Thumbnail
ფოტო: მარიამ გიუნაშვილი

2018 წლის 12 მაისს გამთენიისას პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის შესვლა "ბასიანსა“ და კაფე "გალერეაში“ მოქალაქეებმა ორდღიანი აქციით გააპროტესტეს. პარლამენტის წინ შეკრებილ ათასობით ადამიანს, ქართველ დიჯეებთან ერთად, ის მუსიკოსებიც შეუერთდნენ, რომლებიც თბილისის კლუბებში დასაკრავად ქვეყნის დედაქალაქს სტუმრობდნენ. მათ შორის იყვნენ ცნობილი გერმანული ლეიბლის Giegling წამყვანი არტისტები DJ Dustin, ATEQ და Sa Pa, ასევე Vincent Neumann და კლუბ "ხიდის" რეზიდენტი Phase Fatale.  

ნახეთ სრული ფლეილისტი 

ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენაზე მსგავსი მასშტაბის მოვლენა ბოლოს 1990-იანი წლების ბრიტანეთში მოხდა. მაშინ ხელისუფლების მხრიდან თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე გამართული რეივი ათწლეულების შემდეგ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განმეორდა.

რეივი თავისუფლებისთვის პარლამენტის შენობის წინ

გთავაზობთ აქციაზე "ჩვენი თავისუფლებისთვის" ორი დღის განმავლობაში შესრულებულ 10 საუკეთესო კომპოზიციას. 

10. Prime Minister of Doom - Deep In Your Heart  

პირველ დღეს აქციის მუსიკალური ნაწილის წინამძღოლობა Giegling-ის დამფუძნებლებმა ითავეს. სწორედ მათ გააჟღერეს თავიანთი მეგობრისა და ლეიბლის გამორჩეული წევრის, Traumprinz-ის მიერ 2018 წელს, ახალი პროექტის ფარგლებში გამოშვებული ეს ტრეკი. 

9. Chromatics – Shadow (Kettenkarussell unreleased mix)

ამერიკული ელექტრონული კოლექტივის ამ სიმღერას წესით კარგად უნდა იცნობდნენ დევიდ ლინჩისა და მისი საკულტო სერიალის Twin Peaks-ის თაყვანისმცემლები. ტრეკის დღემდე გამოუცემელი რემიქსი კი, რომელიც Giegling-ის წევრ დუეტს Kettenkarussell ეკუთვნის, პირველად ამავე ლეიბლის ერთ-ერთი არტისტის Konstantin-ის სეტში გამოჩნდა. 

8. Floorplan - We Magnify His Name

რობერტ ჰუდის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გამოცემული ტრეკი აქციაზე, სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ გაჟღერდა. ორგანიზატორებმა მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად მუსიკის დროებით გათიშვა სწორედ მაშინ მოითხოვეს, როდესაც ამ კომპოზიციას უკრავდნენ.

 

7. Ontal – Reverting

2015 წელს გამოსული ეს ინდასტრიალ ტექნო ტრეკი Phase Fatale-მა აქციის პირველ დღეს, შებინდებისას დაუკრა. კომპოზიცია იდეალურად მიესადაგა რუსთაველის გამზირზე არსებულ ატმოსფეროს და ახალი ენერგია შესძინა წვიმის ქვეშ მოცეკვავე სამოქალაქო აქტივისტებს. 

6. Traumprinz – Freedom

თანამედროვე ელექტრონული მუსიკალური სცენის გამორჩეული არტისტის კიდევ ერთი კომპოზიცია სახელწოდებით "თავისუფლება" ზედმიწევნით მიესადაგა აქციის მიზანს - ბრძოლას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. 

5. Anthony Rother – Youth

პარლამენტის წინ შეკრებილი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ახალ თაობას წარმოადგენდა. ალბათ, სწორედ ამის გამო დაუკრეს აქციის მეორე დღეს "ბასიანის" რეზიდენტმა ქართველმა დიჯეებმა Zitto-მ და NDRX-მა ვეტერანი გერმანელი პროდიუსერის ტრეკი სახელწოდებით "ახალგაზრდობა“. 

4. Ricardo Villalobos – Heike (Mood Mix)

ამ არტისტის ტრეკის გაჟღერება თავისუფლების დასაცავად გამართულ აქციაზე ძალზე სიმბოლური იყო. რიკარდო ჩილეში დაიბადა და მის ოჯახს პინოჩეტის რეჟიმისგან თავის დასაღწევად ქვეყნის დატოვება და გერმანიაში ემიგრაცია მოუწია. 

3. DA HOOL - Meet Her At The Love Parade

გერმანელი პროდიუსერის სადებიუტო ალბომში შესული ეს ტექ ჰაუს ტრეკიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. რუსთაველის გამზირზე ჩატარებული აქცია ხომ მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის აღლუმი იყო. 

2. Age of Love – The Age of Love (Jam and Spoon Mix)

ამ პოპულარულ ტექნო ტრანს კომპოზიციაში გამოყენებული ვოკალის სემპლი პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ საზოგადოებას ცეკვისკენ მოუწოდებდა. თუმცა, აქტივისტები, რომელთაც ხელში Let Me Dance და We Dance Together, We Fight Together წარწერიანი პლაკატები ეჭირათ, დამატებით მოტივაციას ნამდვილად არ საჭიროებდნენ. 

1. DJ Metatron – Oh Ah

ამ ტრეკის გაჟღერებისას ნათელი გახდა, რომ შეკრება გასცდა რიგითი საპროტესტო აქციის ფარგლებს. ცეკვამ თავისუფლებისთვის რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ-კულტურული დატვირთვა შესძინა. ეს განცდა სწორედ მეტატრონის კომპოზიციამ გააჩინა და ამიტომაც იქცა ის ორივე დღის მთავარ საუნდტრეკად. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული