Thumbnail

ემი უაინჰაუსის მეგობრის პირველი ინტერვიუ: ის ნორმალურ ცხოვრებას ნატრობდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსის, ემი უანჰაუსის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე მისმა უახლოესმა მეგობარმა, ინგლისელმა შემსრულებელმა, ტაილერ ჯეიმსმა ემის შესახებ დაწერილი წიგნი My Amy: The Life We Shared გამოსცა. ის პირველად ალაპარაკდა მომღერლის ემოციურ მდგომარეობასა და მის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე.

"ყველა იდეა ამომწურა", - ამბობს 39 წლის ტაილერი, რომელიც ცდილობდა, მომღერალს ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და ბულიმიის დაძლევაში დახმარებოდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ ლონდონში, კამდენის რაიონში.

გაზეთ The Times-თან ინტერვიუში ტაილერმა წიგნზე საუბრისას გაიხსენა, რომ ემის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე სასმლის ჭარბი მოხმარების გამო ეჩხუბა და სახლიდან წავიდა. მომდევნო დღეს მომღერალმა მას შეტყობინება მისწერა, "კარგად ხარ ძვირფასო? ტაილერ, გთხოვ, შინ დაბრუნდი". სახლთან მისულ მამაკაცს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა და ექიმები დახვდნენ. უაინჰაუსი კი საძინებელ ოთახში დახვდა გარდაცვლილი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალკოჰოლური ინტოქსიკაციით.

ემი უაინჰაუსის შესახებ დოკუმენტური ფილმი 10 Years On გავრცელდება

"ემი ჩემი სამყარო იყო. ის 13 წლის ასაკში გავიცანი. ასეთი კავშირი სხვასთან არ მქონია და არც მომავალში მექნება. მიყვარდა. ჩემი მისია და დავალება, რომ მას თავი კარგად ეგრძნო. ეს მთელი გულით მსურდა. მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ ემი ძალიან ცდილობდა, წამალდამოკიდებულებისთვის თავი დაეღწია, საბოლოოდ დაენებებინა თავი ალკოჰოლისთვის. მას ძალიან უნდოდა გამოჯანმრთელება, ერთი ნაბიჯი აკლდა. როდესაც რაიმე ნივთიერებაზე ხარ დამოკიდებული, ესე იგი ყველაზე სუსტი ხარ, ხოლო როდესაც ამ ყველაფერს ამარცხებ და რეაბილიტაციას გადიხარ, ყველაზე ძლიერი. ემი კი ამ გზას ყველას თვალწინ გადიოდა. ეს მისთვის ურთულესი იყო. 20 წლის ასაკში პოპულარობა და წარმატება მოიპოვა, რამაც მასზე უარყოფითად იმოქმედა. ოცნებობდა, რომ ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა. სტრესული იყო ემისთვის ის, რომ ცნობილ ადამიანად ითვლებოდა. საბოლოოდ, დეპრესიამ და ნარკოდამოკიდებულებამ საუკეთესო მეგობარი დამაკარგვინა", - წერს ტაილერ ჯეიმსი.

"ემის გარდაცვალება ფილმის პრემიერას მოგაგონებდათ. ქუჩაზე უამრავმა ადამიანს მოეყარა თავი", - იხსენებს ტაილერი, რომლის წიგნის შეძენაც ონლაინ მაღაზია Amazon-ზეა შესაძლებელი.

ემი უაინჰაუსმა სადებიუტო ალბომი Frank 2003 წელს გამოუშვა. ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერი ბრიტანული მუსიკალური ჩარტების წამყვან პოზიციაზე მოექცა. 2006 წელს გამოცემული მეორე სტუდიური ალბომი Back To Black კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ნამუშევარმა 5 გრემი დაიმსახურა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა You Know I'm No Good, Back To Black, Rehab და Tears Dry On Their Own მოუტანა. 27 წლის ემი უაინჰაუსი 2011 წლის 23 ივლისს ალკოჰოლის ჭარბი დოზით მიღებას ემსხვერპლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული