Thumbnail

Butter-ის ავტორი: BTS-ის არემი მსოფლიოში სათანადოდ არ არის დაფასებული

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელმა კომპოზიტორმა, ჯენა ენდრიუსმა, რომელიც პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ახალი სინგლის Butter ერთ-ერთი ავტორია, Genius-თან ინტერვიუში კოლექტივის წევრ RM-თან თანამშრომლობა გაიხსენა. არემი ერთადერთია "ბითიესიდან", რომელმაც ხსენებული სინგლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ენდრიუსის თქმით, ის მაღალი კლასის პროდიუსერია, თუმცა, სათანადოდ დაფასებული არ არის.

BTS-ის არემი: არ მგონია, რომ გრემიზე დავმარცხდით

"არემს, როგორც მსოფლიო კლასის ნიჭიერ პროდიუსერს, ნამდვილად არ მიუღია სათანადო დაფასება. ბევრი ადამიანისთვის, რომელიც "ბითიესის" ერთგულ თაყვანისმცემლებს, არმის არ მიეკუთვნება, უცნობი რჩება, რომ სწორედ ის იდგა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯგუფის ჟღერადობის მიღმა. მას შეუძლია, ყველა სიმღერაში ჯგუფის წევრების საუკეთესო მხარე წარმოაჩინოს. არემის საქმიანობა სცდება ენობრივ, კულტურულ ბარიერებს და იზიდავს ადამიანებს, რომლებსაც ბიჭებთან თანამშრომლობა სურთ, რაც მისგან პროფესიონალიზმსა და ტალანტს მოითხოვს. არემის ტექსტებმა და არანჟირებამ ნამდვილად მოგვცა ის შედეგი, რომლის მიღწევაც ამ სიმღერის დემო ვერსიიდან გვინდოდა. "ბითიესის" მიერ შეტანილმა წვლილმა კომპოზიცია ზუსტად ისეთი გახადა, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა მისი პირველად მოსმენისას", - ამბობს ენდრიუსი და აღნიშნავს, რომ მუსიკოსი ზედმეტად თავმდაბალია იმისთვის, რომ საკუთარ დამსახურებებზე ისაუბროს. აღსანიშნავია, რომ არემი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Boy with Luv ჰოლზისთან ერთად, Life Goes On და Black Swan.

ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში კი ენდრიუსმა Butter-ის შექმნის პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომპოზიცია 1990-იანი წლებითა და მაიკლ ჯექსონით არის შთაგონებული.

"ჩანაწერის კონცეფციის ფორმირება მაშინ დაიწყო, როდესაც ლეიბლის Columbia Records გენერალურმა დირექტორმა, რონ პერიმ შემოგვთავაზა, ინსპირაცია ჯექსონის Smooth Criminal-იდან აგვეღო, რის შედეგადაც მისამღერი Smooth like butter მივიღეთ. 90-იან წლებში გადახვევები შემთხვევითი არ არის. ეს წინასწარ გვქონდა ჩაფიქრებული", - იხსენებს ჯენა ენდრიუსი.

Butter მიმდინარე წლის 21 მაისს გავრცელდა და ზედიზედ მესამედ დაიკავა ბილბორდის ცხელი ასეულის ყოველკვირეულ ჩარტში პირველი პოზიცია.

ცნობილი მუსიკოსები, რომლებთანაც BTS-ის წევრებმა ინდივიდუალურად ითანამშრომლეს

კომენტარები

ბოლოს დამატებული