Thumbnail

Lil Yachty: თუფაქისა და ბიგის შემოქმედების მოსმენა მხოლოდ 30 წამით შევძელი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპ გამოცემა HipHopDX-თან ინტერვიუში ჟანრის ახალი სკოლის წარმომადგენელი, მაილს პარკს მაქკალუმი, ფსევდონიმით Lil Yachty, თავის 2016 წლის განცხადებას გამოეხმაურა. 5 წლის წინ პოპულარულმა ატლანტელმა "ბილბორდთან" საუბარში აღნიშნა, რომ მას ლეგენდარული კოლეგების, თუფაქისა და ნოტორიოს ბიაიჯის 5 კომპოზიციის დასახელებაც არ შეუძლია.

Lil Yachty: ნიკი მინაჟმა ტვიტერზე დამბლოკა

მოუსმინეთ: Lil Yachty მიქსტეიპს Michigan Boy Boat აქვეყნებს

იარის განცხადებამ რეპ მუსიკის მსმენელის გაღიზიანება გამოიწვია. მელომანებს არტისტმა ტვიტერზე უპასუხა:

"ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. შეიძლება, მე ახალი თაობის ერთადერთი რეპერი ვარ, ვინც ამას აკეთებს. თუ მე ბიაიჯის არ ვუსმენ და ვთვლი, რომ მის საფეხურზე სხვა არაერთი შემსრულებელი იმყოფება, ვის რა პრობლემა აქვს? ეს ჩემი პირადი აზრია".

HipHopDX-ის ჟურნალისტის კითხვაზე, ამ განცხადების შემდეგ, მოუსმინა თუ არა ლილ იარიმ ბიგისა და თუფაქის შემოქმედებას, ახალგაზრდა მუსიკოსმა უპასუხა:

"ვერ ვიტყვი, რომ მათ დისკოგრაფიას საფუძვლიანად გადავხედე. თუმცა, მათ შემოქმედებას გავეცანი და ამისთვის 30 წამი დამჭირდა. წარმატებული ვარ და თუ თქვენი საქმიანობა კარგად გამოგდით, რა აუცილებელია ეს ყველაფერი? ხელოვნების არსი თავისუფლებაშია. თუ თქვენ ხატვის სწავლას გადაწყვეტთ, აუცილებლად პიკასოს ხელწერას უნდა გაეცნოთ? არა. თქვენი გადაწყვეტილება არავის გასარჩევი აღარ არის" - განაცხადა ლილ იარიმ.

დღემდე ჟანრის ახალი თაობის არაერთ წარმომადგენელს გაუკეთებია ლეგენდარული წინამორბედების მისამართით უსიამოვნო განცხადება. მათ შორის არიან: ლილ იარი, ექსექსექსტენტასიონი, იანგ თაგი, კოდაკ ბლექი და სხვები.

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული