Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

თანამედროვე მუსიკა, თავისი უამრავი ჟანრით, სწორედ 1950-იანი წლებიდან იწყება. მაშინ დაიწყო საუნდის ტოტალური ელექტრიფიკაციაც, რის გარეშეც თანამედროვე ჟღერადობა წარმოუდგენელია. ამიტომ, ამ დეკადის იგნორირება ჩემი მხრიდან უკიდურესად არაკორექტული იქნებოდა.

60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

90-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

10. Peggy Lee - Why Don’t You Do Right (1950)

კინომსახიობი, კომპოზიტორი და ლეგენდარული მომღერალი, პეგი ლი უკვე 20 წლის ასაკში ბენი გუდმენის ორკესტრში მღეროდა და სწორედ მასთან ერთად ჩაწერა პირველად ჯერ კიდევ 1943 წელს ეს სიმღერა, რომელიც მეგაჰიტი გახდა. შემდეგ გიტარისტ დეივ ბარბურზე გათხოვდა და 1950 წელს რომელიღაც სატელევიზიო შოუში ეს კომპოზიცია მის კვარტეტთან ერთადაც შეასრულა .

გუდმანისეული ვერსიისგან განსხვავებით, აქ უკვე ნაკლებია ჯაზი, დომინირებს ელექტროგიტარა და რიტმ-ენ-ბლუზი, ანუ ფაქტობრივად სახეზეა "თეთრი არენბის" ერთ-ერთი პირველი ნიმუში. პეგი ყოველთვის ღია იყო ნოვატორული დინებებისადმი და ეტყობა, უკვე მაშინ გრძნობდა ახალი ტენდენციების მომძლავრებას ამერიკულ პოპულარულ მუსიკაში. ამ სიმღერის თემა და აკორდების პროგრესია მომავალში უამრავი ცნობილი სიმღერისთვის გახდა საბაზისო, ძალიან ბევრმაც დააქავერა (ბოლოს ლანა დელ რეიმ). უფრო მეტიც, კომპიუტერულ თამაშშიც Fallout: New Vegas კი არის გამოყენებული, თანაც სწორედ ეს ჩვენი სატელევიზიო ვერსია.

9. Juliette Greco - Sous le ciel de Paris (1951)

ამ წელს ჟულიეტ გრეკომ სამი ძალიან მაგარი კომპოზიცია გამოუშვა, ეს კი მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული სიმღერაა ისტორიაში და მთელი მსოფლიო ლამის პარიზის სიმბოლოდაც კი აღიქვამს. ამიტომაც არის, რომ ამერიკული ფილმებში თუ სადმე პარიზი გამოჩნდება, მყისვე გაისმის. ტიპური ფრანგული ჩანაწერია, თავისი აკორდეონით, ვიოლინოთი და მგრძნობიარე შესრულებით, უარესად პოზიტიური და უბრალო. აი, ჟულიეტ გრეკო კი უბრალო ქალი ნამდვილად არ არის.

ოკუპაციის დროს, 16 წლის ასაკში, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი იყო და ნაცისტების ციხეშიც კი იჯდა. ომის შემდგომ კი პარიზის ინტელექტუალური ბოჰემის ნამდვილ დედოფალად იქცა, თვით ჟან-პოლ სარტრიც კი ეთაყვანებოდა. როდესაც ამერიკული ჯაზის ლეგენდები პარიზში პირველად ჩავიდნენ, სწორედ გრეკო კურირებდა მათ ტურნეს და მეგზურობასაც უწევდა. მაილს დევისთანაც კი გააბა ცხარე რომანი. ამბობენ, რომ სწორედ მან დაიწყო, როგორც სექსუალური, ასევე სოციალური ემანსიპაციის პროცესი საფრანგეთში. ჟულიეტ გრეკო 2020 წელს გარდაიცვალა. სიკვდილამდე კი 90 წელს გადაცილებულიც ზოგჯერ სცენაზე გამოდიოდა და თან ისე ენერგიულად, რომ საერთოდ არ ჰგავდა მუმიას.

8. Muddy Waters - She Moves Me (1952)

ამ წელს უკვე აშკარად გამოჩნდა, რა შავ დღეში იმყოფებოდა მეინსთრიმი. კარგი მელოდიები კი იწერებოდა, მაგრამ იმდენად გულისამრევად იყო ორკესტრირებული და არანჟირებული, რომ ახალგაზრდების სრულ აპათიას იწვევდა. ტექსტებიც ისეთი ყალბი და სენტიმენტალური იყო, ყურებში თითის შერჭობის სურვილი გიჩნდებოდა კაცს. დეპრესიული, პირქუში, მაგრამ გულწრფელი ბლუზი კი ამ ყველაფრის სრულ ალტერნატივას წარმოადგენდა და საშუალო კლასის ოჯახებიდან გამოსულ ამერიკელ მოზარდებს შორის დიდი ინტერესითაც სარგებლობდა.

ამ კომპოზიციაში ყბადაღებულ ოპტიმიზსა და რომანტიზმს ვერ შეხვდებით, მხოლოდ გაუცხოება და მარტოსულობა იგრძნობა. და მერე, როგორ არის ჩაწერილი? ასკეტურად, ხისტად, თითქოს დილეტანტურად. რიტმი, რომელიც მხოლოდ ბას-დრამის ყრუ დარტყმებს მიჰყავს, ნატკენი გულის ძგერასავით ჟღერს. ჰარმონიკა და გიტარა კი ისეთი მინიმალისტურია, თითქოს ეშინიათ, ხელი არ შეუშალონ უოტერსს მწარე ისტორიის თხრობაში. წარმომიდგენია, კეთილგონიერი თეთრი ამერიკელი მშობლების შეშფოთება, მათი მოზარდი შვილი ამ ფირფიტას რომ დაატრიალებდა სახლში. მყისვე შეუწყვეტდნენ ჯიბის ფულის მიცემას. მაგრამ დრო იცვლებოდა, ახალგაზრდებს საკუთარი შრომით ნაშოვნი ფული უჩნდებოდათ და უკვე სრულ მზადყოფნაში იყვნენ კარსმომდგარი ამბოხისთვის.

7. Yma Sumac - Chuncho (1953)

იმა სუმაკი პერუელი შემსრულებელია. როგორც დადასტურდა, ინკების იმპერატორის შთამომავალი. ანდების მთებში გაიზარდა და ბავშვობიდანვე ბაძავდა ბუნების ხმებს. ვოკალის იშვიათი დიაპაზონიც ჰქონდა - ხუთი ოქტავა. 40-იანების ბოლოს აშშ-ში გადასახლდა და სრული ფურორიც მოახდინა. ამერიკული შოუბიზნესი ყველანაირად ცდილობდა მის საოპერო დივად გადაქცევას, ანდაც ჰოლივუდურ თუ პოპ სტანდარტებთან მორგებას, მაგრამ ამაოდ.

პირობითად, სუმაკის ვოკალი სოპრანოდ აღიქმება, მაგრამ მისი უნარები, მყისიერი გადასვლა დაბალი ტონალობიდან მაღალში და გაორებული ვოკალური ტექნიკა, მართლაც რომ გამაოგნებელია. საკუთარ სიმღერებში ის წინაპართა სულებს ესაუბრება, ფლორა-ფაუნის საიდუმლოებებს წვდება და ნამდვილ შამანად გველინება. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს ამ კომპოზიციაშიც, რომლის სათაურიც ინკების ენაზე "ტყის ქმნილებებს" ნიშნავს. მართლაც უნიკალური აკუსტიკური ნაკადია, საოცრად მისტიკური, ინდიელების უძველესი კულტურით ნაკვები. იმა სუმაკი დღეს რომ გამოჩენილიყო, მაინც ფენომენი გახდებოდა და ისეთ ექსტრაორდინალურ მოვლენად გადაიქცეოდა, რომლის ბადალი სამყაროში ძნელად თუ მოიპოვება.

6. The Chordettes - Mr. Sandman (1954)

ამ წელს უკვე იწერება როკ-ენ-როლის პირველი სტანდარტები. მეც სიაში ერთ-ერთის ჩასმას ვფიქრობდი, მაგრამ ბოლოს საპირისპირო გზით წავედი და შევარჩიე კომპოზიცია, რომელიც ჩემი აზრით, უკვე წარმავალი ამერიკული პოპულარული მუსიკის სიმბოლოა. აქ მკაფიოდ ჩანს, რომ ხარისხიანი პაპსისთვის საჭიროა მხოლოდ ეფექტური, სენტიმენტალური მელოდია, მიამიტური ტექსტი და ყოჩაღი პროდუსერი. პაპსა სერიოზულად არაფერზე უნდა აპელირებდეს და საერთოდ უწონად მდგომარეობაში უნდა იყოს. სწორედ მაშინ იქცევა ის საერთო სახალხო საკუთრებად და შედევრად. ყველაფერი ამის მიღმა არის მწვალებლობა, სადომაზოხიზმი და მსმენელის დაგოიმების მცდელობა.

უდარდელი და ლაღი 50-იანები პაპსისთვისაც იდეალური ეპოქა იყო. რა თქმა უნდა, თავხედი და უტიფარი როკ-ენ-როლი პირველივე დღიდან ცდილობდა მის გარყვნას და გაბახებას, მაგრამ, როგორც ისტორიამ გვაჩვენა, ეს ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა და ვერც ვერასდროს შეძლებს. ის რომ ეს სიმღერა დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, სწორედ ამის დასტურია. ისე კი, იქიდან გამომდინარე, რომ მას უმთავრესად საშინელებათა ფილმებსა თუ ათასი ჯურის მანიაკებზე გადაღებულ სურათებში იყენებენ საუნდტრეკად, ჯერ კიდევ საკითხავია, რა უფრო სახიფათოა, უბიწო და მიამიტური პაპსა, თუ უზნეო როკ-ენ-როლი.

5. The Platters - Only You (And You Alone) (1955)

სწორედ ამ წელს დაიწყო როკ-ენ-როლმა თავისი ძლევამოსილი სვლა ჩარტებში, მაგრამ სწორედ The Platters-ის ეს დუ-ვოპ სიმღერა გახდა 1955-ის მთავარი ჰიტი. დუ-ვოპი ვოკალური ჟანრია. მას უმთავრესად შავკანიანი არტისტები ასრულებენ, სოლისტიც აუცილებელია. დუ-ვოპში მთავარი მელოდიაა, ამიტომაც არ არის ისეთი სწრაფი და აგრესიული, როგორიც სუფთა როკ-ენ-როლი, თუმცა მკაფიო რიტმ-ენდ-ბლუზური რიტმი მასშიც დომინირებს. სწორედ ასეთია ეს კომპოზიციაც, რომელიც ყველამ იცის, ყველას მოსმენილი აქვს და ყველას უყვარს.

ბევრისთვის სწორედ ეს სიმღერაა 50-იანების სიმბოლო, თუნდაც იმიტომ, რომ როკ-ენ- როლის ადრეული ნიმუშებისგან განსხვავებით, არასდროს ცვდება. ისეთი სტანდარტია, რომელსაც ვოკალური ბენდები ვერასდროს გადაახტებიან. ასეთი კომპოზიციებს ეპოქა ქმნის, 50-იანების ამერიკა კი განსაკუთრებული ეპოქაა, იმედებისა და პოზიტივიზმის ეპოქა, როცა ცხოვრება ყველას უხაროდა. სხვათა შორის, პირველი თაობის ამერიკელი ალტერნატივშიკ-ექსპერიმენტატორები (ლუ რიდი, ფრენკ ზაპა და სხვები) სწორედ დუ ვოპზე გიჟდებოდნენ და არა ელვისზე, ანდაც ჩაკ ბერიზე. ამ სიმღერიდან გამომდინარე, გასაგებია რატომაც.

4. Bill Haley & His Comets - Rip It Up (1956)

რა თქმა უნდა, ეს არ არის ამ წლის საუკეთესო სიმღერა. 1956-ში უამრავი ისეთი შედევრი ჩაიწერა, რომელსაც ეს კომპოზიცია ხარისხით ოდნავადაც კი ვერ მიუახლოვდება. ბოლო-ბოლო ეს წელი ელვისის წელია, რადგან სწორედ 1956-ში აკურთხეს ის როკ-ენ-როლის მეფედ. სამაგიეროდ, ამ სიმღერას ისეთი ვიზუალი აქვს, რომელიც იდეალურად ასახავს ეპოქის მაჯისცემას და მის კულმინაციას. გაცილებით უფრო დამაჯერებლად, ვიდრე ნებისმიერი კომენტარი თუ დისერტაცია.

ამ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ამერიკა ვეღარასდროს იქნება ისეთივე ძველმოდური და პურიტანული, როგორიც მანამდე. ამას ახალი თაობა აღარ დაუშვებს. მას უკვე გააჩნია საკუთარი კულტურული მონაპოვარი, ახალგაზრდული და პროგრესული, რომელსაც ყოველთვის კბილებით დაიცავს. ეს არის ფრაგმენტი ფილმიდან, რომელშიც სწორედ ამ სიმღერის ფონზე ცეკვავენ. მხოლოდ ცეკვავენ, მაგრამ სწორედ ამ ცეკვაშია ნამდვილი რევოლუცია. ასეთი დრაივი და სექსუალობა მე არცერთ სხვა ცეკვაში არ მინახავს. პრინციპში, როკ-ენ-როლი თავიდან სწორედ რიტმ-ენდ-ბლუზის ბითზე აგებულ საცეკვაო ჟანრად აღიქმებოდა და სწორედ ეს ველური როკვა იყო საგონებელში რომ ჩააგდო FBI-ის შეფი, ედგარ ჰუვერი როკ-ენ-როლი კომუნიზმზე სახიფათოაო, რომ თქვა. და თუ რატომ თქვა, ამას ამ კადრების ყურებისას მიხვდებით.

3. Buddy Holly & The Crickets - Peggy Sue (1957)

ბადი ჰოლიმ უზარმაზარი გავლენა მოახდინა სწორედ ბრიტანულ როკ-ენ-როლზე. მის მუსიკაში აშკარად იგრძნობა პოპ სენსიტიურობა, აქცენტი კეთდება არა აგრესიულობაზე და სიხისტეზე, არამედ ლირიკულობაზე და გიტარის ისეთ ჟღერადობაზე, რომელიც ხშირად ქვის ხანის ინდი პოპსაც კი წააგავს. შეიძლება ისიც ითქვას, რომ მან შექმნა ახალი, არაამერიკული ტიპის ლუზერი როკ- გმირის სახე, საკუთარი სიმორცხვის კომპენსირებას მახვილგონივრულობითა და ელეგანტურობით რომ ახერხებს.

პეგი სიუ რეალური პიროვნებაა. ის ბენდის დრამერის მეგობარი გოგონა იყო. ალბათ, ამიტომაცაა სიმღერის აკუსტიკურ ეპიცენტრში დასარტყამი ინსტრიმენტები, რომლებიც მართლაც რომ ფანსტასტიკურად ჟღერს. ასეთი ორიგინალური და ეშმაკურად მოხტუნავე დრამის პარტია დღესაც კი იშვიათობაა. ეტყობა, საკუთარმა ცხოვრების ისტორიამ უკარნახა, რა უნდა დაეკრა და როგორ. სიმღერაც საკმაოდ ირონიული და დაუძაბავია, თითქოს მის მთავარ გმირს უხარია კიდეც, რომ, როგორც იქნა შეყვარებულმა მიატოვა. სამწუხაროდ, ბადი ჰოლი სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის ასაკში დაიღუპა ავიაკატასტროფაში, 1959 წლის 3 თებერვალს. "დღე, როდესაც მუსიკა მოკვდა" - სწორედ ასე გამოეხმაურა დონ მაკლინი ამ ტრაგიკულ მოვლენას თავის ჰიტში Аmerican Pie.

2. Link Wray - Rumble (1958)

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ ინსტრუმენტულმა ტრეკმა მოკლა როკ-ენ-როლის პირველადი ფორმა და შექმნა ახალი, უკვე როკად წოდებული მუსიკა. სწორედ აქ გაისმის პირველად გადატვირთული გიტარის ფაუერ აკორდები, ფიდბექი და დისთორშენი. თეორიულად ესეც რიტმ-ენდ-ბლუზია, მაგრამ უკვე აფროამერიკულ ორბიტას მოწყვეტილი. მკვლევრები იმასაც კი აცხადებენ, რომ ამ კომპოზიციის ნარატივი, საუნდ დეფორმაცია და ვიბრატოც კი უშუალოდ ეხმიანება ინდიელების ფოლკლორულ-შამანურ მუსიკალურ ტრადიციებს. ლინკ რეიც ხომ ინდიელი იყო, რეზერვაციაში ცხოვრობდა და ალბათ, ამიტომ.

ეს ჩანაწერი სტუდიური ექსპერიმენტების გზით არაა მიღებული. ლინკ რეი მას ჯერ კიდევ 1956 წელს ასრულებდა და ჟღერადობაც სრულიად სპონტანურად, ინტუიტიურად მიიღო. მისი რელიზიც შემთხვევით მოხდა. რომელიღაც ლეიბლის მეპატრონის ქალიშვილმა მოისმინა თურმე სადღაც და მყისვე ხულიგნური საქმის გარჩევის სცენა ამოუტივტივდა თავში მიუზიკლიდან "ვესტსაიდური ისტორია". სახელწოდებაც მას მოსვლია თავში, rumble ჟარგონზე ბანდებს შორის ხელჩართულ დაპირისპირებას ნიშნავს. კომპოზიციის რადიოში გაჟღერება გამოსვლისთანავე აკრძალეს, მოზარდებში აგრესიას ახალისებსო და იმიტომ. ეს ერთადერთი შემთხვევაა მუსიკის ისტორიაში, როდესაც ცენზურამ ამ მიზეზით ტექსტის არმქონე, ინსტრუმენტული ტრეკი დაბლოკა. ალბათ, ამიტომაც გააყოლა კვენტინ ტარანტინომ ის წითელ ხაზად თავის "მაკულატურას".

1. Raymond Scott - Cindy Electronium (1959)

არანაირი მუსიკალური კომპოზიცია ეს არ არის, არც თავი აქვს და არც ბოლო. უბრალოდ, სტუდიური საუნდ ექსპერიმენტია, რომელიც სკოტის არქივებში იყო შემორჩენილი და მხოლოდ 2000 წელს, სხვა ანალოგიურ ჩანაწერებთან ერთად იხილა მზის სინათლე.

რეიმონდ სკოტი ჯაზმენი იყო, ბენდლიდერი და კომპოზიტორი, 40-იანების მიწურულს აკადემიურ ავანგარდში მიმდინარე ექსპერიმენტების გავლენით დაიწყო ელექტრონული ჟღერადობის მიღება და კვლევა. მისი მიზანი ელექტრონული მელოდიური ფრაზების ჩაწერა იყო, რომლებსაც მერე სარეკლამო რგოლების მწარმოებლებზე გაყიდდა. მალე ამ საქმიანობამ ისე გაიტაცა, რომ ნამდვილ ნოვატორ გამომგონებლად იქცა ბგერის ელექტრონული სინთეზირებისა და მოდულაციის დარგში. უკვე 1948 წელს ქმნის მანქანას, რომელიც სხვადასხვა ხმის (მაგ. ტაფაზე სტეიკის შიშხინის) ელექტრონულ იმიტაციას ახდენს. შემდეგ აწყობს პირველ ელექტრომექანიკურ სეკვენსერს, რომელსაც ავტომატურ რეჟიმში წინასწარ ჩაწერილი ბგერების თანმიმდევრული გაჟღერება შეუძლია. ბოლოს კი, ქმნის "ელექტრონიუმს", რომელიც ფაქტობრივად პირველი მიდი სინთეზატორია, სემპლებითა და რესეთებით გაჯერებული. სწორედ მისი საშუალებითაა ჩაწერილი ეს ტრეკიც. საინტერესოა, რომ აქ ვერ ვხვდებით აპელირებას უკვე არსებულ მუსიკალურ ჟანრებზე - არც ჯაზზე, არც პოპზე, არც კლასიკაზე. რეიმონდ სკოტი სხვა მუსიკას ეძებდა, ელექტრონული ჟღერადობის შესაბამისს და თუ რა იპოვა, ამას უკვე სხვა დროს მოვყვები, სხვა ათეულის თემაა და იმიტომ.


0. Martin Denny - Quite Village (1959)

ეს ინსტრუმენტული კომპოზიცია პირველად 1951 წელს ჩაწერა მისმა ავტორმა, ლეს ბაქსტერმა, 1955-ში კი მარტინ დენიმ და მისმა ორკესტრმა ერთ-ერთ კლუბში გამოსვლისას მსმენელს მისი უცნაური ვერსია შესთავაზეს. შესრულებისას მუსიკოსები ბაყაყების, ჩიტებისა და სხვა ცხოველების ხმებს იმიტირებდნენ, რამაც პუბლიკის აღტაცება გამოიწვია. კიდევ ორი წლის შემდეგ კი, დენიმ ნაწარმოები ჰავაური და ცენტრალური ამერიკის მუსიკალური ელემენტებით გაამდიდრა, ჰიპნოტური განწყობით გააჯერა და ისე ჩაწერა. ასე მოევლინა სამყაროს ახალი ჟანრი "ეგზოტიკა", ანდაც "ტიკი", როგორც მას მაშინ შემოკლებით უწოდეს.

აშკარაა, რომ ტიკი ინსტრუმენტულ პოპ მუსიკაში განსხვავებული ეთნიკური გავლენების ინტეგრირების პირველი სერიოზული მცდელობაა. თანამედროვე ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ეს კომპოზიცია ეგზოტიკური ლაუნჯივით ჟღერს და საკმაოდ ეფექტურადაც. და კიდევ, 1957 წლის ჩანაწერი მონოა, 1959-ის კი სტერეო, რითაც მარტინ დენიმ ერთ-ერთმა პირველმა დაუმტკიცა ყველას მონოსთან შედარებით სტერეო საუნდის აშკარა უპირატესობა. ასე რომ, 50-იანების სია ამ ტრეკის გარეშე ნამდვილად არასრულყოფილი გამოვიდოდა. მის კურიოზულ, 0 პოზიციაზე გაყვანის გამოც სინდისის ქეჯნას არ ვგრძნობ, ასეთი "წყნარი სოფელი" დღესაც კი იშვიათი მოსაძებნია.

60-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

70-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

80-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

90-იანების 10+1 საუკეთესო სიმღერა წლების მიხედვით

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული