Thumbnail

The Beatles-ის სიმღერა, რომელიც არაფხიზელმა ჯონ ლენონმა შექმნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის წევრი, ჯონ ლენონი მნიშვნელოვან დროს უთმობდა კოლექტივის კომპოზიციებზე მუშაობას, თუმცა, ხშირად იყო შემთხვევები, როცა მელოდია ან ტექსტი დიდი ძალისხმევის გარეშე გაუელვებდა ხოლმე გონებაში. მაგალითად, კომპოზიციას Rain, რომელიც ჯგუფის მეშვიდე ალბომზე Revolver მუშაობისას ჩაიწერა, ლენონმა სრულიად შემთხვევით მისცა დასრულებული სახე.

ჯონ ლენონის ალბომი, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე დეპრესიული იყო

"მას შემდეგ, რაც დილის ოთხი-ხუთი საათისთვის ამ კონკრეტული სიმღერის სესია დავასრულეთ, შინ კასეტა გავიყოლე, რათა მენახა, კიდევ რის გაკეთება შეიძლებოდა. ძალიან დაღლილი ვიყავი, ხომ გესმით, თვითონაც რომ ვერ აცნობიერებ, რას აკეთებ. ამ დროს, შემთხვევით, მაგნიტოფონზე კომპოზიცია უკუღმა დავატრიალე და ეს ვარიანტი უფრო მომეწონა. სულ ეს არის", - იხსენებდა ჯონი.

პლატფორმა Wikipedia-ის თანახმად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პოპ ჩანაწერში შებრუნებული მელოდია გაჟღერდა. თუმცა, ლენონის მონათხრობისგან განსხვავებით, ხსენებული ტექნიკის გამოყენებას საკუთარ თავს მიაწერდა "ბითლზის" მეხუთე წევრად წოდებული პროდიუსერი, ჯორჯ მარტინი.

"კასეტებზე მუდმივად ექსპერიმენტებს ვატარებდი, ჩავთვალე, რომ ჯონის ხმაზე რაიმე უჩვეულო ტექნიკის გამოყენება კარგი იქნებოდა. ამ დროს ის ჩემ გვერდით არ იყო, მაგრამ, როდესაც დაბრუნდა, შედეგმა აღაფრთოვანა", - ამბობდა ის.

ჯონ ლენონის მეგობარი იხსენებს, რატომ აფრთხობდა ხალხს მუსიკოსი

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ემერიკმა, რომელიც ამ სესიებზე ხმის ინჟინერი იყო, ლენონის ვერსია დაადასტურა. მოგვიანებით, 1980 წელს, ჯონმა გაამხილა, რომ სიმღერაზე მუშაობისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"სტუდიიდან შინ დავბრუნდი, მარიხუანით ვიყავი გაბრუებული. ჩვეულებისამებრ იმ ჩანაწერს მოვუსმინე, რომელზეც დღის განმავლობაში ვიმუშავე. როგორღაც ის უკნიდან წინ დავატრიალე და გაშეშებული ყურსასმენში ვუსმენდი შედეგს ჰაშიშიანი ჯოინთით ხელში. მეორე დღეს სტუდიაში გავიქეცი და ვთქვი - ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ, მოუსმინეთ ამას-მეთქი. ეს ღმერთის საჩუქარი იყო, მარიხუანის ღმერთის", - ამბობდა ჯონი.

Rain 1966 წლის 30 მაისს გავრცელდა, როგორც სინგლის Paperback Writer ბისაიდი. ორივე ტრეკი Revolver-ის სესიების დროს ჩაიწერა, თუმცა, ალბომში ვერცერთი მოხვდა.

ცნობილი ადამიანი, რომლისთვისაც ჯონ ლენონმა Come Together დაწერა

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული