Thumbnail

ნახეთ: 2Pac-ის აქამდე უცნობი ლექსი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და რეპერის, უილ სმიტის ცოლმა, ჯადა პინკეტ სმიტმა ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, 2Pac-ის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ინსტაგრამზე ლექსი სახელწოდებით Lost Soulz გამოაქვეყნა, რომელიც ციხეში მჯდომმა თუფაქ შაკურმა მას მიუძღვნა. ცნობისთვის, ეპოქალური მუსიკოსი და ჯადა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და მეგობრობდნენ. ქალის თქმით, თუფაქს მისთვის არაერთი ლექსი მიუძღვნია, თუმცა, ამ კონკრეტულს პირველად ასაჯაროებს.

უილ სმიტი: ვნანობ, ჩემს ცოლსა და 2Pac-ზე რომ ვეჭვიანობდი

"მოდით, გავიხსენოთ, ყველაზე მეტად რატომ გვიყვარდა ის... იმის გამო, თუ როგორ უყრიდა სიტყვებს თავს. ეს ლექსი შეიძლება, აქამდე არასდროს წაგიკითხავთ", - დაასათაურა ქალმა პოსტი.

"ზოგი ამბობს, ყველაფერ კარგს აქვს დასასრულიო,
ამის დასაჯერებლად მტკიცებულება არ მჭირდება.
ვიცი, როგორ შეცვალეს ჩემში ყველაფერი წმინდა ბოროტმა ადამიანებმა.
ოდესღაც სულში ბავშვური უცოდველობა სუფევდა,
მაგრამ კრიმინალ თანატოლებთან ერთად გატარებულმა წლებმა თბილი გული გამიყინა.
ხშირად ვოცნებობდი და ვფანტაზირებდი, მაგრამ ახლა დაძინების მეშინია.
პარალიზებული ვარ, არც ცოცხალი და არც მკვდარი, მინდა, გავიღვიძო და ისევ მე ვიყო.
მართალია, რომ ყველაფერი კარგი სრულდება.
ერთ დღეს ყველა შევხვდებით სიკვდილს.
როდესაც ყველაზე წმინდა გულები იფლითება,
მხოლოდ დაკარგული სულები რჩებიან.
მუხლმოდრეკილი ვევედრები ღმერთს, რომ ამ ბედისწერისგან მიხსნას.
მაცადოს სიცოცხლე, რომ ვნახო, რა არის ჩემში ღირებული, მანამ ყველაფერი გვიანი არ იქნება", - წერდა თუფაქი.

ჯადამ და თუფაქმა ერთმანეთი ბალტიმორის სახელოვნებო სკოლაში სწავლისას გაიცნეს და დამეგობრდნენ. უილმა და ჯადამ კი რეპერის გარდაცვალების შემდეგ, 1997 წელს იქორწინეს. წყვილს ორი საერთო შვილი - ჯეიდენი და უილოუ ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ლექსის მსგავსად Lost Soulz ჰქვია კომპოზიციას, რომელიც 2Pac-მა ჰიპ ჰოპ არტისტ Outlawz-სთან ერთად ჩაწერა. ტრეკი 1977 წელს თუფაქის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გავრცელებული ფილმის Gang Related საუნტრეკია. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფილმში შეასრულა მუსიკოსმა თავისი უკანასკნელი კინოროლი.

თუფაქი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ უდიდეს ფიგურად მიიჩნევა. ემინემის კვალდაკვალ, მუსიკოსი რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი რეპერია. 1996 წლის 7 სექტემბერს არტისტი ლას ვეგასში, მანქანაში ჩაცხრილეს. 13 სექტემბერს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული კი დღემდე გაუხსნელია. 2017 წელს შემსრულებელი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული