Thumbnail

მეტალის მოყვარულებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ჟანრის ვიზუალური ესთეტიკისთვის კიჩის ელემენტები უცხო ხილს არ წარმოადგენს, მუსიკოსების ზღვარსგადასული თეატრალურობა კი ხშირად კომიკურ ეფექტს ქმნის. მიმდინარეობის წარმომადგენელმა ბენდებმა სხვადასხვა ეპოქაში უამრავი, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელი ვიდეორგოლი შემოგვთავაზეს, რომელთა შორის ხუთი გამორჩეულად სასაცილო ნამუშევარი ჩვენი სტატიისთვის შევარჩიეთ.

5. Immortal - The Call of the Wintermoon

ბლექ მეტალ ჯგუფების უმეტესობა საკუთარი შემოქმედებით შიშისმომგვრელი, პირქუში, დეპრესიული ატმოსფეროს შექმნას ცდილობს, თუმცა არცთუ იშვიათად, ხაზგასმული პათეტიკურობისა და არაორდინარული სასცენო იმიჯის წყალობით სრულიად საპირისპირო შედეგს იღებს. მაგალითისთვის ამ კლიპის ხილვა შეგიძლიათ, რომელზე მუშაობისას ლეგენდარული ნორვეგიული ბენდის Immortal წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სახის მოხატვა, ტყეში ხეტიალი და პირიდან ცეცხლის ფრქვევა მაყურებელზე საკმარისად მძაფრ შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა და დამატებითი ეფექტისთვის ჯგუფის დრამერს, იან ოსეროდს თავზე ჯადოქრის წვეტიანი ქუდი წამოაცვეს.

4. Candlemass - Bewitched

იონას ოკერლუნდმა სხვადასხვა დროს მადონასთვის, ბრიტნი სპირსისთვის, ბიონსესთვის და სხვა პოპვარსკვლავებისთვის არაერთი საუცხოო მუსიკალური ვიდეორგოლი გადაიღო, თუმცა გრემის სამი ჯილდოს მფლობელმა ხელოვანმა, რომელიც ახალგაზრდობაში მცირე ხნით საკულტო ბლექ მეტალ ჯგუფში Bathory მოღვაწეობდა, სარეჟისორო კარიერა თრეშ კულტურის ფასდაუდებელი მარგალიტის შექმნით დაიწყო. ოკერლუნდის სადებიუტო ნამუშევარი დუმ მეტალის პიონერი ბენდის Candlemass კომპოზიციაზე Bewitched გადაღებული ეს კლიპი გახლავთ, რომლის თვალისმომჭრელი ქორეოგრაფიაც ცალკე აღნიშნვნას აუცილებლად იმსახურებს.

3. Thor - Anger

ეპიკური ფენტეზი ლიტერატურა ჰევი მეტალის ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებს მუდამ განსაკუთრებით იტაცებდა და სხვადასხვა ეპოქაში არაერთი შთამბეჭდავი ალბომის ინსპირაციის წყაროდაც ქცეულა. თუმცა, დრაკონებით, ბოროტი ჯადოქრებითა და მიტოვებული სასახლეებით ზედოზირება რომ ხშირად არცთუ სახარბიელო შედეგებით სრულდება, ამის მაგალითი ქვემოთ წარმოდგენილ კლიპში შეგიძლიათ იხილოთ. როკ არტისტის, ბოდიბილდერისა და ყოფილი "მისტერ კანადის", ჯონ თორის მიერ ჩამოყალიბებული ბენდის Thor ეს ნამუშევარი ბარბაროსი კონანის შესახებ შექმნილი ფილმების უნიჭო პაროდიას უფრო წააგავს, ვიდრე მუსიკალურ ვიდეოს.

2. Judas Priest - Hot Rockin'

1970-იანი წლების მეორე ნახევარში ლეგენდარული კოლექტივის Judas Priest იმიჯმა და შემოქმედებამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ჯგუფის ჟღერადობა უფრო რიტმული და ნაკლებად კომპლექსური გახდა, მუსიკოსებმაც ვიზუალი შეიცვალეს და ბაიკერების სუბკულტურით შთაგონებული ტყავის ტანისამოსი, ჩექმები და სხვა აქსესუარები მოირგეს. კარიერის ამ მონაკვეთში ბრიტანულმა ბენდმა საკუთარ დისკოგრაფიას არაერთი ბრწყინვალე ჩანაწერი შემატა, თუმცა სიახლეების დანერგვას უმტკივნეულოდ რომ არ ჩაუვლია, ამაში სიმღერაზე Hot Rockin' გადაღებული, მსუბუქი ეროტიკის ჟანრში გადაწყვეტილი ეს კლიპიც მარტივად დაგარწმუნებთ.

1. Queensrÿche - Queen of the Reich

1980 წელს ჩამოყალიბებული ჰევი მეტალ ბენდის Queensrÿche კონცეპტუალური ალბომი Operation: Mindcrime სამართლიანად ითვლება ჟანრის კლასიკად, მასში შესული კომპოზიცია Queen of the Reich კი ამერიკული ჯგუფის შემოქმედებაში უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიციაა. თუმცა, რამდენადაც შთამბეჭდავი ჩანაწერია, იმდენად უბადრუკი ვიდეორგოლი ახლავს თან - 1980-იანი წლების მეტალ სცენაზე კიჩური ვიზუალით რთულად თუ გააკვირვებდით ვინმეს, მაგრამ ეს იაფფასიანი სპეცეფექტებითა და სამეცნიერო-ფანტასტიკის ყველაზე მდარე კლიშეებით სავსე კლიპი ყველაზე უარეს მოლოდინებს აჭარბებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული