Thumbnail

მარკ რონსონი: ვნანობ, როგორც ვექცეოდი ემი უაინჰაუსს, როცა მძიმე მდგომარეობაში იყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გავლენიანმა პროდიუსერმა, მარკ რონსონმა გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ცნობილ ბრიტანელ მუსიკოს ემი უაინჰაუსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ცნობისთვის, რონსონმა არტისტის რიგით მეორე, უკანასკნელი სტუდიური ალბომის Back To Black პროდიუსინგზე იმუშავა. მარკის თქმით, ნანობს, რომ მომღერალთან მეტი პრინციპულობა არ გამოიჩინა, როდესაც ამ უკანასკნელს ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან უწევდა გამკლავება.

ემი უაინჰაუსის მეგობრის პირველი ინტერვიუ: ის ნორმალურ ცხოვრებას ნატრობდა

"არ ვარ დარწმუნებული, რომ მომწონდა ჩემი დამოკიდებულება მასთან მიმართებით. ვისურვებდი, რომ უფრო თამამი და მებრძოლი ვყოფილიყავი, როცა საქმე მის ალკოდამოკიდებულებას ეხებოდა. თუმცა, მე ასეთი პოზიცია დავიჭირე - თავად გაართმევს თავს, ეს ხომ ერთხელ უკვე გააკეთა-მეთქი", - ამბობს რონსონი.

მარკ რონსონი და ემი უაინჰაუსი

ცნობისთვის, 2008 წელს უაინჰაუსმა რეაბილიტაციის კურსი გაიარა, თუმცა, ალკოჰოლის მიღება მაინც გააგრძელა. მუსიკოსი 2011 წლის 23 ივლისს, 27 წლის ასაკში, ალკოჰოლით ინტოქსიკაციას ემსხვერპლა.

რატომ არ სურდა ემი უაინჰაუსს ალბომში Back To Black სიმებიანი საკრავების გამოყენება

Back To Black, რომელზეც, როგორც აღინიშნა, მარკ რონსონმაც იმუშავა, იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე არტისტის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Frank. უაინჰაუსის რიგით მეორე ალბომს ხუთი გრემი ხვდა წილად. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მასში შესულმა სიმღერებმა: You Know I'm No Good, Back To Black, Rehab და Tears Dry On Their Own. მას შემდეგ ემის სტუდიური ნამუშევარი აღარ გამოუშვია. უაინჰაუსის სიკვდილის შემდეგ, მისმა ლეიბლმა Island Records კომპილაციური ალბომი Lioness: Hidden Treasures გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული