Thumbnail

ნახეთ: ქარდი ბის მონაწილეობით Fast & Furious 9-ის გადაღებებიდან კადრები გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ფილმების სერიის Fast & Furious მეცხრე ნაწილის პრომოუშენის ფარგლებში იუთუბის გვერდზე The Fast Saga ვიდეო გავრცელდა, რომელშიც პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი საკუთარი პერსონაჟის, ლეისას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ფორსაჟში" მონაწილეობა ვინ დიზელმა შესთავაზა.

Cardi B: როცა ცოტა ფული მქონდა, უფრო ბედნიერი ვიყავი

"ვინ დიზელი დამიკავშირდა და როლთან დაკავშირებით მესაუბრა. ვუპასუხე - ეს ხომ წყეული "ფორსაჟია", ჩამსვი მაგ თვითმფრინავში-მეთქი. დიზელი ისეთი მაგარია, კომფორტულ გარემოს გიქმნის", - ამბობს რეპერი.

რაც შეეხება მის პერსონაჟს, ქარდიმ აღნიშნა:

"ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ასეთ ძლიერ ქალს ვასახიერებ. ლეისა ისეთი მაგარი ტიპია, ყველასგან გამორჩეული ძუკნა".

ერთ-ერთ მონაკვეთში მუსიკოსი ვინ დიზელთან და სხვა მსახიობებთან ერთად სცენარს კითხულობს, რა დროსაც ესპანურ ენაზე მისი პერსონაჟის ფრაზის - "გისმენ, მამიკო" (Dimelo Papi) წარმოთქმისას ამბობს:

"ძალიან არ მომეწონა ამის თქმა, რადგან ესპანურ ენაზე ფლირტს არ ვარ მიჩვეული".

ვიდეოში თავმოყრილია კადრს მიღმა სცენები ქარდის მონაწილეობით, ასევე ნაწყვეტები ფილმიდან, რომელთა შორისაც საქართველოში, რუსთაველის გამზირზე გადაღებული მონაკვეთი მოხვდა.

ქარდიმ ტვიტერზეც დაპოსტა და აღნიშნა, რომ თავისი სცენები ფილმში ჯერ არ უნახავს.

"ერთი სული მაქვს, როდის ვუყურებ Fast & Furious-ს. ჩემი სცენები ჯერ არ მინახავს. ყველაზე მაგარი ის არის, ფილმის ყურებისას ეკრანზე რომ ჩნდები. საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ. არ შეიძლება, მთელი ქრონომეტრაჟი მე დამითმონ?", - წერს არტისტი.

ფილმში მუსიკოსი ეპიზოდურ როლს ასრულებს. ცნობილია, რომ მასთან ერთად კინოსურათში პუერტორიკოელი ვარსკვლავი ოზუნა გამოჩნდება, რომელიც ნამუშევრის ერთ-ერთ საუნდტრეკსაც შეასრულებს. Fast & Furious 9-ის რეჟისორი ჯასტინ ლინი გახლავთ. მასში მონაწილეობას ვინ დიზელი, შარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი, მიშელ როდრიგესი და სხვები მიიღებენ. სურათის პრემიერა გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში 24 და 25 ივნისს შედგება.

Cardi B: ჩემი წარმომავლობის გამო სხვა არტისტებზე ნაკლებს მიხდიდნენ

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი 2019 წელს ფილმში Hustler გადაიღეს, რომელშიც სტრიპტიზის მოცეკვავე განასახიერა, მთავარი როლი კი პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა შეასრულა. ამასთან, ქარდის მსგავსად, ფილმში გვხვდება ამერიკელი არტისტი, ლიზო.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული