Thumbnail

ბრიტნი სპირსს ჰკითხეს, ოდესმე თუ აპირებს სცენაზე დაბრუნებას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თაყვანისმცემლების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მათგანი 39 წლის არტისტს ეკითხებოდა, ამჟამად მზად თუ არის იმისთვის, რომ სცენას დაუბრუნდეს, ანაც, ოდესმე თუ აპირებს ამის გაკეთებას.

ნახეთ: ბრიტნი სპირსის ინსტაგრამ პოსტმა თაყვანისმცემლებში გაკვირვება გამოიწვია

"წარმოდგენა არ მაქვს. ახლა ძალიან კარგ დროს ვატარებ. ჩემს ცხოვრებაში გარდამავალ ეტაპზე ვარ და საკუთარი თავით ვტკბები, სულ ესაა", - უპასუხა ფანს ბრიტნიმ.

მომღერალი, რომელსაც არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობის მიზეზით უკვე 12 წელია, საკუთარი ცხოვრებისა და ქონების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული, ამჟამად საკუთარი მამის, ჯეიმი სპირსის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. მისი ადვოკატების თქმით, მანამ მისი მეურვე ჯეიმია, მუსიკოსი უარს აცხადებს კარიერის გაგრძელებასა და სარეკლამო რგოლებში მონაწილეობაზე.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, რომ მამამისის ეშინია. ბრიტნი სცენას არ დაუბრუნდება, თუ მის კარიერას ისევ ჯეიმი სპირსი გააკონტროლებს", - მიმართა გასულ წელს ადვოკატმა, სემ ინგჰემმა მოსამართლე ბრენდა პენის.

აღსანიშნავია, რომ ბრიტნი, რომელიც საქმის განხილვებს იშვიათად ესწრება და დავის შესახებ საჯარო კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია, 23 ივნისს დაგეგმილ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას აპირებს.

დუმილის შემდეგ ბრიტნი სპირსმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლა მოითხოვა

სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსი: მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაზე ნერვიულობთ

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული