლი თავის ერთადერთ ცოლს, პრისცილა ბულიოს 1973 წელს, ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ ოფიციალურად დაშორდა, თუმცა, ერთი წლით ადრე, პრისცილა უკვე კარატეს ინსტრუქტორ მაიკ სტოუნთან ცხოვრობდა. ელვისის მამა, ვერნონ პრესლი, პრისცილასა და მაიკის ხანგრძლივი რომანის მიუხედავად, მისი შვილისა და ბულიოს განქორწინების მიზეზად მესამე პირს არ მიიჩნევდა.

რატომ იტირა ელვის პრესლიმ საკუთარი ქორწილის წინ

"ვთვლი, რომ ელვისისა და პრისცილას ოჯახი იმიტომ დაინგრა, რომ ჩემმა შვილმა ქორწინების შემდეგ გაიაზრა, რომ სინამდვილეში ცოლის მოყვანა არ სურდა. როცა ის მოგზაურობდა, პრისცილას არ შეეძლო, ყოველ ჯერზე გაჰყოლოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემი შვილიშვილი, ლისა დაიბადა. ეს განშორებები ძაბავდა მათ ურთიერთობას. მინდა, ხაზი გავუსვა, იმის მიუხედავად, რომ ტურნეების გამო მისი დატოვება ხშირად უხდებოდა, ელვისი აღმერთებდა თავის გოგონას, ლისას და მასაც ძალიან უყვარდა მამა. როდესაც ისე ემთხვეოდა, რომ ის სკოლაში, ელვისი კი გზაში არ იყო, გოგონა მემფისში მოდიოდა და მამა-შვილი სახლში, გრეისლენდის რეზიდენციაში თამაშში საათებს ატარებდა", - იხსენებდა ვერნონი.

თავად პრისცილა ამერიკელ ჟურნალისტ ბარბარა უილტერსთან ინტერვიუში ამბობდა, რომ მათი ურთიერთობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც შვილი შეეძინათ:

როგორ იხსენებს პრისცილა პრესლი ელვისის გაცნობის დღეს

"ელვისს უჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ დედა გავხდი მაშინ, როცა მისთვის პატარა გოგონა ვიყავი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ წლების შემდეგ გავიაზრე - ის ჩემთვის მამასავით იყო", - ამბობდა პრისცილა.

ელვისის მამა 1977 წელს, შვილის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალ Good Housekeeping-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში აღნიშნავდა, რომ მის ოჯახს არაფერი ჰქონია ამ ქორწინების საწინააღმდეგო.

"დედამისს, გლედისს და მე არ გვიცდია, გავლენა მოგვეხდინა მის გადაწყვეტილებაზე, თუ ვისზე უნდა ექორწინა. ჩვენთვის სულ ერთი იყო, ვინ იქნებოდა მისი ცოლი, მთავარი იყო, თავი ბედნიერად ეგრძნო", - ამბობდა ის.

პრისცილას კი, რომელიც 1960-იან წლებში, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი პრესლების ოჯახში ცხოვრობდა და სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლობდა, ვერნონი შემდეგნაირად ახასიათებდა:

"საჰაერო ძალების ოფიცრის ოჯახში გაზრდილი პრისცილა დისციპლინითა და მიზანდასახულობით გამოირჩევა, ამასთანავე, ნაზი და მოსიყვარულე გოგონაა".

ცნობისთვის, არტისტმა პრისცილა მაშინ გაიცნო, როდესაც აშშ-ის არმიაში ჩარიცხვის შემდეგ სამხედრო სამსახურის გასავლელად გერმანიაში გაგზავნეს. გოგონა 14 წლის იყო, როცა ელვისის სახლში მოწყობილ წვეულებაზე გაჰყვა მეგობრებს. მუსიკოსმა ჯარში მსახურება 1960 წელს დაასრულა და გერმანია დატოვა. როგორც პრისცილა ამბობდა, მას ეგონა, რომ პრესლის ვეღარასდროს ნახავდა. ორი წლის განმავლობაში წყვილი ტელეფონით ინარჩუნებდა კომუნიკაციას. 1963 წელს ბულიო აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად იმ პირობით, რომ კათოლიკურ სკოლაში ისწავლიდა და ქორწილამდე არტისტის ოჯახის წევრებთან იცხოვრებდა. წყვილმა 1967 წლის 1 მაისს იქორწინა, 1968 წელს კი მათ ლისა მარი პრესლი შეეძინათ.

რაც შეეხება ელვისის უკანასკნელ სიყვარულს, ჯინჯერ ალდენს, როგორც არტისტის მამა იხსენებს, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრესლის მასთან შეხვედრამ ოჯახის შექმნა გულწრფელად მოანდომა.

"სიკვდილამდე ერთი-ორი დღით ადრე ვუთხარი - "ყველა იმაზე ლაპარაკობს და წერს, რომ ნიშნობას აპირებ, მართალია ეს? როდის უნდა დაქორწინდე-მეთქი? მან კი მიპასუხა, მხოლოდ ღმერთმა იცისო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ელვისს შესაძლოა, ქორწინებასთან დაკავშირებით აზრი ჰქონდა შეცვლილი".

როგორ გაატარა ელვის პრესლიმ სიცოცხლის უკანასკნელი დღე

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული