Thumbnail

10 სიმღერა, რომლის სახელშიც ცნობილი მსახიობია ნახსენები

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

იმ უზარმაზარი პოპულარობისა თუ გავლენის გათვალისწინებით, რომლითაც ცნობილი მსახიობები სარგებლობენ, გასაკვირი არაა, რომ მათი სახელებით არაერთი გამოჩენილი შემსრულებლისა თუ ჯგუფის კომპოზიციაა დასათაურებული. 

ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ სიმღერას წარმოგიდგენთ.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Pharrell - Marilyn Monroe

მერილინ მონროს ფსევდონიმით ცნობილი ნორმა ჯინ მორტენსონი ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად, სექს სიმბოლოდ და ხელოვანთა მარადიულ ინსპირაციის წყაროდ იქცა. 36 წლის ასაკში გარდაცვლილი მსახიობი, მომღერალი და მოდელი ათეულობით კომპოზიციაშია ნახსენები - მათგან ერთ-ერთი პოპულარული ამერიკელი არტისტის, ფარელ უილიამსის ჩანაწერი გახლავთ, რომლის ტექსტშიც მონრო, ტრადიციისამებრ, ფემინური სილამაზის იდეალადაა წარმოჩენილი.

9. Bauhaus - Bela Lugosi's Dead

1979 წლის 6 აგვისტოს ბრიტანულმა ბენდმა Bauhaus სადებიუტო სინგლის Bela Lugosi's Dead გამოცემით გოთიკური როკის ჟანრს ჩაუყარა საფუძველი. პირველივე მცდელობით ჩაწერილი, ათწუთიანი სიმღერის შთაგონების წყარო უნგრული წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, ბელა ლუგოში გახლდათ, რომელმაც საშინელებათა ფილმებში მონაწილეობით, განსაკუთრებით კი 1931 წელს გადაღებულ სურათში "დრაკულა" მთავარი როლის შესრულებით გაითქვა სახელი.

8. Alt-J - The Gospel of John Hurt

რიდლი სკოტის სამეცნიერო-ფანტასტიკური ბლოკბასტერის "უცხო" ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენაში ცნობილი მსახიობის, ჯონ ჰარტის მიერ განსახიერებული პერსონაჟის გულმკერდი მოულოდნელად სკდება, ჭრილობიდან კი უცხოპლანეტელი ქსენომორფი ამოდის. ბრიტანული როკ ბენდის Alt-J ამ კომპოზიციის მისამღერში ფრაზა Chest Bursts Like John Hurt საკულტო სურათის ზემოხსენებულ ეპიზოდზე მიანიშნებს.

7. Nirvana - Frances Farmer Will Have Her Revenge on Seattle

ქალაქ სიეტლში დაბადებულმა მსახიობმა, ფრენსის ფარმერმა თავის დროზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. თუმცა 1940-იან წლებში მას მენტალური პრობლემები დაეწყო, რის გამოც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს, სადაც დამცირებითა და ძალადობით სავსე ხუთი წლის გატარება მოუწია. ფრენსისმა განთავისუფლების შემდეგ პოპულარობის დაბრუნება ვერ შეძლო და 1970 წელს გარდაიცვალა, 23 წლის შემდეგ კი სიეტლურმა ჯგუფმა Nirvana ეს კომპოზიცია მისი ტრაგიკული ცხოვრების შთაგონებით ჩაწერა.

6. black midi - Marlene Dietrich

1901 წელს დაბადებულმა მსახიობმა და მომღერალმა, მარლენ დიტრიხმა საკულტო ფიგურის სტატუსი ნაწილობრივ უაღრესად წარმატებული კინოკარიერის, ნაწილობრივ კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰუმანიტარული საქმიანობისა და ანტიფაშისტურ პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობის წყალობით მოიპოვა. ექსპერიმენტული როკ ბენდის black midi ეს ბრწყინვალე სიმღერა ერთ-ერთია სხვადასხვა დროს შექმნილი უამრავი ჩანაწერიდან, რომელთა ინსპირაციის წყაროდ სწორედ გერმანელი ვარსკვლავი იქცა.

5. M83 - Steve McQueen

ფრანგული ელექტრონული პროექტის M83 ეს ეიფორიული, ოპტიმიზმით სავსე კომპოზიცია ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სახელს ატარებს. საკულტო პერსონაჟების განსახიერებით განთქმული სტივ მაქქუინი თავისი კინოკარიერისა და ცხოვრების ბოჰემური სტილის წყალობით მთელი თაობის კერპად იქცა. 50 წლის ასაკში გარდაცვლილმა მსახიობმა ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა "შესანიშნავი შვიდეული", "ბულიტი", "თომას კრაუნის საქმე" და სხვა.

4. Gorillaz - Clint Eastwood

სამყაროს ყველაზე პოპულარული ვირტუალური ბენდის, Gorillaz-ის შემოქმედებაში Clint Eastwood სადებიუტო სინგლი გახლავთ. ჩანაწერის მელოდია ლეგენდარული კინოკომპოზიტორის, ენიო მორიკონეს მიერ სერჯიო ლეონეს სურათისთვის "კარგი, ცუდი და ბოროტი" შექმნილ მუსიკალურ თემას ძალზე წააგავს, ამიტომაც ეპოქალურ ვესტერნში მთავარი როლის შემსრულებლის, ცნობილი ამერიკელი მსახიობისა და რეჟისორის, კლინტ ისტვუდის სახელს ატარებს.

3. Deep Purple - Vincent Price

საშინელებათა ფილმების კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩვენს სიაში. სპეციფიკური გარეგნობითა და ხმის ტემბრით განთქმული ვინსენტ პრაისი უმეტესწილად ტრილერის, მისტიკისა თუ ნუარის ჟანრებში შექმნილ სურათებში მონაწილეობდა, რის გამოც მისი სახელი დღემდე ჰორორთან და გოთიკურ ესთეტიკასთან ასოცირდება. გამოჩენილი ბრიტანული როკ ჯგუფის Deep Purple ეს კომპოზიცია სწორედ ამერიკელი მსახიობითა და მისი შემოქმედებითაა შთაგონებული.

2. Eagles - James Dean

24 წლის ასაკში გარდაცვლილმა ჯეიმს დინმა მხოლოდ სამ სურათში მოასწრო მონაწილეობის მიღება, თუმცა, ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამერიკელი მსახიობი საკულტო ფიგურად და ათეულობით ხელოვანის შთაგონების წყაროდ ქცეულიყო. სხვადასხვა ეპოქაში დინს სიმღერები უამრავმა პოპულარულმა ბენდმა თუ არტისტმა მიუძღვნა, მათ შორის კი ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი ლეგენდარული ჯგუფის Eagles კომპოზიციაზე შევაჩერეთ.

1. Pink Floyd - Vera

ცნობილი მომღერალი და მსახიობი, ვერა ლინი 1917 წელს ლონდონში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის რადიოგადაცემის Sincerely Yours წამყვანი გახდა, სადაც ინგლისელი ჯარისკაცების თხოვნით ამა თუ იმ სიმღერას ასრულებდა, მისი რეპერტუარიდან კი განსაკუთრებული პოპულარობით ბალადა We'll Meet Again სარგებლობდა. ლეგენდარული ბრიტანული როკ ბენდის Pink Floyd ჩანაწერის Vera ტექსტში სწორედ ლინზე და ზემოხსენებულ სიმღერაზეა საუბარი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული