Thumbnail

Cardi B-ისა და Normani-ს კლიპს Wild Side კრიტიკა მოჰყვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა არენბი შემსრულებელმა, ნორმანი ჰამილტონმა და პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ 16 ივლისს ახალი კომპოზიცია Wild Side და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ვიდეორგოლს ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მათ მუსიკოსები ე.წ. Queerbaiting-ში დაადანაშაულეს, რაც ერთგვარი მარკეტინგული ხერხია და ხელოვანის მიერ საკუთარ ნამუშევარში ისეთი სცენების გამოყენებას გულისხმობს, რომელიც ჰომოსექსუალურ კონტექტში შეიძლება, იქნას განხილული, თუმცა, მხოლოდ ინტერპრეტაციის დონეზე. როგორც წესი, ამგვარი ნამუშევრები ლგბტქ+ აუდიტორიის ყურადღების მოპოვებას ისახავს მიზნად.

ნახეთ: Cardi B კრიტიკოსებს მიმართავს

ქარდიმ ტვიტერზე ჟურნალ Rolling Stone-ის სტატია გააზიარა, რომელიც ამ თემას ეხებოდა და თავს უყრიდა ყველა იმ მუსიკოსს, რომელსაც ბოლო პერიოდში ე.წ. ქვიარბეითინგში დასდეს ბრალი. ყველაზე ბოლოს მსგავსი კრიტიკა სწორედ სიმღერაზე Wild Side გადაღებულ კლიპს ხვდა წილად.

"ქვიარბეითინგი, არა? ხვდებით, რომ კლიპში ჩემი მუცლის დამალვას ვცდილობდით? ამასთან, მე კი კაცზე ვარ დაქორწინებული, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მისაუბრია ჩემს ბისექსუალობასა და გოგონებთან ურთიერთობის გამოცდილებაზე. უცებ ეს სიტყვა ტრენდული გახდა და ხალხი მას უსაფუძვლოდ იყენებს", - დაწერა ქარდიმ, რომელიც კლიპის გადაღებისას უკვე იყო ორსულად.

მოგვიანებით რეპერმა კიდევ ერთი ტვიტი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს ტერმინი მისთვის მიუღებელია:

"არ მომწონს სიტყვა ქვიარბეითინგი. მგონია, რომ ის არტისტს აიძულებს, თავის სექსუალურ იდენტობაზე ან თავის განცდებზე საჯაროდ ილაპარაკოს იმ შემთხვევაშიც, თუ ამაზე საუბარი დისკომფორტს უქმნის. თუ ხელოვანი კლიპში გოგოს კოცნის, ეს ნიშნავს, რომ მან სხვა ქალებთან ჩაწერილი ვიდეოები და მესიჯები უნდა გამოაქვეყნოს მტკიცებულებად?".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქარდი მსგავსი კრიტიკის ობიექტი ხდება. 2018 წელს, მას შემდეგ, რაც მან, რიტა ორამ, ბიბი რექსამ და Charli XCX-მა კომპოზიცია Girls გაავრცელეს, ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენელმა არაერთმა არტისტმა, მათ შორის, Kehlani-მ და Hayley Kiyoko-მ ჩანაწერს "საზიანო" უწოდეს და აღნიშნეს, რომ მასში ბისექსუალობა პირადი ინტერესებისთვის გამოიყენეს.

"ჩვენი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება, ან დაძაბულობის შემოტანა. პირადად მე მქონია ქალებთან ურთიერთობის გამოცდილება, თანაც ბევრთან. ვფიქრობდი, რომ ეს კარგი კომპოზიცია იყო. დიახ, მე მახსოვს ჩემი თავგადასავლები", - წერდა მაშინ ქარდი.

Cardi B: ქალი რეპერებით მუდმივად უკმაყოფილოები არიან

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული